სტუ-ის წარმომადგენლებმა ტაშკენტში გამართულ GreenEngine Erasmus+ CBHE პროექტის საწყის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ Erasmus+ CBHE პროექტის – „კრეატიული საინჟინრო განათლების ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“ (GreenEngine) –  საწყის (Kick-off) შეხვედრაში   მონაწილეობა მიიღო. 

GreenEngine-ის საწყის შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში,  INNO ტექნოპარკში გაიმართა,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა ედუარდ დემეტრაშვილმა წარადგინეს. 

პროექტი GreenEngine საინჟინრო განათლების მოდერნიზებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მწვანე ინჟინერიის, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და კრეატიული მიდგომების ინტეგრირებას.

ღონისძიებამ ერთ სივრცეში შეკრიბა უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, უზბეკეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა  განიხილეს პროექტის სამუშაო გეგმები, სამოქმედო სტრატეგიები და თანამშრომლობის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ინოვაციური და გარემოსდაცვით პრინციპებზე დაფუძნებული საინჟინრო განათლების განვითარებას. 

3.png

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელი  გიორგი მიქიაშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, როგორც სამუშაო პაკეტი 2-ის – „არსებული სასწავლო პროგრამების ანალიზის განახლება და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკები“ – ლიდერმა, შეხვედრაზე წარადგინა დეტალური სამუშაო გეგმის პროექტი და გამოკითხვის ანკეტების კონცეფცია, რომლის გამოყენებაც მოხდება პარტნიორ უნივერსიტეტებში მოქმედი საინჟინრო სასწავლო პროგრამების სრულყოფილი ანალიზისთვის  – იმ მიზნით, რომ გამოავლინოს მათი სტრუქტურული თავისებურებები,  მწვანე და მდგრადი ინჟინერიის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები,  ასევე, აღმოაჩინოს ხარვეზები.

„წარდგენილი სამუშაო გეგმა ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვების, შეფასებისა და შედეგების შედარებითი ანალიზის მკაფიო ეტაპებს, რათა პროექტმა უზრუნველყოს ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების ეფექტიანი ინტეგრაცია. რაც შეეხება გამოკითხვის ანკეტების კონცეფციას, ის მიზნად ისახავს პარტნიორი ინსტიტუციების აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის მოსაზრებების სისტემატიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზების პროცესის მიზანმიმართულად დაგეგმვას. საწყისი შეხვედრის პროგრამა ასევე მოიცავდა INNO ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ფინანსური მართვის, ხარისხის უზრუნველყოფის, დისემინაციისა და მდგრადობის თემატურ სესიებს, აგრეთვე ქსელურ აქტივობებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა პროექტში –   GreenEngine ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და საინჟინრო განათლების მაქსიმალირად მიახლოებას ევროკავშირის თანამედროვე სტანდარტებთან“, – ამბობს გიორგი მიქიაშვილი. 

სესიის განმავლობაში Erasmus+ CBHE პროექტის – „კრეატიული საინჟინრო განათლების ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“ – მონაწილეებმა სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები და მათი შესრულების ვადები განსაზღვრეს.  

სტუ-მ, ADB-მ, WUR-მა და CAREC-ის ქვეყნების აგრარულმა უნივერსიტეტებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა – აზიის განვითარების ბანკთან (ADB), ვაგენინგენის უნივერსიტეტსა (ნიდერლანდები) და კვლევით ფონდთან (WUR Partnership), ასევე, CAREC-ის ქვეყნების აგრარულ უნივერსიტეტებთან ერთად – ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა.  

ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიება, რომელზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს წარმოადგენდენ აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი, ბიშკეკში შედგა. 

დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ADB-თან, WUR-თან და CAREC-ის ქვეყნების აგრარული უნივერსიტეტების ქსელთან პარტნიორობა უზრუნველყოფს მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკების საქართველოში ინტეგრაციას, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს CAREC-ის რეგიონული გამოწვევების გადაჭრაში, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების, წყლის რესურსების მართვისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით.

როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მხრივ გადადგმული კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მიმართულია კვლევითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. 

2.png

მისივე თქმით, მემორანდუმის მიზანია რეგიონული განათლების, კვლევისა და ინოვაციების პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე აგროტექნოლოგიების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური ინოვაციების განვითარებას. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განახორციელებენ ერთობლივ კვლევით პროექტებს და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლის პროგრამებს.

„ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლა ჩვენს ქვეყანასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, CAREC-ის ქვეყნების რეგიონული ქსელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი ხდება, რაც აძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს ჭკვიანი სოფლის მეურნეობის კვლევაში, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა და ამით ხელი შეუწყოს ინოვაციების შექმნა-გავრცელებას საქართველოს აგრარულ სექტორში. ჩვენი დელეგაციის ვიზიტის მიზანს ასევე წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური მონაწილეობა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტში – „მწვანე უნარების განვითარების გაძლიერება CAREC პროგრამის ფარგლებში“.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განაგრძობს რეგიონალურ ინიციატივებში აქტიურ მონაწილეობას და ქმნის საფუძველს, რომ საქართველო გახდეს მნიშვნელოვანი ჰაბი CAREC სივრცეში. საგულისხმოა, რომ ADB-ის პროექტის ფარგლებში, ვაგენინგენის უნივერსიტეტი ამზადებს შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამას, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ „ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ეხმიანება 22 ნოემბერს „TV პირველის“ ეთერში „მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ინსტიტუტის შენობის გასხვისებას და მიზნად ისახავდა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით  საზოგადოებისთვის რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი ეხმიანება 22 ნოემბერს ტელეკომპანია „TV პირველის“ გადაცემის – „ნოდარ მელაძის შაბათი “ –  სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ინსტიტუტის შენობის გასხვისებას. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ბრალდებები წარმოადგენს დეზინფორმაციას, მიკერძოებულ ინტერპრეტაციასა და ცილისწამებას, რაც არის მცდელობა არსებითად შელახოს როგორც ინსტიტუტის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეპუტაცია.

განსაკუთრებით მიუღებლია ის გარემოება, რომ სიუჟეტში ინსტიტუტის შენობის გასხვისების პროცესი დაუსაბუთებლად იქნა დაკავშირებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიერ კერძო საკუთრების შეძენასთან. ეს წარმოადგენს ცილისწამების კლასიკურ ფორმას, ფაქტების გამოგონებას და მათი საჯარო სივრცეში მიზანმიმართულად დამახინჯებით გავრცელებას. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მტკიცებულებების გარეშე გაჟღერებული მსგავსი „ბრალდება“ არის ჟურნალისტური ეთიკისა და ობიექტურობის უხეში დარღვევა, რომლითაც „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გადააბიჯა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია გავაკეთოთ განმარტება: ინსტიტუტის ყოფილი შენობა წლების განმავლობაში იყო ამორტიზებული, რის გამოც ის ვეღარ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების, სეისმური მდგრადობისა და თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის მოთხოვნებს. შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო იყო მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რისი განხორციელებაც სცდებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებს. ანალოგიურად, ფინანსური რესურსის დეფიციტის გამო ვერ ხერხდებოდა ლაბორატორიების განახლება და ტექნოლოგიური მოდერნიზაციაც. 

ამ რეალური გარემოებების გათვალისწინებით, სტრატეგიული გადაწყვეტილება შენობის გასხვისების შესახებ მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2018 წელს (დავით გურგენიძე აკადემიურმა საბჭომ რექტორად, ხოლო  კარლო კოპალიანი კანცლერად 2020 წელს აირჩია), რათა მიღებული თანხით ინსტიტუტისთვის სხვა ადგილზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე კვლევითი კომპლექსი აშენებულიყო (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის N6/1596 წერილი). 2020 წელს, დავით გურგენიძის რექტორად არჩევის შემდეგ, აკადემიურმა საბჭომ დადგენილებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრივატიზციით მიღებული თანხა სრულად უნდა მოხმარებოდა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სიუჟეტის ავტორმა, სამწუხაროდ, მხოლოდ აკადემიური საბჭოს 2020 წლის დადგენილება, ისიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი, გამოიყენა, რითაც საზოგადოებას სიმართლე დაუმალა და გამიზნულად გაავრცელა ცილისმწამებლური ინფორმაცია უნივერსიტეტის, ინსტიტუტისა და  რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წინააღმდეგ. 

აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის შენობის გასხვისებისა და ახალი კორპუსის მშენებლობისთვის მზადების პროცესი სრულად ხორციელდება კანონის, საჯარო ფინანსების მართვის პრინციპებისა და სამშენებლო რეგულაციების დაცვით. ამას ადასტურებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული კანონიერად დამტკიცებული სამშენებლო ნებართვა, რომელიც წარმოადგენს პროექტის განხორციელების ოფიციალურ გარანტიას (2024 წელი, 16 დეკემბერი, N248-04). 

გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთხელ მიმართა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალური წერილებით და აცნობა, რომ უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ფაქტობრივი მოსარგებლე იყო ორი დევნილი ოჯახი, რომელთაგან ერთს უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია, ხოლო მეორე ოჯახი ელოდეა სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლი ფართის გადაცემას. უნივერსიტეტმა სააგენტოს მიმართა, რათა კანონის შესაბამისად და უსაფრთხოდ უზრუნველეყო აღნიშნული ოჯახების გაყვანა დაკავებული ფართიდან, მით უმეტეს, რომ არსებობდა ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ შენობა იყო ამორტიზებული, ავარიული და ადამიანის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში. მიუხედავად საკითხის მნიშვნელობისა, „ნოდარ მელაძის შაბათმა“ აღნიშნული გარემოება უმნიშვნელოდ ჩათვალა, სიუჟეტში არ ასახა და ამგვარად, საზოგადოებას წარუდგინა არასრული ინფორმაცია. ფაქტების დამახინჯებით „ნოდარ მელაძის შაბათმა“ სცადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის  ხელმძღვანელობის დისკრედიტაცია. 

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ გმობს ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ ცრუ და მიკერძოებული ინფორმაციის ტირაჟირებას, რაც არის მიზანმიმართული მცდელობა დააზიანოს როგორც ინსტიტუტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეპუტაცია.

ამასთან ერთად, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი გამოხატავს მზაობას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მედიის წარმომადგენელს, სამართლებრივ ორგანოს თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას გააცნოს ის დოკუმენტაცია, რომელიც სრულად ადასტურებს ინსტიტუტის შენობის გასხვისების პროცესის კანონიერებასა და გამჭვირვალობას“, – აღნიშნულია სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტუ სტარი იწყება

სტუ სტარი კონკურსანტების შერჩევას იწყებს.

თუ ხარ სტუ-ის სტუდენტი, გაქვს მუსიკალური მონაცემები, გიყვარს სიმღერა და თვლი, რომ შენი ადგილი სცენაზეა, გამოიყენე ეს შესაძლებლობა, დარეგისტრირდი ახლავე.

პროექტი ოთხი ეტაპისგან შედგება: ქასთინგი, პირველი ტური, მეორე ტური და საფინალო ტური  გალა კონცერტით. 

გაიარე ოთხვე ეტაპი და გახდი სტუ-ის ვარსკვლავი, შენი ხმა შენი შანსია!

