“ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები” – ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისათვის

20 ნოემბერს 16:00 საათზე, მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით  სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ატარებს ღონისძიებას “ინტერნეტის სუპერსაიდუმლოებები”. 

ღონისძიების მიზანია სკოლის მოსწავლეებს გაეცნონ ინტერნეტთან დაკავშირებულ კიბერ-საფრთხეებს და შეისწავლონ მარტივი თავდაცვის საშუალებები.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია სტუ-ის თანამშრომლებს თხოვნით მიმართავს, რათა ღონისძიებას დაესწრონ თანამშრომელთა შვილები, შვილიშვილები და მოიწვიონ ის მოსწავლეები, ვისთვისაც ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაცია მნიშვნელოვანია. 

გადავაქციოთ ჩვენი პატარები “ციფრული დეტექტივებად”.

იმისათვის, რომ დაიგეგმოს  და განისაზღვროს ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო ადგილი, მსურველებმა მოცემულ ბმულზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 19 ნოემბერი 16:00 საათი.

სტუ-ის ინოვაციური იდეების კონკურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის ინოვაციური იდეების გენერაციისა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სტუ-ში საუნივერსიტეტო კონკურსი სახელწოდებით – „ინოვაციური იდეების კონკურსი – მომავლის პროექტები“, ჩატარდება. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ის ნებისმიერი საფეხურის 35 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ასევე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური იდეები და სურთ მათი რეალურ პროექტებად ქცევა. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად.  

ინოვაციური იდეების კონკურსი მრავალფეროვან კატეგორიებში ტარდება (ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა, შემოქმედებითობა და სხვა) და მიზნად ისახავს: 

  • სტუდენტების და ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებას;
  • ახალი ბიზნესის ამოქმედების და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერას;
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბიზნეს სექტორს შორის, მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირება – მხარდაჭერას;
  • ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

 
კონკურსის შედეგად, სპეციალური ჟიური ჯამში მაქსიმუმ 10 ინოვაციურ იდეას შეარჩევს, რომლებსაც იდეის ავტორები 24 დეკემბერს, ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, პრეზენტაციის სახით წარადგენენ.

გამარჯვებულებს უნივერსიტეტი სხვადასხვა პრიზებს გადასცემს.

სტუ-ის ინოვაციური იდეების კონკურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 28 ნოემბრამდე, მოცემულ ბმულზე

ონლაინრეგისტრაციის გავლის შემდეგ კი, კონკურსანტმა  8 დეკემბრამდე, ელ. მისამართზე: innovations@gtu.ge, უნდა გამოაგზავნოს აღნიშნული სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთე აპლიკაცია). 

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის საფაკულტეტო წარმომადგენლობებს. 

კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვირეკეთ: 595 33 66 43.

„მადლობელი ვარ, რომ გავხდი 36-წლიანი მეგობრობის ნაწილი“ – ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი სტუ-ის შესახებ

„მადლობელი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის 36 წლიანი მეგობრობის ნაწილი  ვყოფილიყავი. საქართველოში ჩასვლისთანავე მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანი ფენომენია საქართველოში სტუმართმოყვარეობა. თბილისმა სრულიად მომხიბლა თავისი მრავალფეროვნებით, ისტორიითა და ატმოსფეროთი, ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავისი საუკუნოვანი ისტორიით, ლაბორატორიებითა და კვლევითი ცენტრებით. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საშუალება მომეცა”, – ასე აფასებს ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი გაბრიელ ლიზა როსა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“, მონაწილეობას. 

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტი გაბრიელ ლიზა როსამ და სტუდენტთა ჯგუფმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკლულტეტზე გამართულ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“, მონაწილეობა მიიღეს.

როგორც გაბრიელ ლიზა როსა თავის წერილში აღნიშნავს, გერმანელი სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს შეხვდნენ. 

„საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებში ვიგრძენი ის გულღია და უშუალო გარემო, რომელსაც ასე ხშირად ახასიათებენ, მაგრამ სანამ პირადად არ შეგხვდება, მის ნამდვილ ძალას ვერ იგრძნობ. თბილისმა სრულიად გამაოცა. ქალაქის მრავალფეროვნება, ძველი უბნების სიმყუდროვე, თანამედროვე სივრცეების ენერგია, ისტორიით გაჯერებული ქუჩები და ადამიანების ნამდვილი მეგობრულობა ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. ყოველ დილას ახალი ადგილის აღმოჩენის სურვილით ვიწყებდი და ყოველ საღამოს უდიდესი შთაბეჭდილებებით ვასრულებდი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა თავისი ინტელექტუალური ატმოსფეროთი. უნივერსიტეტის საუკუნოვანი ისტორია, ინოვაციური ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები ჩემთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ პროფესიული ინსპირაციის წყაროდ იქცა. კონფერენციის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი მომენტი იყო. ძალიან ვაფასებ იმ გულწრფელ ინტერესსა და ყურადღებას, რომელიც მან ჩვენ, უცხოელი სტუდენტების მიმართ გამოიჩინა. რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დასამახსოვრებელი სიტყვებით მოგვმართა – „თქვენ სწავლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგი ადამიანები იყოთ. რადგან ბოროტი ადამიანები, რომლებსაც დიდი ცოდნა აქვთ, ბოროტებას სჩადიან”, – ეს წინადადება მას შემდეგ სულ მახსენდება. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მქონდა მონაწილეობა მიმეღო XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება – 2025“. ეს იყო სივრცე, სადაც სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთად აზიარებდნენ იდეებს, გამოცდილებას და მომავალზე საკუთარ ხედვებს. ყველაზე მეტად მადლობელი ვარ, რომ გავხდი 36-წლიანი მეგობრობის ნაწილი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს აკავშირებს. ეს მეგობრობა არა მხოლოდ აკადემიურ პარტნიორობას, არამედ ადამიანურ ახლობლობას, კულტურათა შეცნობასა და ურთიერთპატივისცემას ნიშნავს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ გაცვლის მონაწილე ვიყავი. განსაკუთრებული მადლობა HTW Saar-ს და განსაკუთრებით პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერს, რომელმაც ამ მოგზაურობას  ორგანიზება გაუწია და გაამყარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი მეგობრობის საფუძველი.  ერთი რამეც ცხადია – მე უკვე მოუთმენლად ველი, როდის ვიქნები მასპინძელი და როდის შევძლებ ჩვენი ზარლაანდის წარდგენას!”, – აღნიშნავს გაბრიელ ლიზა როსა თავის წერილში. 

„საერთაშორისო აეროსანავიგაციო (აერსანაოსნო) და კოსმოსური სამართალი“ – წიგნის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე  უახლესი აკადემიური ნაშრომის –  „საერთაშორისო აეროსანავიგაციო (აერსანაოსნო) და კოსმოსური სამართალი“, პრეზენტაცია გაიმართა. 

წიგნის ავტორები, პროფესორები გივი ლობჟანიძე და ასლან აბაშიძე, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ფართო აკადემიურ საზოგადოებას შეხვდნენ. შეხვედრაზე  გამოცემის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიება  სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა გახსნა.

Untitled design (14).png

როგორც პროფესორმა ივანე გიორგაძემ განაცხადა, ნაშრომი  პირველ ქართულენოვან წიგნს წარმოადგენს, სადაც გაერთიანებულია ორი დამოუკიდებელი, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგი – საერთაშორისო აეროსანავიგაციო სამართალი და კოსმოსური სამართალი. მისი თქმით, წიგნის შექმნა მიზნად ისახავდა ქართული აკადემიური სივრცისთვის თანამედროვე, სისტემატიზებული და სიღრმისეული მასალის მიწოდებას, რომელიც დაეხმარება როგორც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე ამ მიმართულებით დაინტერესებულ მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს.

„სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აკადემიური ნაშრომების შექმნა და გავრცელება, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო სამართლის სწრაფად მზარდ და დინამიკურ მიმართულებებს ასახავს. პროფესორების გივი ლობჟანიძისა და ასლან აბაშიძის მიერ,  მომზადებული წიგნი წარმოადგენს შეუცვლელ რესურსს, რომელიც ჩვენს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას საფუძვლიანად გაეცნონ როგორც საერთაშორისო აეროსანავიგაციო სამართლის, ისე კოსმოსური სამართლის საფუძვლებსა და მის აქტუალურ გამოწვევებს.  დღეს, როდესაც ავიაციისა და კოსმოსური საქმიანობის სფეროები სინათლის სიჩქარით ვითარდება, სამართლის სპეციალისტებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ ამ მიმართულებათა შესახებ სრულყოფილი, სანდო და მეცნიერულად ჩამოყალიბებული ცოდნა. მსგავსი წიგნების გამოცემა ხელს უწყობს როგორც სასწავლო კურსების გამდიდრებას, ასევე უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ნაშრომი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომავალ იურისტთა პროფესიულ განვითარებაში, ასევე,  დაეხმარება მათ უკეთ გაიაზრონ ის რთული სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც აყალიბებს საერთაშორისო ავიაციისა და კოსმოსური სივრცის მარეგულირებელ ჩარჩოს“, – განაცხადა ივანე გიორგაძემ.

Untitled design (13).png

პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმ აქტუალურ გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ავიაციისა და კოსმოსური საქმიანობის განვითარებასთან, მათ შორის აერონავიგაციის უსაფრთხოება, კოსმოსური რესურსების გამოყენება, კოსმოსური პასუხისმგებლობა, სამართლებრივი რეგულაციები ახალი ტექნოლოგიების პირობებში და სხვა საკითხები.

ღონისძიების დასასრულს, წიგნის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტები და პროფესორები. მონაწილეებმა წიგნი შეაფასეს როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული სამართლის მეცნიერებაში, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებს, ავიაციასა და კოსმოსურ კვლევებს, ახალ ბაზას სთავაზობს.

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

13-14 ნოემბერს ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც Erasmus+, Horizon Europe-ისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმდინარე საგრანტო კონკურსების, ახალი შესაძლებლობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების საკითხები განიხილეს.

ღონისძიებების მიზანი იყო სტუ-ის აკადემიური და კვლევითი პერსონალის ინფორმირება დაფინანსების ახალ პროგრამებზე, განაცხადების მომზადების პრაქტიკულ წესებზე, პარტნიორობის ჩამოყალიბების სტრატეგიებსა და წარმატებული პროექტების მაგალითებზე.

ოფისის წარმომადგენლებმა უპასუხეს მონაწილეთა შეკითხვებს, გააზიარეს გამოცდილება და განიხილეს ის ძირითადი ეტაპები, რომლებიც კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის არის საჭირო.

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციასა და კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას.

სტუ, იტალიელ კოლეგებთან პარტნიორობით, ახალ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროექტის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნაზე მუშაობას აგრძელებს.

ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამის შემუშავება ხელს შეუწყობს მთის კვლევისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადებას, ორივე ქვეყნის სტუდენტთა საერთაშორისო გამოცდილების გაფართოებას, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მილანის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას. 

სამუშაო შეხვედრებში, რომელსაც მოცემულ ეტაპზე მილანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ჩართულნი იყვნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ქობლიანიძე და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე.

პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მოდელთან დაკავშირებული მოსაზრებები შეაჯერეს და სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს CIF საგრანტო პროექტის მიზნები და მისი მდგრადობის საკითხები. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შეხვდნენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-ის ხელმძღვანელს, პროფესორ ანა ჯორჯის, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ რიკარდო ჯუჯეტის და აკადემიურ პერსონალს. როგორც ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, შეხვედრებს ფასილიტაციას უწევდა მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სტეფანო კორსი. 

Untitled design (12).png

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიელი კოლეგების მხარდაჭერით შედგა შეხვედრა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ ლუჩია ანჯოლინისთან, რომელთან ერთადაც სამთო-გეოლოგიური მიმართულების განვითარებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, გაიმართა ონლაინ შეხვედრები ევროპის მთის კვლევის ქსელის (NEMOR) და ევროპის მთიანი რეგიონების ასოციაცია EUROMONTANA-ს ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც შეაჯერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. 

როგორც პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე აღნიშნავს, მილანის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები  ასევე მნიშვნელოვანი იყო სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სამომავლო განვითარების მხრივ. გიორგი ჭიჭინაძის თქმით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტებისთვის მილანის უნივერსიტეტში ორდიპლომიანი პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობები.  

