სტუ-ის რექტორი სტუდენტებს მწვანე და აგრო სტიპენდიების მოპოვებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 9 სტუდენტი საქართველოს მასშტაბით იმ 72 სტუდენტს შორისაა, რომლებმაც 2025 წლის „მწვანე“ და „აგრო“ სტიპენდიები მოიპოვეს.
წლევანდელი „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან „მწვანე სტიპენტიანტები“ გახდნენ სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ვახტანგ ბლუაშვილი და სამთო და გეოინჟინერიის პროგრამის მაგისტრანტები – ლაშა ოკმელაშვილი, ლაშა კუსიანი, ელენე ლომინაძე, გიორგი მოსეშვილი და თენგიზ შუბითიძე; „აგროსტიპენდია“ კი მოიპოვეს აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა – ნინი ყავლაშვილმა და შოთა იბელაშვილმა, ასევე, „მევენახეობა-ენოლოგიის“ პროგრამის მაგისტრანტმა გიორგი მენოგნიშვილმა.
ახალგაზრდებს „მწვანე“ და „აგრო“ სტიპენდიების მოპოვებას ულოცავს და კარიერული განვითარების გზაზე წარმატებას უსურვებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, დღევანდელი სტიპენდიანტები მომავალი ის ინჟინერ-ტექნოლოგები და მკვლევრები არიან, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს კლიმატგონივრულ განვითარებაში. ამ ჭრილში კი, დავით გურგენიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების გაძლიერება ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრებით. „ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს წლევანდელი „მწვანე“ და „აგრო“ სტიპენდიების მოპოვებას. ეს წარმატება თითოეული მათგანის მიზანმიმართული შრომის, ცოდნის მიღებისა და განვითარების დიდი სურვილის ნათელი დადასტურებაა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა მომავლის გამოწვევების გათვალისწინებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პრიორიტეტულად მიიჩნევს ისეთი საინჟინრო-ტექნოლოგიური პროფესიების განვითარებას, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებასთან, გარემოს დაცვასთან, კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებასა და სოფლის მეურნეობის თანამედროვე, ინოვაციური გზებით განვითარებასთან. „მწვანე“ და „აგრო“ სტიპენდიანტები ის ახალგაზრდა თაობააა, რომელიც ხვალ საქართველოსთვის საჭირო ინჟინერ-ტექნოლოგებად, მკვლევრებად და პროფესიონალებად ჩამოყალიბდება.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ერთვებიან ისეთ პროგრამებში, რომლებიც არა მხოლოდ აკადემიურ და კვლევით წარმატებას, არამედ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასაც მოიცავს. მათი წარმატება ძლიერი მოტივაციაა სხვა სტუდენტებისთვისაც და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქმნის ძლიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს ქვეყნის პრიორიტეტული დარგებში კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად.
სტიპენდიანტებს ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს სწავლაში, პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, მათი ცოდნა და ენერგია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს კლიმატგონივრული და მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში“, – აღნიშნავს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
სტიპენდიანტთა დაჯილდოების ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, სტუ-ში „მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე.
როგორც ნატო ქათამაძე აღნიშნავს, „მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამის გამარჯვებული სტუდენტები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა დააჯილდოვეს. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში თითოეულ ახალგაზრდას 1500-ლარიანი სტიპენდია გადაეცა.
ცნობისთვის, „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2022 წლიდან ახორციელებს.
პროგრამა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას, წარჩინებული სტუდენტების წახალისებას და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნას შესაბამის სახელმწიფო უწყებებში. „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...