ქასთინგის ეტაპი გაიმართება 1 და 2 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „TV პირველის“ და „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „TV პირველისა“ და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განმარტებით, მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ტელეკომპანია „TV პირველმა“ – გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ – ეთერში გაუშვა ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობის გასხვისებას და აღნიშნულ ფაქტთან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პირდაპირ თუ ირიბ კავშირზე დაუსაბუთებელ მინიშნებებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მედიის თავისუფლება სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, ეს გადაცემის წამყვანს ან ჟურნალისტს უფლებას არ აძლევს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, გაავრცელოს დაუდასტურებელი ფაქტობრივი ინფორმაცია ან გააკეთოს ისეთი ინტერპრეტაციები, რომლებიც პირდაპირ დააზიანებს ინსტიტუციის ან მისი ხელმძღვანელის, ან თანამშრომლების რეპუტაციას და დაარღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჟურნალისტურ სტანდარტებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეფასებით, გადაცემაში – „ნოდარ მელაძის შაბათი“ – მაკა ჩიხლაძის ავტორობით გასული სიუჟეტის შინაარსი და სულისკვეთება სცდება სიტყვის თავისუფლების კანონიერ ფარგლებს და გადადის ცილისწამების კატეგორიაში, რაც უნივერსიტეტის მხრიდან სამართლებრივი რეაგირების საფუძველს ქმნის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე „TV პირველის“ და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. უნივერსიტეტის სარჩელი უკავშირდება მიმდინარე წლის 22 ნოემბერს ტელეკომპანიის ეთერში მაკა ჩიხლაძის ავტორობით გასულ სიუჟეტს, რომელიც გამოირჩეოდა ფაქტობრივი მონაცემების დამახინჯებით, ცალმხრივი ინტერპრეტაციებით, მიკერძოებული შეხედულებებითა და არაპირირდაპირი ფორმით მიზანმიმართული რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობით, რაც სცდება სიტყვის თავისუფლების სამართლებრივად დასაშვებ ფარგლებს. სიუჟეტი არ შეესაბამებოდა ობიექტურ და პროფესიულ სტანდარტებს, რადგან უმეტესად ეფუძნებოდა ნაწილობრივ დამონტაჟებულ და კონტექსტიდან ამოვარდნილ მასალებს; გარდა ამისა, სიუჟეტი ქმნიდა უნივერსიტეტის კანონიერ ქონებრივ ოპერაციებსა და რექტორის პირად ქონებას  შორის შესაძლო  კავშირის არსებობის თაობაზე ცრუ ასოციაციას. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი რექტორი კატეგორიულად უარყოფენ და ემიჯნებიან სიუჟეტში გამოთქმულ  ნებისმიერ ისეთ ვარაუდს, რომელიც შესაძლოა კორუფციული ინტერესების არსებობაზე მიანიშნებდეს.  

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 41, საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ (მუხლი 13, ცილისწამება) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე და 19-ე მუხლები პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად იცავს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპურაციის ხელშეუხებლობას. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ გადაცემის წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, სიუჟეტის შინაარსი და მისში მოცემული მიზნობრივი ინტერპრეტაციები წარმოადგენს ცილისწამების, ფაქტების დამახინჯებისა და რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას. ამასთან, სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაცია ცალსახად ვერ აკმაყოფილებს ჟურნალისტური ეთიკისა და სამართლებრივ სტანდარტებს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით აცხადებს, რომ ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობის გასხვისება განხორციელდა კანონისა და ყველა ადმინისტრაციული პროცედურის სრული დაცვით, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების გადაწყვეტილებით. სიუჟეტში გაჟღერებული მინიშნებები, თითქოს უნივერსიტეტის რექტორის პირადი ქონებრივი საკითხები კავშირშია საუნივერსიტეტო ქონების მართვის პროცესებთან, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და მანიპულაცია იმ მიზნით, რომ შეილახოს კონკრეტული ინსტიტუციის რეპუტაცია და საზოგადოებას შეექმნას არა მხოლოდ მცდარი წარმოდგენა, არამედ მკვეთრად უარყოფითი განწყობაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის მიმართ. 

აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია სამართლებრივი პროცედურები: მზადდება  სარჩელი, რომელიც უახლოეს დღეებში სასამართლოს წარედგინება. ამასთან, უნივერსიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს საკუთარი მისია, ასევე რექტორსაც აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკადემიური და სამეცნიერო წრეების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა თაობების წინაშე. ამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის არსი ასევე თანხვედრაშია უნივერსიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების შესაძლო უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებული უსამართლო პრაქტიკის აღმოფხვრისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი უსამართლო ქმედებების გამოსწორებისა და სამართლიანობის აღდგენის უდიდეს სურვილთან. საზოგადოებას აქვს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მძიმე პერიოდზე, რომელიც ბევრ ოჯახს შეეხო, როდესაც ცილისწამებისა და  რევანშიზმის მსხვერპლი მრავალი ჩვენი თანამემამულე  გახდა – მათ შორის იყვნენ უსამართლოდ დახვრეტილი, დაპატიმრებული თუ შევიწროებული რექტორები, მეცნიერები, პედაგოგები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები და იმ შემზარავი პერიოდის ანალოგი საზოგადოებაში აღარასოდეს უნდა წახალისდეს. 

შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სტუ კიდევ ერთხელ აცხადებს: მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღიად და გამჭვირვალედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორზე, აკადემიკოს დავით გურგენიძეზე აშკარა და ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში გამიზნულად შეყვანას ისახავს მიზნად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უკანონოდ გასხვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნების საკითხი პირველად 2020 წელს, ახლადარჩეული რექტორის – დავით გურგენიძის მიერ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე იქნა ინიცირებული. რექტორის მოხსენება შეეხებოდა უნივერსიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების – 2004–2012 წლებში უკანონოდ გასხვისებული ობიექტების სამართლებრივად აღდგენის პროცესის წამოწყებას. უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების აღდგენის კანონიერი პროცესის დაწყებას აკადემიურმა საბჭომ მკაფიოდ დაუჭირა მხარი. 

აღნიშნული საკითხის საჯაროდ გახმოვანებას საეჭვოდ დაემთხვა ე.წ. რადიკალურად განწყობილი მედიასაშუალებების მოულოდნელი დაინტერესება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით იმ პირობებში, როდესაც მანამდე აღნიშნული მედია, პრაქტიკულად, არ გამოხატავდა რაიმე სახის პროფესიულ ინტერესს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მედიას რეგულარულად იწვევდა როგორც აკადემიური საბჭოს სხდომებზე, ასევე, რექტორის არჩევნების პროცესზე, კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებსა და სხვა საჯარო აქტივობებზე დასასწრებად. 

უნივერსიტეტის შეფასებით, ქონებრივი დავის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებასთან ერთად „რადიკალურად განწყობილი მედიის“ მოულოდნელი გააქტიურება ქმნის სათანადო სამართლებრივ ეჭვს, რომ კონკრეტული მედიააქტორი მიზანმიმართულად ცდილობს პროცესების პოლიტიზებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის დისკრედიტაციას და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მიმართ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კანონმორჩილი და  საჯარო ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, მოითხოვს, რომ მედიასაშუალებებმა დაიცვან სამართლიანობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, უტყუარი ფაქტების მოძიება-გადამოწმების და პროფესიული ეთიკის პრინციპები. უნივერსიტეტი დაუშვებლად მიიჩნევს იმგვარი ბუნდოვანი მასალის გავრცელებას, რომელიც ეწინააღმდეგება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზინფორმირებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღიად აცხადებს, რომ ახლაც და მომავალშიც მხოლოდ სამართლებრივი გზებით იმოქმედებს, მათ შორის მიიჩნევს, რომ ცილისწამების, ინსტიტუციური და პირადი რეპუტაციის შელახვისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა ასევე კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა მოხდეს. ამასთან ერთად, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გამოხატავს სრულ მზაობას მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ე.წ. კორუფციის მკვლევრებს  მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია როგორც პირადი თუ თავისი ოჯახის, ასევე საუნივერსიტეტო ქონების შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

სტუ-ში მკლავჭიდის შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მკლავჭიდის შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა, რომელშიც საერთო ჯამში სტუ-ის 11 ფაკულტეტის 140-მა სტუდენტმა იასპარეზა. 