პროფესორ თამარ ქობლიანიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ედოლოში საჯარო ლექციები გამართეს UNIMONT-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის. თამარ ქობლიანიძე ამბობს, რომ მილანის უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერსპექტივით, შესაბამისად, სტუ-ის წარმომადგენლებმა  ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, კვლევითი ინფრასტრუქტურა და ის შესაძლებლობები, რომლითაც სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტები სარგებლობენ. 

როგორც სტუ-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პროცესისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა  იტალიის მთიან რეგიონებში მდებარე სარეკრეაციო და საკვლევ სივრცეებში ვიზიტებს ენიჭება:   ლივინიოს მთიან მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს Milano-Cortina 2026-ის ოლიმპიური ობიექტები და გაეცნენ კომპანია „მოტოლინოს“ საქმიანობას, რომელიც ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა პასუხისმგებელი; დაათვალიერეს ტრენტოს მეცნიერების მუზეუმი (MUSE), ხოლო მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეხვდრის ფარგლებში, იმსჯელეს სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მოქმედი მუზეუმების განვითარების შესაძლებლობასა და მათ ბაზაზე ერთობლივი საგანმანათლებლო ფორმატების შემუშავების შესახებ; გაეცნენ იტალიის მთიან რეგიონებში დაფუძნებულ ისეთ მცირე საწარმოებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-თან, საქმიანობის პროცესში კი ინოვაციურ ცოდნასა და უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პრაქტიკულ მოდელებს იყენებენ.

საქართველოს ტექნიკური უნივეტსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მილანის უნივერსიტეტისა და კვლევით ცენტრ UNIMONT-ის ოფიციალურ ვეგვერდზე.

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროექტის გუნდი მადლობას უხდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მილანის უნივერსიტეტის ადმინისტრაციებს პროექტის შეუფერხებელად განხორციელებისთვის, ასევე მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტისა და UNIMONT-ის ხელმძღვანელობას – გულთბილი მასპინძლობისა და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებს მიმართავს. 

მიმართვაში რექტორი საუბრობს სტუდენტების გადამწყვეტ როლზე ქვეყნის აღმშენებლობაში, ასევე ეხება იმ მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენებს, რასაც სტუდენტი-ახალგაზრდობა სამომავლოდ კაცობრიობის განვითარებაზე იქონიებს.  

„ძვირფასო სტუდენტებო, 79-ე წელია მსოფლიო საზოგადოება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ერთდროულად მოიცავს ახალგაზრდულ შეუპოვრობას, იმედსა და პროგრესის დაუოკებელ სურვილს.   

სტუდენტობა განსაკუთრებული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე აქტიური და ქმედითი პერიოდი, როდესაც ახალი ცოდნის დაგროვებასთან ერთად, ფორმირდება მომავალზე ორიენტირებული მსოფლმხედველობა, პროფესიული ხედვა, პრინციპები და მიზნები, მეორე მხრივ კი, ყალიბდება სამოქალაქო ცნობიერება და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მდგრადობას, სამართლიანობას და განვითარების პრიორიტეტებს. 

სტუდენტი-ახალგაზრდობა ხართ ის ძლევამოსილი ენერგია და ინტელექტუალური ძალა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყნის პროგრესი, მომავლის მდგრადი პერსპექტივა და ზოგადად, კაცობრიობის განუხრელი სვლა უკეთესი მომავლისკენ. 

სწორედ ამიტომ, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ახალგაზრდული ძალისხმევითა და ინოვაციური აზროვნებით შეძლებთ შექმნათ ახალი, სამართლიანი წესრიგი, ხოლო საზოგადოების ენერგია განთლებისა და მეცნიერებისკენ, პროგრესისა და აღმშენებლობისკენ  მიმართოთ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ქმედითი მხარდაჭერით, საქართველოს გაანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პირადად მინისტრ გივი მიქანაძის უშუალო თანადგომით – მუდამ მზად არის მხარში დაგიდგეთ ამ გამოწვევებით აღსავსე გზაზე: თქვენთვის უზრუნველყოს აქტიური სტუდენტური ცხოვრება, შეგიქმნათ საუკეთესო აკადემიური გარემო, კვლევითი შესაძლებლობები, თანამედროვე სტუდენტური სივრცეები, რა პირობებშიც შეძლებთ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი, ნიჭი, უნარები, რაც ასე აუცილებელია კარიერული განვითარებისა და სამომავლო სრულფასოვანი რეალიზებისთვის. 

