მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა მიიღო.

იმიტირებული გამოცდის მიზანი აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობების შეთავაზება და მათთვის თავიანთი ცოდნისა და უნარების შეფასების შესაძლებლობის მიცემაა.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მონაწილეებს მათემატიკის იმიტირებული ტესტები შესთავაზეს, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული საგამოცდო ტესტების ნიმუშების მიხედვით მომზადდა. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, იმიტირებული გამოცდა სრულად შეესაბამებოდა ეროვნული გამოცდების ფორმატს და პროცედურებს, რაც აბიტურიენტებს დაეხმარა როგორც საგამოცდო გარემოსთან ადაპტაციაში, ისე დროის მართვისა და ტესტზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.

„მოხარული ვართ, რომ მათემატიკის იმიტირებულ ეროვნულ გამოცდაში 220 აბიტურიენტი ჩაერთო. მსგავსი ფორმატის გამოცდებს უკვე მესამე წელია ვატარებთ. იმიტირებული გამოცდები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ საკუთარი ცოდნა რეალურ საგამოცდო გარემოში შეამოწმონ, უკეთ შეაფასონ საკუთარი მზადყოფნა და მიიღონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებს შევუქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული ეროვნული გამოცდების რეალურ გარემოსთან. სწორედ ამიტომ, ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ნიმუშების საფუძველზე მომზადდა, ხოლო გამოცდა სპეციალურად ორგანიზებულ საუნივერსიტეტო საგამოცდო სივრცეში ჩატარდა.

მათემატიკა ერთ-ერთი ფუნდამენტური დისციპლინაა როგორც საინჟინრო, ისე ტექნოლოგიური მიმართულებებისთვის. გვინდა მომავალ სტუდენტებს დავეხმაროთ არა მხოლოდ გამოცდებისთვის მზადებაში, არამედ იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც მათ შემდგომ პროფესიულ საქმიანობაშიც გამოადგებათ.

მადლობას ვუხდი საუნივერსიტეტო საგამოცდო ცენტრს, ფაკულტეტის თანამშრომლებსა და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის კვლევით ინსტიტუტს, სადაც იმიტირებული საგამოცდო ტესტები შეადგინეს და დაამუშავეს. დარწმუნებული ვართ, მიღებული გამოცდილება აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება“.

– პროფესორი თალიკო ჟვანია

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, იმიტირებული გამოცდები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ობიექტურად შეაფასონ ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვრონ დამატებითი მუშაობის საჭირო მიმართულებები და ეროვნული გამოცდების ეტაპს უფრო მომზადებული შეხვდნენ. როგორც პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია აცხადებს, კვლევითი ინსტიტუტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მათემატიკით დაინტერესება, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ქვეყნის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მომავალი.

„მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდების ჩატარება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც თვითშეფასების უნარის განვითარებას, ისე საგამოცდო პროცესის ეფექტიან დაგეგმვას. იმიტირებულ გამოცდაზე მუშაობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობას, არამედ იმასაც, რომ ტესტები ორიენტირებული ყოფილიყო ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასებაზე.

მათემატიკა არის უნივერსალური ენა, რომლის საშუალებითაც ადამიანი სწავლობს კანონზომიერებების აღმოჩენას, რთული პროცესების ანალიზსა და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას. მათემატიკური აზროვნება აყალიბებს ლოგიკურობას, სიზუსტეს, არგუმენტირების კულტურასა და ინტელექტუალურ დისციპლინას, რაც აუცილებელია როგორც საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში, ისე ეკონომიკაში, მედიცინაში, სოციალურ მეცნიერებებსა და თანამედროვე კვლევით საქმიანობაში.

დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერების, კიბერუსაფრთხოების, ციფრული ტექნოლოგიებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით, მათემატიკის როლი კიდევ უფრო მზარდია. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ სფეროებში კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება მათემატიკური საფუძვლების გარეშე. სწორედ ამიტომ, მათემატიკის სწავლება უნდა განვიხილოთ არა როგორც გამოცდის ჩაბარების საშუალება, არამედ როგორც მომავალი პროფესიული და სამეცნიერო წარმატების საფუძველი.

მოხარული ვართ, რომ უკვე მესამე წელია შესაძლებლობა გვაქვს წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში“.

– პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია


მსგავსი

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზ „ტონუსის“ გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.  საქართველოს ჩემპიონატში  „ტონუსთან“ ერთად,   ბათუმის,...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?