საუნივერსიტეტო ტურნირი მკლავჭიდში ჩატარდა 60, 70, 80, 90, 100 და 100+ კგ წონით კატეგორიებში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით. 
 
ტურნირში მოასპარეზე სტუდენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გულშემატკივრობდნენ. ტურნირის მსვლელობისას თითოეულ წონით კატეგორიაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ახალგაზრდები გამოვლინდნენ.

ტურნირის მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაძაბულ ორთაბრძოლებში ოქროს მედლები მოიპოვეს სტუდენტებმა: 60 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას – ბექა ჯიშკარიანმა; 70 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა ხელით – გიორგი ხაბულიანმა, ხოლო მარჯვენა ხელით – ირაკლი იჭირაულმა; 80 კგ –  მარცხენა და მარჯვენა ხელით – ნოდარ შანყულაშვილმა; 90 კგ – მარცხენა ხელით გიორგი ხიზანიშვილმა, მარჯვენა ხელით კი – ლაშა მაისურაძე; 100 კგ – მარცხენა და მარჯვენა ხელით – ნოდარ შანყულაშვილმა და 100+ კგ წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობის გამარჯვებული თაზო მეკოკიშვილი გახდა.

ამასთან ერთად, ტურნირის გუნდურ ასპარეზობაში უპირობო გამარჯვება და ოქროს თასი მსაჯთა კოლეგიამ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს მიაკუთვნა.

მკლავჭიდში საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულ სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს ფაკულტეტების დეკანებმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ფიფიას განცხადებით, სასიხარულოა, როდესაც სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასპორტო ტრადიციებს აგრძელებენ. მისი თქმით, სტუდენტების აქტიური ჩართულობთ მასშტაბური საუნივერსიტეტო სპორტული ღონისძიებების ორგანიზება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და სტუდენტების მრავალმხრივი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას.

„ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ – მოსწავლეებისთვის სახალისო-შემეცნებითი ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა და მოზარდების ინტერესების გათვალისწინებით, სახალისო-შემეცნებითი ღონისძიება – „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ გამართა. 

ღონისძიება, რომელშიც თბილისის მე-2, 160-ე, 161-ე, 181-ე, გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე და წეროვანის მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ,  მსოფლიო ბავშვთა დღის ეგიდით ჩატარდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მოზარდების ცნობიერების ამაღლება, ასევე, ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაცია იყო.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის  ასოცირებულმა პროფესორმა ავთანდილ ბიჩნიგაურმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს კიბერუსაფრთხოების ტენდენციებისა და სტატისტიკის შესახებ  საინტერესო ლექცია წაუკითხა. ამასთანავე,  ესაუბრა კიბერუსაფრთხოების ტიპებზე, როგორიცაა: ფიშინგი,  მავნე პროგრამები, ვირუსები, ტროიანები, ასევე, გამოსასყიდი პროგრამები, რომლებითაც სისტემის დაზიანება, მონაცემების მოპარვა, ან გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბლოკილი მონაცემების განბლოკვა ხდება; განუმარტა DDOS შეტევების პრინციპი, ესაუბრა შიდა საფრთხეებზე და კიბერშეტევებისგან დაცვის მეთოდებზე. გარდა ამისა, მოზარდებმა ავთანდილ ბიჩნიგაურისგან  მიიღეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციები და მარტივად შესასრულებელი რჩევები თავიანთი ციფრული სივრცის დაცვის შესახებ. 

Untitled design (17).png

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტმა გიორგი ფაცაციამ მოსწავლეებს სახალისო ვიქტორინა ჩაუტარა და 3 გამარჯვებული გამოავლინა: ნატალი ნატროშვილი – გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლიდან, ნიკა ხაბულიანი – თბილისის 160-ე საჯარო სკოლიდან და მარიამ ჯაშიაშვილი – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლიდან.

