სტუ-ში სამუშაო ვიზიტით კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაცია იმყოფება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology, პოლონეთი) გეოლოგიის, გეოფიზიკის და გარემოს დაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეები და ფაკულტეტის პეტროგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იმყოფებიან.
კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ.
მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების პერსპექტივები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართულობის, ასევე გეოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით კვლევითი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კრაკოვის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
როგორც პროფესორი ზურაბ გუდავაძე აცხადებს, AGH უნივერსიტეტი გეოლოგიის, გეოფიზიკისა და გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ევროპული საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრია. შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხები ხელს შეუწყობს როგორც სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, ისე უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციასა და სამეცნიერო პოტენციალის ზრდას.
„კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, რომელიც ევროპაში ლიდერია სამთო-გეოლოგიური მიმართულებით, ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ ეტაპზე გადადის. ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი მთავარი მიმართულებით: პირველი, ეს არის მდგრადი განვითარება. თანამედროვე სამთო საქმე წარმოუდგენელია გარემოსდაცვითი სტანდარტების გარეშე. ჩვენი პოლონელი კოლეგები წარმოადგენენ ფაკულტეტს, რომელიც გეოლოგიასა და გარემოს დაცვას აერთიანებს. მათი გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარება, სასწავლო პროცესში კიდევ უფრო მყარად დავნერგოთ „მწვანე ტექნოლოგიები“ და რესურსების მოპოვების ისეთი მეთოდები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს ეკოლოგიურ ზეგავლენას. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ სპეციალისტები, რომლებმაც იციან, როგორ დაიცვან ბალანსი ინდუსტრიულ განვითარებასა და გრემოსდაცვით გამოწვევებს შორის. მეორე და უმთავრესი, ეს არის პირდაპირი სარგებელი ჩვენი სტუდენტებისთვის. დელეგაციაში პეტროგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ყოფნა ნიშნავს, რომ ვიწყებთ მუშაობას კვლევითი მეთოდების დახვეწაზე. სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს წვდომას თანამედროვე ლაბორატორიულ პრაქტიკაზე და რაც მთავარია, რეალურ პერსპექტივას გაცვლით პროგრამებში. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს ევროპულ კვლევებში, გაიაროს სტაჟირება პოლონეთში და გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზარზე“, – აცხადებს ზურაბ გუდავაძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგნელები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომლის ფარგლებშიც უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს და დაიწყება ერთობლივი, ორდიპლომიანი ინგლისურენოვანი სასწავლო სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე მუშაობა, ასევე უნივერსიტეტებს შორის დაიწყება ERASMUS+ და ERASMUS K171-ის ფარგლებში თანამშრომლობა, სტუდენტთა საზაფხულო სკოლის პროექტზე ერთობლივი მუშაობა, ასევე მხარეები შეთანხმდნენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში ერთობლივი საგრანტო პროექტების შემუშავების თაობაზე.
Related
დავით მაკასარაშვილის ხსოვნას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის - დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების...
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის...
სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების...
„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი - „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო...
„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში
18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის...
სტუ სტარის დამატებითი კასთინგი
მსურველთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, სტუ სტარის დამატებითი კასთინგი ჩატარდება. მსრუველები...
