“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი


„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ ამიტომ ავირჩიე „მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება“ – უნიკალური პროგრამა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და მთიანი რეგიონების განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და პერსპექტივებზეა ორიენტირებული“, – ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ბაქრაძე.

მარიამ ბაქრაძე სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. როგორც  მან აღნიშნა, პროგრამა – „მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება“, მოიცავს გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვის, მდგრადი განვითარების, რეგიონული დაგეგმარებისა და მთიანი ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ისეთ საკითხებს, რომელიც  სტუდენტს   შესაძლებლობას აძლევს, სიღრმისეულად შეისწავლოს მთიანი რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის თანამედროვე მიდგომები.

მისი თქმით, პროგრამა უნიკალურია და საქართველოში მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება, რაც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების სფეროში კარიერის შექმნას გეგმავენ.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უნივერსიტეტში არსებული სასწავლო გარემო. სტუდენტსა და ლექტორს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, მხარდაჭერასა და პროფესიულ განვითარებაზე. ლექტორები მუდმივად მზად არიან გაგვიზიარონ როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული გამოცდილება, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტი თანამშრომლობს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებთან, რაც სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც პროფესიული ზრდის, ისე საერთაშორისო გამოცდილების მიღების მიმართულებით.

უნივერსიტეტის მასშტაბით იმართება სხვადასხვა კონფერენციები, მათ შორის, შიდასაფაკულტეტო. მონაწილეობა მაქვს მიღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 88-ე ღია სამეცნიერო სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც გამარჯვებულ სამეულში მეც  აღმოვჩნდი. ასევე, ვმონაწილეობ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. პროექტებზე მუშაობის დროს ვიღრმავებ ცოდნას და ჩატარებული კვლევები კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას მაძლევს ჩემთვის საინტერესო მიმართულებით. ფაკულტეტის სტუდენტური აქტივობების ფარგლებში ხშირად გვქონდა გასვლები სხვადასხვა რეგიონებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც ვაცნობთ ჩვენს პროექტებს ორგანული წარმოების, მდგრადი ტურიზმისა და თანამედროვე ბიოტეგნოლოგიების შესახებ და თავადაც უდიდეს გამოცდილებას ვიღებთ ადგილობრივებთან მსჯელობის პროცესში. ასევე, მონაწილეობა მივიღე კურორტების სააგენტოს კონფერენციაში, სადაც შემარჩიეს და ჩამრთეს მრავალძალის კურორტად ჩამოყალიბების პროგრამაში.

მომეცა შესაძლებლობა  ფაკულტეტის გაზეთის მთავარი რედაქტორი ვყოფილიყავი.  ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად არაერთხელ შევხვდი ჩვენს იაპონელ პარტნიორს, რომელმაც გაგვიზიარა გამოცდილება. პირველი კურსიდანვე გავხდი სტიპენდიანტი, მომეცა შესაძლებლობა მიმეღო სხვადასხვა კერძო ფონდების სტიპენდიებიც (თამაზ ბექაიას ფონდი, იავნანას ფონდი).

სტუდენტებს აუცილებლად ვურჩევდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარებას, რადგან აქ არიან საკმაოდ ყურადღებიანი და გამოცდილი ლექტორები და, რაც მთავარია, ფაკულტეტზე არის უდიდესი შესაძლებლობა მიიღო კარგი პრაქტიკული გამოცდილება.  რაც მთავარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თავს გრძნობენ არა უბრალო თანაკურსელებად, არამედ ეს არის  ოჯახი, სადაც ყველა გვერდში უდგას ერთმანეთს”.

– სტუდენტი მარიამ ბაქრაძე


მსგავსი

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...

სტუდენტური აქტივობები

„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...

სტუდენტური აქტივობები

სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა. „ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის  ნაკრები...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის დოქტორანტი – „უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს”

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ...

სტუდენტური აქტივობები

სტუ-ის სტუდენტი კალიფორნიაში, სილიკონის ველზე Startup Grind-ის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგიები ბირთვული კვლევების ექსპერიმენტებისთვის”, სტუდენტმა გიორგი...

სტუდენტური აქტივობები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც  უნივერსიტეტის 11 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 700-ზე მეტი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?