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, მოსწავლეებთან შეხვედრა გაჯერებული იყო ახალი ცოდნის მიღების სურვილითა და ინტერაქტიულობით, რითაც რეალურად გახდა შესაძლებელი მოზარდების ციფრული უსაფრთხოების გაძლიერება. 

„სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბავშვთა დღის ეგიდით, შესაძლებლობა მოგვეცა საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ  ჩაგვეტარებინა სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ღონისძიება. საგულისხმოა, რომ თემატიკა მოზარდების ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. შესაბამისად – ლექცია, მსჯელობა, ვიქტორინა თუ პრაქტიკული მაგალითები მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის იმ მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობას, რომლებიც ციფრულ ეპოქაში მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, გვიზიარებდნენ თავიანთ დაკვირვებებს, ინტერესით ისმენდნენ ინფორმაციას კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცოდნის გაღრმავებას, პასუხისმგებლიანი ქცევების ჩამოყალიბებასა და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც უსაფრთხო ინფორმაციით სარგებლობისთვის არის აუცილებელი. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დიდი მხარდაჭერით, ყოველთვის მზად არის, საჯარო სკოლების მოსწავლეებს და შესაბამისად, მომავალ თაობას შესთავაზოს ინტერაქტიული და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო-კვლევითი სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი ცოდნის მიღება. დარწმუნებული ვართ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიერ მომზადებული „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ მრავალ მოსწავლეს მისცემს მოტივაციას, გაიღრმავოს ცოდნა ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – ამბობს თალიკო ჟვანია.

საჯარო ლექციისა და ვიქტორინის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების უნიკალური სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი, მუზეუმი, ასევე, საპრეზენტაციო, ინოვაციურ პროექტებზე სამუშაო და სხვა დამხმარე სივრცეები, რომლებიც სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.

სტუ-ის მეცნიერებმა სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა – სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა, ასოცირებულმა პროფესორებმა ანა ტაბატაძემ, ნინო ბახტაძემ და სპეციალისტმა ვიტალი ტყაბლაძემ  ქალაქ ერევანში, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში (National University of Architecture and Construction of Armenia – NUACA) გამართულ სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – ICCEE 2025 (International Conference on Civil and Environmental Engineering) მონაწილეობა მიიღეს. 

საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორს – პროფესორ მანუკ ბარსეღიანსა და სომეხ მეცნიერებს,
კონფერენციის დელეგატებს 14 ქვეყნის 25 უნივერსიტეტიდან, ასევე, დარგში მოქმედი ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელ პირებს, წამყვან სპეციალისტებსა და ექსპერტებს ვიდეომიმართვით მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

Untitled design (22).png

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც თავის მხრივ, საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის. 

„თანამედროვე მსოფლიოში – ამ დაჩქარებული ურბანიზაციის, კლიმატური ცვლილებებისა და  სწრაფი ტექნოლოგიური გარდაქმნების ხანაში – სადაც მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური ბალანსის დაცვა და ინფრასტრუქტურული პროგრესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული – გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მეცნიერებისა და პრაქტიკის სინთეზი და ამასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის სპეციალისტთა, მკვლევართა და ექსპერტთა როლი. გლობალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობითა და რეგიონული პარტნიორობით არის შესაძლებელი, რაც  საინჟინრო, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის დამატებით გარანტიებს ქმნის. 

გვჯერა, ICCEE 2025-ი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მეტად განვითარებას. მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმები ქმნის შესაძლებლობას, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და  ინტელექტუალურ რესურსების გამოყენებით ერთად შევიტანოთ წვლილი როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პროგრესში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას კონფერენციის მასპინძელი უნივერსიტეტის, მისი რექტორის, პროფესორ მანუკ ბარსეღიანის, ამ სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორების, მისი მონაწილეების მიმართ და შეკრებილ საზოგადოებას ნაყოფიერი სამუშაო გარემოს ვუსურვებ“, – აღნიშნა სტუ-ის რექტორმა ვიდეომიმართვაში.

