სტუ, იტალიელ კოლეგებთან პარტნიორობით, ახალ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროექტის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნაზე მუშაობას აგრძელებს.
ერთობლივი სამაგისტრო ინგლისურენოვანი პროგრამის შემუშავება ხელს შეუწყობს მთის კვლევისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადებას, ორივე ქვეყნის სტუდენტთა საერთაშორისო გამოცდილების გაფართოებას, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მილანის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.
სამუშაო შეხვედრებში, რომელსაც მოცემულ ეტაპზე მილანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ჩართულნი იყვნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ქობლიანიძე და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე.
პროფესორ ნოე ხოზრევანიძის განცხადებით, სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მოდელთან დაკავშირებული მოსაზრებები შეაჯერეს და სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს CIF საგრანტო პროექტის მიზნები და მისი მდგრადობის საკითხები. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შეხვდნენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-ის ხელმძღვანელს, პროფესორ ანა ჯორჯის, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ რიკარდო ჯუჯეტის და აკადემიურ პერსონალს. როგორც ნოე ხოზრევანიძე აღნიშნავს, შეხვედრებს ფასილიტაციას უწევდა მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი სტეფანო კორსი.

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იტალიელი კოლეგების მხარდაჭერით შედგა შეხვედრა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელ, პროფესორ ლუჩია ანჯოლინისთან, რომელთან ერთადაც სამთო-გეოლოგიური მიმართულების განვითარებისა და მისი ინტერნაციონალიზაციის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, გაიმართა ონლაინ შეხვედრები ევროპის მთის კვლევის ქსელის (NEMOR) და ევროპის მთიანი რეგიონების ასოციაცია EUROMONTANA-ს ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც შეაჯერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები.
როგორც პროფესორი გიორგი ჭიჭინაძე აღნიშნავს, მილანის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრები ასევე მნიშვნელოვანი იყო სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სამომავლო განვითარების მხრივ. გიორგი ჭიჭინაძის თქმით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტებისთვის მილანის უნივერსიტეტში ორდიპლომიანი პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობები.
პროფესორ თამარ ქობლიანიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ედოლოში საჯარო ლექციები გამართეს UNIMONT-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის. თამარ ქობლიანიძე ამბობს, რომ მილანის უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერსპექტივით, შესაბამისად, სტუ-ის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, კვლევითი ინფრასტრუქტურა და ის შესაძლებლობები, რომლითაც სტუ-ში საერთაშორისო სტუდენტები სარგებლობენ.
როგორც სტუ-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთის მდგრადი განვითარების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების პროცესისთვის განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა იტალიის მთიან რეგიონებში მდებარე სარეკრეაციო და საკვლევ სივრცეებში ვიზიტებს ენიჭება: ლივინიოს მთიან მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს Milano-Cortina 2026-ის ოლიმპიური ობიექტები და გაეცნენ კომპანია „მოტოლინოს“ საქმიანობას, რომელიც ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა პასუხისმგებელი; დაათვალიერეს ტრენტოს მეცნიერების მუზეუმი (MUSE), ხოლო მუზეუმის ადმინისტრაციასთან შეხვდრის ფარგლებში, იმსჯელეს სამთო-გეოლოგიურ და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მოქმედი მუზეუმების განვითარების შესაძლებლობასა და მათ ბაზაზე ერთობლივი საგანმანათლებლო ფორმატების შემუშავების შესახებ; გაეცნენ იტალიის მთიან რეგიონებში დაფუძნებულ ისეთ მცირე საწარმოებს, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ UNIMONT-თან, საქმიანობის პროცესში კი ინოვაციურ ცოდნასა და უნივერსიტეტთან პარტნიორობით შექმნილ პრაქტიკულ მოდელებს იყენებენ.
საქართველოს ტექნიკური უნივეტსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მილანის უნივერსიტეტისა და კვლევით ცენტრ UNIMONT-ის ოფიციალურ ვეგვერდზე.
კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო პროექტის გუნდი მადლობას უხდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მილანის უნივერსიტეტის ადმინისტრაციებს პროექტის შეუფერხებელად განხორციელებისთვის, ასევე მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების დეპარტამენტისა და UNIMONT-ის ხელმძღვანელობას – გულთბილი მასპინძლობისა და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
Related
დავით მაკასარაშვილის ხსოვნას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის - დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების...
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის...
სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების...
„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი - „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო...
„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში
18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის...
სტუ სტარის დამატებითი კასთინგი
მსურველთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, სტუ სტარის დამატებითი კასთინგი ჩატარდება. მსრუველები...