სტუ-ის ბიბლიოთეკას აკადემიკოს სერგი ჯიქიას ოჯახმა მეცნიერის წიგნებისა და გამოცემების უნიკალური ფონდი გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში თურქოლოგიის მფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის – სერგი ჯიქიას წიგნებისა და გამოცემების უნიკალური ფონდის გამოფენა მიმდინარეობს.
აკადემიკოს სერგი ჯიქიას წიგნების უნიკალური ფონდი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას მისმა ოჯახმა გადასცა, რაც მნიშვნელოვანი წვლილია ქართული სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია აკადემიკოს სერგი ჯიქიას პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი, რომელიც მოიცავს იშვიათ გამოცემებს, სამეცნიერო ნაშრომებსა და აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ლიტერატურას. პროფესორ ვაჟა პაპასკირის განცხადებით, ფონდი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს როგორც მკვლევართათვის, ისე სტუდენტებისა და ფართო აკადემიური საზოგადოებისათვის.
„აკადემიკოს სერგი ჯიქიას წიგნებისა და გამოცემების უნიკალური ფონდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისთვის გადმოცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. აღნიშნული კოლექცია არა მხოლოდ ასახავს ქართველი მეცნიერის მრავალწლიან სამეცნიერო მოღვაწეობას, არამედ წარმოადგენს ღირებულ წყაროს აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის სფეროში მომავალი კვლევებისთვის. მსგავსი ფონდების დაცვა, კვლევითი პროცესისთვის ხელმისაწვდომობა და მათი ინტეგრირება აკადემიურ გარემოში ბიბლიოთეკის ერთ-ერთ უმთავრეს მისიას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს როგორც ეროვნული სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ისე მისი შემდგომი განვითარებისთვის მყარი საფუძვლის შექმნას”, – აცხადებს ვაჟა პაპასკირი.
როგორც დიდი მეცნიერის შვილიშვილი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ანა ჯიქია აღნიშნავს, ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინიციატივას – უნივერსიტეტში ჩამოყალიბდეს აკადემიკოს სერგი ჯიქიას სახელობის უნიკალური ფონდი, რომლის საფუძველსაც მისი პირადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოადგენს.
„სერგი ჯიქია იყო არა მხოლოდ ქართული თურქოლოგიის ფუძემდებელი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, არამედ მეცნიერი, რომელმაც ქართული და თურქული აკადემიური სივრცეები ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. მისი მიერ მომზადებული და გამოცემული „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩება საქართველოს ისტორიის, ოსმალური ადმინისტრაციული სისტემისა და კავკასიის ისტორიული პროცესების კვლევისთვის. მიმაჩნია, რომ აკადემიკოსის უნიკალური ბიბლიოთეკის უნივერსიტეტისთვის გადაცემა და მის საფუძველზე სპეციალური ფონდის შექმნა იქნება არა მხოლოდ მემორიალური, არამედ მკვეთრად პრაქტიკული და კვლევითი მნიშვნელობის მქონე ნაბიჯი. ამ ფონდის ფარგლებში „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ რამდენიმე ფურცლის ჩვენება ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და მკვლევრების უშუალო კონტაქტს პირველწყაროებთან და გააძლიერებს ისტორიულ-დოკუმენტურ ცნობიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფონდი უნივერსიტეტისთვის გახდება შინაარსობრივი პლატფორმა თურქ კოლეგებთან აკადემიური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. სერგი ჯიქიას ნაშრომები თურქოლოგიისა და ოსმალური კვლევების სფეროში დღესაც ავტორიტეტულ და საყრდენ წყაროდ მიიჩნევა, რაც ქმნის ბუნებრივ საფუძველს ერთობლივი კვლევების, პროექტებისა და სამეცნიერო დიალოგისთვის. ჩემთვის ეს ინიციატივა პირადი მნიშვნელობის მატარებელიცაა: მე ვარ აკადემიკოს სერგი ჯიქიას შვილიშვილი, რომელმაც სწავლა, აკადემიური ხარისხის დაცვა და შემდგომი სამეცნიერო საქმიანობა სწორედ ამ უნივერსიტეტში განახორციელა. უნიკალური ფონდის შექმნა ამ სივრცეში ჩემთვის სიმბოლურადაც და პროფესიულადაც ასახავს აკადემიური ტრადიციის, თაობებს შორის უწყვეტობისა და უნივერსიტეტის ღირებულებების თანხვედრას. ვფიქრობ, რომ აკადემიკოს სერგი ჯიქიას სახელობის ფონდი გახდება უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის გამაძლიერებელი, მისი აკადემიური იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის ღირებული საყრდენი“, – აცხადებს ანა ჯიქია.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...
