სტუ-ის სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფი მნიშვნელოვანი აღმოჩენის თანამონაწილე გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, ცნობილი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო თანამონაწილეები გახდნენ.
არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელშიც სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები და არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ, მიაკვლია ქვაწრიანი და ქვაყრილიანი გორასამარხების სამაროვანს, რომელიც, სკვითური ეპოქით ძვ.წ. VII-VI საუკუნეებით თარიღდება.
არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი, არქეოლოგი მერაბ ძნელაძე, ხოლო სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფს – სტუ-ის არქეოლოგიის პროგრამის მაგისტრანტი, „ქართულ ტაძარ-მონასტრების აღმშენებლობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და საადგილმამულო ბანკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის (აიპ). ს/კ 4019855“ კომუნიკაციის გენერალური მენეჯერი, არქეოლოგი გიორგი კვირკველია.
როგორც სტუ-ის სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი, მაგისტრანტი გიორგი კვირკველია აღნიშნავს, არქეოლოგიურ გათხრებში, რომელიც თბილისის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა აღმოჩენილი 2 სამარხი შეისწავლეს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტია მომავალი არქეოლოგების პროფესიული დახელოვნების კუთხით.
„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები რამდენიმე წელია ეპიზოდურად მიმდინარეობს. ექსპედიციის მიზანი ადრე შესწავლილი გორასამარხისა და ნაწილობრივ დაზიანებული სამაროვნის გადარჩენა, ასევე, ძეგლის შესახებ გავრცელებისა და სტრატიგრაფიული მონაცემების დაზუსტება იყო. გათხრითი სამუშაოების ჩატარებისას კი ექსპედიციამ მიაკვლია ქვაწრიანი და ქვაყრილიანი გორასამარხების სამაროვანს, სადაც ორი სამარხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეისწავლეს, მიიღეს უშუალო მონაწილეობა, როგორც დაზვერვით სამუშაოებსა და სტაციონარულ გათხრებში, ასევე, ძეგლის აღმოჩენილი მონაკვეთის აგეგმვაში, ქვაყრილის ზედაპირის გაწმენდასა და სამარხების პრეპარაციაში.
აღმოჩენილი პირველი სამარხის შიდა სივრცეში, თანდათანობით დაღრმავების პროცესში, გაფანტული ინვენტარი არ გამოვლენილა, რაც ძეგლის გაძარცვაზე არ მიანიშნებს, თუმცა დიდი ზომის ქვების ჩაწოლის გამო, მიცვალებულის თავის ქალა და ქვედა კიდურის ძვლები, ასევე, სამარხისეული ინვენტარი ძლიერ არის დაზიანებული. ძვლების განლაგების მიხედვით, ახალგაზრდა ინდივიდი სამარხში მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ იყო ჩასვენებული. პირველ სამარხში ექსპედიციამ აღმოაჩინა შემდეგი არქეტიპები: თიხის კათხა, ხელადა, თიხის დოქი, ობსიდიანის ანატკეცი, ბრინჯაოს სკვითური ისრისპირები, რკინის სატევრის ფრაგმენტი, რკინის ღეროს 3 ფრაგმენტი და ალებარდის ნაშთი. 0,35-0,40 მეტრზე დაღრმავებისას, იმავე სამარხისეულ ორმოში აღმოვაჩინეთ მეორე სამარხიც, რომლის კონტური არ იკითხებოდა. ამ სამარხის ცენტრში, მიცვალებულის ნაშთი, ძვლების განლაგების მიხედვით, ასევე, დაკრძალულია მარცხენა გვერდზე, თუმცა დამხრობა, ძვლების დაზიანების გამო, ვერ დავადგინეთ. გარდა ამისა, მეორე სამარხში თიხის ქილა და ორი თიხის დერგი აღმოვაჩინეთ. რა თქმა უნდა, სამეცნიერო დასკვნები აღმოჩენილი მასალის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ გაკეთდება. თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ სამაროვნის ეს მონაკვეთი, გამოვლენილი სამარხისეული კომპლექსების მიხედვით, სკვითური ეპოქით, ძვ.წ. VII-VI საუკუნეების ფუნქციონირების დროს ასახავს. ეს არქეოლოგიური გათხრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტუდენტებისთვის – მომავალი არქეოლოგებისთვის აღმოჩნდა. სტუ-ის „ახალგაზრდა არქეოლოგთა გაერთიანება“ მხარდაჭერისა და ექსპედიციის მოწყობისთვის მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას“, – ამბობს სტუ-ის მაგისტრანტი გიორგი კვირკველია.
სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრებთან და ცნობილ არქეოლოგებთან ერთად, არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების სამივე საფეხურის 45 სტუდენტი იყო ჩართული. დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ექსპედიციისთვის სტუდენტები სათანადოდ მომზადებული და კარგად ეკიპირებული იყვნენ.
„არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი არქეოლოგი მერაბ ძნელაძე. გათხრებში მონაწილეობდნენ ჩვენი ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები: პროფესორი ვაჟა სადრაძე, დოქტორები: გია ნადირაშვილი და მარიკა იზორია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი, დოქტორი გრიშა გოდერძიშვილი, თსუ-ის პროფესორი, არქეოლოგი ირაკლი ანჩაბაძე. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწორედ მათი ხელმძღვანელობით გაიარეს საველე კვლევა-ძიების მეთოდიკის კურსი და გახდნენ კიდეც არქეოლოგიური აღმოჩენის თანამონაწილეები. ექსპედიციაში ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 45 სტუდენტი თეორიული ცოდნის გაღრმავების მიზნით მონაწილეობდა. ახალგაზრდები, როტაციის საფუძველზე, მონაცვლეობით იღებდნენ მონაწილეობას არქეოლოგიურ გათხრებში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია სათანადოდ იყო მომზადებული, მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ ეკიპირებით: კარვებით, საძილე ტომრებით, კარვის ნათურებით, სამუშაო და საპრეპარაციო იარაღებით, სტაციონარული კარვით, კვებითა და ტრანსპორტით. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება წლევანდელი ზაფხული, რომელიც მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას უკავშირდება. გარდა ამისა, საველე სამუშაოებით მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები ამ ზაფხულს კიდევ ერთ საინტერესო არქეოლოგიურ ექსპედიციაში გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში“, – აღნიშნავს დეკანი ივანე ჯაგოდნიშვილი.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის აღმოჩენის შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ „ალმანახის“ მე-4 ნომერში გამოქვეყნდება, სამარხებში აღმოჩენილი არქეტიპების გამოფენა კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის სამუზეუმო ფონდებში მოეწყობა.
Related
“Energy Open Space” – A new project has been launched at the Faculty of Power Engineering
A new educational and scientific project – “Energy Open Space” – has been launched at the Faculty of Power Engineering...
Registration for spring admission professional education programs has begun
Registration for spring admission professional education programs for the 2026 academic year at the Georgian Technical University began on May...
GTU Rector – Let us ask the Virgin Mary to give us strength, so that our choice in the future will become a source of goodness, peace, and development for Georgia
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates his colleagues and students on the Day of the...
GTU Rector – May God bless Your Holiness, the Georgian Church, and all of Georgia
On behalf of the university community, Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates the Georgian Orthodox Church,...
Guram Makharadze – 85
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, congratulates Professor Guram Makharadze...
The Rector of the Georgian Technical University expresses condolences on the death of young teacher and researcher Levan Dundua
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, on behalf of the university community, expresses his sorrow on...