სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ დაარსებიდან 65 წლისთავი საიუბილეო კონცერტით – “ტრადიციები გრძელდება” აღნიშნა.

საიუბილეო საღამო, რომლის მხარდამჭერი სტუ-სთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იყო, საუნივერსიტეტო კაპელის დაარსებას, მის მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობას, ქართული საგუნდო ხელოვნების განვითარებაში უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა, პროფესორ-მასწავლებელთა და რექტორთა წვლილის აღნიშვნას მიეძღვნა.

საიუბილეო კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, სტუ-ის კაპელის სხვადასხვა თაობის ცნობილი სახეები, ასევე მოწვეული სტუმრები – ქართული მუსიკალური კულტურის წარმომადგენლები და საესტრადო შემსრულებლები.

საიუბილეო კონცერტზე, რომელსაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრმა უმასპინძლა, ვაჟთა სახალხო კაპელის მე-16 თაობა ქორმაისტერ ციცინო ფალავანდიშვილის დირიჟორობით მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა და ქართული ფოლკლორული და კლასიკური საგუნდო კომპოზიციები წარმოადგინა. მაყურებლის წინაშე,ასევე, წარდგნენ ვაჟთა საუნივერსიტეტო კაპელის ბაზაზე ჩამოყალიბებული ხალხურ საკრავთა ჯგუფი, ვოკალური კვარტეტი “ღიმილის ბიჭები”, ქალაქური სიმღერის ტრიო, ხალხურ საკრავთა ტრიო და ხალხური სიმღერის ანსამბლი, რომელთაც ქალაქური მუსიკისა და ხალხური შემოქმედების შედევრები სხვადასხვა ინსტრუმენტისა და საკრავის თანხლებით არჩვეულებრივად შეასრულეს და დარბაზის ოვაცია დაიმსახურეს.

კონცერტის ბოლოს სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელის მე-16 თაობას დარბაზიდან კაპელის უფროსი თაობის მომღერლები შეუერთდენ და მათთან ერთად ფინალური კომპოზიცია – ქართული კლასიკური პოლიფონიიის შედევრი „ჩაკრულო” ერთად შეასრულეს.

საიუბილეო კონცერტის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვაჟთა სახალხო კაპელასა და მის სამხატვრო ხელმძღვანელს საიუბილეო თარიღი სცენიდან მიულოცა და მორიგი წარმატგებები უსურვა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მოვლენაა იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელის დააარსებიდან 65 წლის იუბილეს აღნიშვნა. ეს ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის და თაობათა შორის უწყვეტი კავშირის არსებობის დადასტურებაა.

ექვსი ათწლეულზე მეტია საუნივერსიტეტო კაპელა ღირსეულად ავითარებს ქართული საგუნდო ხელოვნების საუკეთესო ტრადიციებს, ეროვნულ მუსიკალურ კულტურას და წარმატებით წარმოაჩენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელს ჩვენს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. საუნივერსიტეტო კაპელის შემოქმედებითი გზა უკავშირდება მრავალ გამარჯვებას, ჯილდოს თუ პრემიას და რაც მთავარია, იმ ადამიანების უდიდეს შრომას, რომლებმაც სხვადასხვა დროს გააძლიერეს ეს უნიკალური შემოქმედებითი ჯგუფი.

განსაკუთრებული პატივისცემით მინდა გავიხსენო კაპელის დამაარსებელი, გამოჩენილი მუსიკოსი და დირიჟორი იუზა კუბლაშვილი; მადლიერებას გამოვხატავ სხვადასხვა თაობის სტუდენტი შემსრულებლების და მხარდამჭერების მიმართ, რომელთა ძალისხმევით საუნივერსიტეტო ვაჟთა კაპელა დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქორმაისტერისა და დირიჟორის – ქალბატონი ციცინო ფალავანდიშვილის დაუღალავი და პროფესიონალიზმით გამორჩეული ღვაწლი. მისი ხელმძღვანელობით კაპელამ არაერთ საერთაშორისო ფესტივალსა და კონკურსზე მოიპოვა გამარჯვება, შეინარჩუნა მაღალი შემოქმედებითი დონე და აღზარდა თაობები, რომლებიც ქართული სიმღერის სიყვარულითა და ეროვნული ფასეულობების პატივისცემით გამოირჩევიან.

დღევანდელმა საიუბილეო კონცერტმა – მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით თბილისის მერიას – კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა ძლიერი შემოქმედებითი ჯგუფია, რომლის მთავარი სიმდიდრე ადამიანები, ტრადიციები და ქართული მრავალხმიანობის ერთგულებაა – ძველი და ახალი თაობების მიერ შესრულებული „ჩაკრულო“ კი სიმბოლოა იმისა, რომ საუნივერსიტეტო ტრადიციები გრძელდება. ვულოცავ ჩვენს ვაჟთა კაპელას 65 წლის იუბილეს, მადლობას ვუხდი ქართული კულტურისა და თავისი ალმა-მატერის პოპულარიზაციისთვის და ახალ შემოქმედებით მწვერვალებს ვუსურვებ“.

                    –  აკადემიკოსი დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ყოფილი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) ვაჟთა სახალხო კაპელა ცნობილმა მუსიკოსმა და დირიჟორმა იუზა კუბლაშვილმა დააარსა და მას მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ხოლო ამ პერიოდში შემოქმედებით ჯგუფს ქორმაისტერობას სოსო ფალავანდიშვილი უწევდა. 1981 წლიდან კაპელას შეუერთდა და 1989 წლიდან კი სათავეში ნიჭიერი მუსიკოსი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი ჩაუდგა.

1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2022 წელს კი, განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადმიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ციცინო ფალავანდიშვილს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: გრან-პრი – საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (ვილნიუსი, 1984); გრან-პრი – ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989), ხოლო 1990 წელს, იგივე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; გრან-პრი – საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი, 1990); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991);  საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი, 1997); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კუნძული როდოსი, 2005); „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილი (თბილისი, 2022); ვაჟთა სახალხო კაპელასთან მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი.

კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებით მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. 2011 წელს, სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.


მსგავსი

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

სტუდენტური აქტივობები

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს -  „BrainHack-AI 2026“  უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და...

სტუდენტური აქტივობები

„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...

სტუდენტური აქტივობები

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი

„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...

სტუდენტური აქტივობები

„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...

სტუდენტური აქტივობები

სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა. „ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის  ნაკრები...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?