გისურვებთ ჯანმრთელობასა და შრომისმოყვარეობას, გაბედულ ნაბიჯებსა და წარმატებას, საკუთარი თავის რწმენასა და მიზნებზე ორიენტირებულობას. გახსოვდეთ – ცოდნა ძალაა და დღევანდელი თქვენი მონდომება კი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი უდიდესი წარმატებაა. სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გილოცავთ!“ – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.

ცნობისათვის, 79 წლის წინ, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე, 17 ნოემბერი ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად, სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

სტუ-ში სტუდენტთა მხარდაჭერის გასაძლიერებლად ტუტორთა გადამზადების ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრში ტრენინგების სერია გაიმართა, რომელიც სტუდენტთა მხარდაჭერის სისტემის გაძლიერებასა და ტუტორების პროფესიული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად. 

ტრენინგების სერიას, რომელიც 29 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით  მიმდინარეობდა, კოორდინაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი უწევდა.   

ტრენინგების სერიის ფარგლებში საერთო ჯამში გადამზადდა 16 ტუტორი და მომზადდა 5 ტრენერი, რომლებიც სამომავლოდ აქტიურად ჩაერთვებიან ახალი ტუტორების გადამზადების პროცესში და ამით ხელს შეუწყობენ მენტორინგისა და ტუტორინგის ახლადდაფუძნებული საუნივერსიტეტო ცენტრის მდგრად საქმიანობას.

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში განმარტავენ, რომ მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრის მისიაა აქტიურად ისაქმიანოს სტუდენტთა კეთილდღეობის, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათი ჩართულობისა და წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ხოლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული ცენტრის გაძლიერებას, ხორციელდება განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ ფარგლებში, საერთაშორისო პროექტის – PROMENT (Tutoring & Mentoring Program in Georgian and Ukrainian HEIs) მიხედვით. 

Untitled design (7).png

„ტრენინგების სერიას უძღვებოდა „ქოუჩ აკადემიის“ დამფუძნებელი, სერტიფიცირებული ქოუჩი ეკატერინე ბაბუნაშვილი, რომელსაც ახალგაზრდების ლიდერობის, კომუნიკაციისა და თვითგანვითარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სწავლება მოიცავდა ინტერაქტიურ სესიებს, როლურ თამაშებსა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც მონაწილეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ ტუტორის როლი, მენტორობის პრინციპები, სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის გზები და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტთა სწრაფი და ეფექტიანი ინტეგრაციის ხელშეწყობის მეთოდები,“ –  აღნიშნავენ ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისში. 

ახლო მომავალში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამოქმედდება მენტორინგისა და ტუტორინგის 12 სხვადასხვა სქემა, რომელთა მეშვეობით პირველკურსელები და საერთაშორისო სტუდენტები გაცილებით მარტივად და სწრაფად შეძლებენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციას, აკადემიურ წარმატებაზე ორიენტირებას და პერსონალურ განვითარებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რაც უდავოდ ხვდება ქართული საზოგადოების ინტერესის არეალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღიად და გამჭვირვალედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორზე, აკადემიკოს დავით გურგენიძეზე აშკარა და ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში გამიზნულად შეყვანას ისახავს მიზნად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ ფაქტებს განიხილავს როგორც დაინტერესებული მხარისაგან წარმოებულ ზეწოლას და მცდელობას, დაიფაროს ის უსამართლობა, რასაც 2004-2008 წლებში ეტაპობრივად და გამიზნულად ჰქონდა ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ და რაც დასრულდა კიდეც მისი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო გასხვისებითა და საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიასთვის გადაცემით.

2.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ქალბატონი გიული ალასანია, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, იმდროინდელი დანაშაულის დაფარვის მიზნით, დღეს ცდილობს პირდაპირი თუ ირიბი დარტყმები მიაყენოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და მოახდინოს უნივერსიტეტის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის თვალში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკანონოდ გასხვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ბრძოლის დაწყებისთანავე გამოთქვამდა და ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას, ღირსეულად გაუმკლავდეს და კანონიერი გზით მოიგერიოს ის დარტყმები, ზეწოლა და თავისი კანონიერი მოთხოვნის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის უხეში მცდელობები, რასაც დაინტერესებული  მხარისაგან, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ ჰქონია ადგილი სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში, სოციალურ ქსელებსა და განსაკუთრებით, რადიკალურად განწყობილი ტელეკომპანიების ეთერში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ამჯერადაც სწორედ აღნიშნული თემაა  ტელეკომპანია “ტვ პირველის” ჟურნალისტის – მაკა ჩიხლაძის ირიბი დაინტერესების და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე, მის რექტორსა და სამეცნიერო წრეებზე მორიგი შეტევის მიზეზი, რაც რექტორისა და მისი ოჯახის ქონებით, ასევე, საუნივერსიტეტო ქონებით დაინტერესებაში გამოიხატება. 

