სტუდენტებისთვის Kingston Technology-ს წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაატარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტებს, კომპიუტერული მეხსიერებების მწარმოებელი, ცნობილი ამერიკული კორპორაცია Kingston Technology-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა მასტერკლასი ჩაუტარეს.
მასტერკლასს, რომელიც სტუ-ის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში გაიმართა, სტუდენტებთან ერთად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე და ლაბორატორიული კომპლექსის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ფაკულტეტის დეკანის, თალიკო ჟვანიას შეფასებით, Kingston Technology-ის მასტერკლასი მრავალმხრივ საინტერესო და ინფორმაციული იყო სტუდენტებისთვის.

„ცნობილი ამერიკული კორპორაცია Kingston Technology ერთ-ერთია საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც აწარმოებს და ავითარებს კომპიუტერულ მეხსიერებათა ინოვაციურ პროდუქტებს. მასტერკლასი მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვის.
ახალგაზრდებმა Kingston Technology-ის წარმომადგენლებისგან მიიღეს აქტუალური ინფორმაცია კომპიუტერული მოწყობილობების და ფლეშ მეხსიერების, მათი ტიპებისა და გამოყენების საჭიროებების თაობაზე, შეიტყვეს საინტერესო ფაქტები ოპერატიული მეხსიერების განვითარების ისტორიიდან.
ისინი უშუალოდ ჩაერთნენ კომპიუტერული მოწყობილობების გაძლიერების და მეხსიერებით აღჭურვის პრაქტიკულ პროცესში. აღსანიშნავია, რომ, მასტერკლასის ფარგლებში, Kingston-მა ფაკულტეტს საჩუქრად გადასცა ოპერატიული და სწრაფი SSD მეხსიერებები, რომელთა მეშვეობით რამდენიმე სასწავლო კომპიუტერი გაძლიერდა“, – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.
ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ჩხაიძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასავითარებლად, ასევე, ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტს შორის კოლაბორაციის გასააქტიურებლად.
„ეს პირველი მასტერკლასი იყო „კინგსტონისგან“, რაც, ვფიქრობთ, მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის საწინდარია. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოქმედ სხვა მსხვილ კომპანიებთანაც გაგრძელდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასტერკლასის პროცესში სტუდენტებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის დამყარებული უშუალო კომუნიკაცია ზრდის ახალგაზრდების ინტერესს, მოტივაციას და პროფესიულ ცოდნას“, – აღნიშნა მარიამ ჩხაიძემ.
მასტერკლასის ფარგლებში, Kingston Technology-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის სახალისო პრიზებიც გაათამაშეს, ღონისძიების დასასრულს კი, ახალგაზრდების თანხლებით, სტუ-ის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი და ელექტრონიკის მუზეუმი დაათვალიერეს.
მსგავსი
სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...