საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის განუყოფელი ნაწილია, ევროპული გზა კი – უალტერნატივო. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო და შეინარჩუნა მამული, ენა, სარწმუნოება.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რექტორის, ადმინისტრაციის, აკადემიური წრეებისა და სტუდენტების ურყევ პოზიციას – საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია უალტერნატივო პროცესი. ქართველმა ერმა ამ გზაზე ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, ღირსეულად გაუძლო, შეინარჩუნა და განავითარა – „მამული, ენა, სარწმუნოება“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტურად ღირებულია დემოკრატიის პრინციპები და გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. ამდენად, თქვენ ვერ მოიყვანთ თუნდაც ერთ მაგალითს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის ან პედაგოგებისთვის შეეზღუდა სამოქალაქო აქტივობა – ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა, რომელსაც პატივს ვცემთ. ასევე, ვაცხადებთ, რომ უნივერსიტეტის ვალდებულებაა გაითვალისწინოს ყველა სტუდენტის და პროფესორ-მასწავლებლის ინტერესები და უზრუნველყოს უწყვეტი სასწავლო პროცესი.
მტკიცედ გვჯერა, რომ უნივერსიტეტი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც საზოგადოებიაში არსებულული ყველა საჭირბოროტო პროცესის შესახებ აზრთა აკადემიური დუღილი მიმდინარეობს და არ არის გარედან იმპორტირებული პოლიტიკური სარბიელი სხვადასხვა მოტივაციით დაინტერესებული ჯგუფებისთვის.
საქართველოს უახლესი ისტორია დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისთვის გმირული ბრძოლის მაგალითია. 80-90-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის არც ერთ ეტაპზე, ლიდერებს სტუდენტებისთვის არ მოუწოდებიათ ჩაეშალათ სასწავლო პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აქტივისტი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. არადა, იმ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი – დამოუკიდებლობის საკითხი წყდებოდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველთვის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ავანგარდში იყვნენ. ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმძიმეს დღეს, 9 აპრილს, გამთენიისას, როცა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, სასტიკად მოკლული 21 ადამიანიდან, ხუთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული იყო.
დღეს, ევროინტეგრაციისკენ მიმავალი ქვეყნისთვის განათლება და მეცნიერება არის ის ფუნდამენტი, რომელიც უნივერსიტეტის მკვლევრებსა და სტუდენტებს გზას უხსნის ევროპის, ამერიკის, აზიის წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცისკენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული მსოფლიოს გლობალურ კვლევებსა და კოლაბორაციებში, როგორიცაა: შვეიცარიაში – CERN-ის CMS და ATLAS ექსპერიმენტები, იაპონიაში – KEK-ის და J-PARC-ის COMET ექსპერიმენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში – FERMILAB-ის LBNF/DUNE ექსპერიმენტი, გერმანიაში იულიხის ცენტრთან მიმდინარე ერთობლივი კვლევები და სხვა. მომავალში, ეს პროცესები სწორედ თქვენი, განსწავლული და ერუდირებული ახალგაზრდების მონაწილეობით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და ამისთვის ყოველმხრივ მზად უნდა იყოთ.
ნებისმიერ განსაცდელსა თუ კარიერული განვითარების ეტაპზე უნივერსიტეტი ყოველთვის სტუდენტის გვერდით დგას. ასე იყო მუდამ და ასე იქნება მომავალშიც! კომუნიკაცია არ წყდება, მიუხედავად ახალგაზრდების სამოქალაქო პოზიციისა – ისინი ყველანი ჩვენი სტუდენტები, ჩვენი შვილები არიან! ამის ნათელი მაგალითი არის დღეს,
16 მაისს თუ უფრო ადრე, მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სტუდენტებთან შეხვედრები და დიალოგი”,
– აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი
სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცივილიზაციათა დიალოგი, პრობლემები და გამოწვევები“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-სა და ჩინეთის ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (Lanzhou University of Technology) შორის...
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...