ICCEE 2025-ის სექციებზე მოხსენებით 56 მეცნიერი წარსდგა. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორმა გელა ყიფიანმა წარმოადგინა ნაშრომი – „ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენება მეწყერსაშიშ ზონებში“, ხოლო  ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ბახტაძემ – „ბეტონის სულფატომედეგობის გამაძლიერებელი შემვსები დანამატის წარმოების და გამოყენების დანერგვა შავიზღვისპირეთში“.

სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  • მათემატიკური კიბერნეტიკის განყოფილება: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
  • სტოქასტური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
  • ოპტიკისა და სპექტროსკოპიის განყოფილება: მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
  • ნანოკომპოზიტების ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული

განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 19 დეკემბრიდან – 23 დეკემბრის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი №6 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა), ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, პირველი სართული, ოთახი №130, საკონტაქტო პირი, გიორგი მუმლაძე, ტელ.: 598 42 98 33.

კონკურსი  ჩატარდება 2025 წლის 25 დეკემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბერს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსანტის ანკეტა და განცხადება, კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე, აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; 

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

შენიშვნა: ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი, ვისაც აღნიშნული ცნობები უკვე წარმოდგენილი აქვს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში.

III. კონკურსის ჩატარების წესი

  • კონკურსი ჩატარდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.
  • საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით), კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
  • კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სტუ-ში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ენათმეცნიერ ავთანდილ არაბულსა და საზოგადოებრივი მოძრაობის – „ის რაც გვაერთიანებს“ – წევრ მეცნიერებს შეხვდნენ, სადაც  2026 წლის განმავლობაში იმ მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომლებიც  საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნას  მიეძღვნება. 

შეხვედრას, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უძღვებოდა, ფაკულტეტების დეკანები, კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მეცნიერები, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ასევე, ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტი და წევრები ესწრებოდნენ. 

როგორც ვიცე-რექტორმა  სიტყვით გამოსვლისას  აღნიშნა,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2024 წლიდან აქტიურად არის ჩართული ციკლური კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“ – განხორციელებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თაოსნობით შემუშავდა.

მისი თქმით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში ცნობილმა მეცნიერ-მკვლევრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთი საინტერესო საჯარო ლექცია ჩაატარეს, რითაც სტუდენტებს  შესაძლებლობა მიეცათ  გაეანალიზებინათ საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც ქართული სახელმწიფოს უნიკალური კულტურა და ეროვნული ფასეულობები განსაზღვრეს, ასევე, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, სახელმწიფოებრივი ხედვის, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ.

თამარ ლომინაძის განცხადებით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სკოლა, გამოხატავს უდიდეს სურვილსა და მზაობას, აქტიურად ჩაერთოს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნის მასშტაბურ ციკლურ ღონიძიებებში, რომლებიც მომავალი წლის მაძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. 

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, ეროვნულ ღირებულებებათა და ფასეულობათა უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები, თეოლოგიის საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტები, სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები.

თამარ ლომინაძის განმარტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუწევენ ინტელექტუალური რესურსების მობილიზაციას, რათა საუნივერსიტეტო სივრცეებში, წინასწარშემუშავებული ორიგინალური ფორმატით, მთელი საიუბილეო წლის განმავლობაში სამეცნიერო-აკადემიური ხასიათის ციკლური ღონისძიებები გაიმართოს. 

თავის მხრივ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა და  საზოგადოებრივი მოძრაობის – „ის რაც გვაერთიანებს“ – წევრმა მეცნიერებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს გააცნეს თავიანთი ხედვა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით და მიაწოდეს ინფორმაცია საორგანიზაციო საკითხებზე.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, საიუბილეო თარიღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აღნიშვნა საერთაშორისო მასშტაბითაც მოხდება, რაშიც ასევე აქტიურად ჩაერთვება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია – UNESCO.

Support

Why are you writing to us?