„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების კონკურსი“ სტუ-ში


„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებში ინოვაციურ, შემოქმედებით და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და გლობალური კონკურენცია სწრაფი ტემპით ვითარდება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთ მთავარი ამოცანა სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც მათ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას, კრიტიკულ აზროვნებას და რეალურ პროფესიულ უნარებს შესძენს“, – ამის შესახებ სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინოვაციების კონკურსის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

საერთაშორისო კონკურსი, რომელიც სტუდენტებში სამეწარმეო და ინოვაციური აზროვნების სტიმულირებას, გამოცდილების გაზიარებასა და შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება, Erasmus+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის პროექტის -„ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24: Learn – Innovate – Sell – Succeed) სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა. საავტორო ინოვაციური პროექტების პრეზენტაციებით სტუ-ის სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ახალგაზრდებიც წარდგნენ.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, კონკურსში ასევე ჩაერთნენ პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების გუნდები სომხეთიდან. როგორც ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აცხადებს, კონკურსის მონაწილეებმა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ინოვაციური იდეები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრად განვითარებას ეხებოდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ LISS24-ის ფარგლებში ახალგაზრდები ერთვებიან მულტიკულტურულ საერთაშორისო თანამშრომლობაში – თავიანთ იდეებს ფართო აკადემიურ აუდიტორიას, საერთაშორისო ექსპერტებსა და პოტენციურ პარტნიორებს წარუდგენენ. სწორედ ამ პროცესში იძენენ ახალგაზრდები მნიშვნელოვან გამოცდილებას პროექტების მართვის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პროფესიული პრეზენტაციის მიმართულებით, ეს კი, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და მნიშვნელოვნად აფართოებს სამომავლო პერსპექტივას. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ განსხვავებული გამოცდილება, გაეცნონ თანამედროვე საგანმანათლებლო მოდელებსა და ტექნოლოგიურ ტენდენციებს, რაც საბოლოო ჯამში ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. ამავდროულად, მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების პროცესზეც, რადგან საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ცოდნის, კვლევითი გამოცდილებისა და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებას“.

  – ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია

სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, პროექტი LISS24 ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის აკადემიური და კვლევითი კოლაბორაციების გაღრმავებას.

„საერთაშორისო კონკურსი სტუდენტებსა და ახალგაზრდა ინოვატორებს შესაძლებლობას უქმნის განავითარონ ორიგინალური სტარტაპ იდეები, პრაქტიკაში გამოსცადონ ინოვაციური ხედვები და საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. მსგავსი ფორმატის ღონისძიებები განსაკუთრებულად კარგად მუშაობს თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში და ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის, კრეატიული აზროვნებისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას. მსგავსი თანამშრომლობა სტუდენტებისთვის არა მხოლოდ ინდივიდუალური პროფესიული განვითარების საფუძველს ქმნის, არამედ ხელს უწყობს რეგიონში ერთიანი ინოვაციური და კვლევითი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თანადგომით – მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს რეგიონული და საერთაშორისო ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ახალი თაობის პროფესიონალთა ინტელექტუალური პოტენციალია. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს მისცემს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთონ თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესებში, განავითარონ კვლევითი და პრაქტიკული უნარები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნისა და რეგიონის მდგრად განვითარებაში“.

  – პროფესორი თამარ წერეთელი

სტუ-ში გამართული საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ, რომელიც ევროპული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, სტუდენტთა პრეზენტაციები აქტუალობის, ინოვაციურობისა და პრაქტიკული გამოყენებადობის მიხედვით შეაფასა და გამარჯვებულები გამოვლინა. გამარჯვებულ კონკურსანტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


Related

Support

Why are you writing to us?