„ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ – მოსწავლეებისთვის სახალისო-შემეცნებითი ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა და მოზარდების ინტერესების გათვალისწინებით, სახალისო-შემეცნებითი ღონისძიება – „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ გამართა.
ღონისძიება, რომელშიც თბილისის მე-2, 160-ე, 161-ე, 181-ე, გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე და წეროვანის მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მსოფლიო ბავშვთა დღის ეგიდით ჩატარდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მოზარდების ცნობიერების ამაღლება, ასევე, ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაცია იყო.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ავთანდილ ბიჩნიგაურმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს კიბერუსაფრთხოების ტენდენციებისა და სტატისტიკის შესახებ საინტერესო ლექცია წაუკითხა. ამასთანავე, ესაუბრა კიბერუსაფრთხოების ტიპებზე, როგორიცაა: ფიშინგი, მავნე პროგრამები, ვირუსები, ტროიანები, ასევე, გამოსასყიდი პროგრამები, რომლებითაც სისტემის დაზიანება, მონაცემების მოპარვა, ან გამოსასყიდის სანაცვლოდ დაბლოკილი მონაცემების განბლოკვა ხდება; განუმარტა DDOS შეტევების პრინციპი, ესაუბრა შიდა საფრთხეებზე და კიბერშეტევებისგან დაცვის მეთოდებზე. გარდა ამისა, მოზარდებმა ავთანდილ ბიჩნიგაურისგან მიიღეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციები და მარტივად შესასრულებელი რჩევები თავიანთი ციფრული სივრცის დაცვის შესახებ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტმა გიორგი ფაცაციამ მოსწავლეებს სახალისო ვიქტორინა ჩაუტარა და 3 გამარჯვებული გამოავლინა: ნატალი ნატროშვილი – გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლიდან, ნიკა ხაბულიანი – თბილისის 160-ე საჯარო სკოლიდან და მარიამ ჯაშიაშვილი – წეროვანის მე-3 საჯარო სკოლიდან.
როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, მოსწავლეებთან შეხვედრა გაჯერებული იყო ახალი ცოდნის მიღების სურვილითა და ინტერაქტიულობით, რითაც რეალურად გახდა შესაძლებელი მოზარდების ციფრული უსაფრთხოების გაძლიერება.
„სასიხარულოა, რომ მსოფლიო ბავშვთა დღის ეგიდით, შესაძლებლობა მოგვეცა საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ ჩაგვეტარებინა სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ღონისძიება. საგულისხმოა, რომ თემატიკა მოზარდების ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიეთ. შესაბამისად – ლექცია, მსჯელობა, ვიქტორინა თუ პრაქტიკული მაგალითები მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის იმ მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობას, რომლებიც ციფრულ ეპოქაში მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიებში, გვიზიარებდნენ თავიანთ დაკვირვებებს, ინტერესით ისმენდნენ ინფორმაციას კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს მოზარდებში ცოდნის გაღრმავებას, პასუხისმგებლიანი ქცევების ჩამოყალიბებასა და იმ უნარების განვითარებას, რომლებიც უსაფრთხო ინფორმაციით სარგებლობისთვის არის აუცილებელი. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის დიდი მხარდაჭერით, ყოველთვის მზად არის, საჯარო სკოლების მოსწავლეებს და შესაბამისად, მომავალ თაობას შესთავაზოს ინტერაქტიული და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო-კვლევითი სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი ცოდნის მიღება. დარწმუნებული ვართ, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიერ მომზადებული „ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები“ მრავალ მოსწავლეს მისცემს მოტივაციას, გაიღრმავოს ცოდნა ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში“, – ამბობს თალიკო ჟვანია.
საჯარო ლექციისა და ვიქტორინის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების უნიკალური სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიული კომპლექსი, მუზეუმი, ასევე, საპრეზენტაციო, ინოვაციურ პროექტებზე სამუშაო და სხვა დამხმარე სივრცეები, რომლებიც სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...