1 (7).png

გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და მისი ოჯახი 2001 წლამდე პერიოდში ეწეოდნენ ბიზნესსაქმიანობას და ფლობდნენ სოლიდურ ქონებას – აღნიშნული ფაქტი ფართო  საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დავით გურგენიძე წარმატებით ახორციელებდა ბიზნესს ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ავსტრიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2001-2004 წლებში, საჯარო მოხელედ მუშაობის პერიოდში, დავით გურგენიძე იმდროინდელი სახელმწიფო უწყების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს მოთხოვნის შესაბამისად, რეგულარულად ავსებდა „ცნობას  თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების წარმოდგენის თაობაზე, რომლებშიც მითითებულია მისი კუთვნილი ქონების წარმოშობის, მათ შორის 2001 წლამდე შეძენილი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია. 2004 წლიდან კი დავით გურგენიძემ დატოვა საჯარო სამსახური და ისევ ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდა. 2007-2010 წლებში კი უკანონოდ ჩამორთმეული მრავალმილიონიანი ქონების დასაბრუნებლად, რაც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის, დავით გურგენიძემ და მისმა ოჯახმა მრავალგზის შევიწროება, დევნა და არაერთი სირთულე გადაიტანეს. დღეის მდგომარეობით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შესაბამისად, დავით გურგენიძისა და მისი ოჯახისთვის დაბრუნებას ექვემდებარება. 

საზოგადოება ინფორმირებულია იმის შესახებაც, რომ დავით გურგენიძე 2012 წლიდან დღემდე სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეწევა, არის ცნობილი მეცნიერი და ჰიდროინჟინერი; 2020 წლიდან ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორია, რომელიც 2024 წელს მეორე ვადით იქნა არჩეული; არის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს არაერთი წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და წარმატებით ეწევა საინჟინრო-კვლევით საქმიანობას მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო კოლაბორაციებში, ხოლო ბიზნესსაქმიანობას მისი ოჯახის წევრები აგრძელებენ, რომლებიც არ არიან დასაქმებული საჯარო სამსახურში.

საგულისხმოა ისიც, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტი საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველ უმაღლეს საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ სკოლას, რომელიც უკვე 103 წელია ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველს, დაუსაბუთებლად ედავება და ეჭვქვეშ აყენებს საუნივერსიტეტო სისტემაში მოქმედი ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის ვაკის რაიონში მდებარე ამორტიზებული შენობის აუქციონის წესით გაყიდვისა და მის ნაცვლად თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი კვლევითი კომპლექსის აშენების ნამდვილობას – მით უმეტეს, რომ ამორტიზებული შენობა 2018 წლიდან აღარ წარმოადგენს სტუ-ის საკუთრებას და გადასულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. ამასთან, აღნიშნული შენობის აუქციონის წესით გასხვისება არ წარმოადგენდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრეროგატივას; შესაბამისად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ამ პროცესში არასოდეს ჩარეულა და ვერც ჩაერეოდა.  

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის ახალი კვლევითი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს, რომ უკვე შერჩეულია ვრცელი მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, სტუ-ის კუთვნილ ტერიტორიაზე; დამტკიცებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან, ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთანავე, წყალთა მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტისთვის დაიწყება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპლექსის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი გახდება სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო უახლესი-ტექნიკა დანადგარების და ლაბორატორიების მონტაჟი, ხოლო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს შეექმნებათ საუკეთესო გარემო მუშაობისა და კვლევისთვის. 

ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას, სამართლებრივი გზითა და კანონიერიერების ფარგლებში ღირსეულად დაიცვას თავისი სიმართლე და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების ინტერესები. 

ამასთან ერთად, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე გამოხატავს სრულ მზაობას მიუკერძოებელ საზოგადოებრივ სივრცეში დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია როგორც პირადი თუ თავისი ოჯახის, ასევე საუნივერსიტეტო ქონების შესახებ” – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალურ განცხადებაში. 

სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერებმა ნიდერლანდებში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებების და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერებმა თამუნა მოდებაძემ და გიორგი ანდიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში – The 43rd Annual Meeting of the European Culture Collections’ Organization (ECCO XLIII), მონაწილეობა მიიღეს. 

ECCO-ს ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ევროპის წამყვანი კვლევითი ცენტრები და მეცნიერები იკრიბებიან მიკროორგანიზმების კოლექციების, ბიომრავალფეროვნების, ბიოტექნოლოგიისა და ინოვაციური სამეცნიერო მიდგომების განვითარების შესახებ გამოცდილებისა და ახალი კვლევების გასაზიარებლად.

Untitled design (9).png

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერის თამუნა მოდებაძის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია  – ECCO XLIII, ქალაქ უტრეხტში (ნიდერლანდები)  გაიმართა და მასში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ახალგაზრდა მკვლევრები და მეცნიერები მონაწილეობდნენ. 

„საერთაშორისო კონფერენციაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება: კოლექციების შექმნა და მათი მეტაბოლური პოტენციალის შესწავლა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე რეგიონული ღვინოების ფორმირებისთვის“ ფარგლებში,  მივიღეთ მონაწილეობა და წარვადგინეთ პოსტერი თემაზე –  „საქართველოს ქართლის რეგიონის ვენახებიდან გამოყოფილი საფუვრების ბიომრავალფეროვნება (Biodiversity of yeasts isolated from vineyards of Qartli region of Georgia)“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ღვინის მეცნიერებისთვის, ისე ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის”, – აცხადებს თამუნა მოდებაძე. 

საერთაშორისო კონფერენციაზე ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების წარდგენილი კვლევა მოიცავს ქართლში გავრცელებული ვაზის ენდემური ჯიშების ყურძნებზე არსებული საფუარების ბიომრავალფეროვნების დეტალურ შესწავლას. როგორც ახალგაზრდა მეცნიერი გიორგი ანდრიაშვილი აცხადებს კვლევის მიზანია იმ მიკრობული ეკოსისტემების იდენტიფიცირება და გაანალიზება, რომლებიც განსაზღვრავენ ღვინის დუღილის პროცესს, მის არომატულ და გემოვნურ თვისებებს, ასევე პროდუქტის საბოლოო ხარისხს.

Untitled design (10).png

„ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა საქართველო აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უძველესი ღვინის სამშობლო, სადაც ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ უნიკალურ მიკროგარემოს ქმნის. სწორედ ეს მიკრობული უნიკალურობა განაპირობებს ქართული ღვინის ინდივიდუალურ organoleptic პროფილს და მას მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას მატებს. კვლევა არ შემოიფარგლება მხოლოდ საფუარების იდენტიფიკაციით, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტრადიციული მეღვინეობის თანამედროვე სამეცნიერო დონეზე გააზრებისა და განვითარებისთვის, რადგან მიღებული შედეგები ხელს უწყობს ქართული ენდემური ვაზის გენეტიკური და მიკრობიოლოგიური რესურსების დაცვას, მათი პოტენციალის უკეთ გამოყენებას და ახალი ბიოტექნოლოგიური მიდგომების დანერგვას. ეს პროექტი, როგორც სამეცნიერო, ისე კულტურული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას, აძლიერებს საქართველოს კვლევით პოზიციას რეგიონში და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ახალგაზრდა მეცნიერებისთვის გლობალურ სამეცნიერო თანამეგობრობაში. გარდა ამისა, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ theYeasts.org Workshop-ში (Westerdijk Institute, Utrecht), რომელიც ეხებოდა საფუვრების იდენტიფიკაციის მეთოდებსა და კოლექციების მართვის პრაქტიკას. აღნიშნულმა ვორქშოპმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩვენი ცოდნა საფუვრების კვლევის მიმართულებით და პრაქტიკული გამოცდილება შეგვძინა“, – აცხადებს ანდიაშვილი.

Support

Why are you writing to us?