სტუ-ის რექტორი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გულითადად გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხვას. თქვენი ცხოვრების ეს ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი არის ფუნდამენტი, საიდანაც იწყება საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური გზა განათლებისა და მეცნიერებისკენ, შემეცნებისა და პიროვნული განვითარებისკენ. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ამ გზაზე შექმნის თავის ისტორიას, უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას კი მაქსიმალურად მოახმარს ქვეყნის აღმშენებლობას.
დარწმუნებული ვარ, იცით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში უძველესი და უდიდესი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლაა, რომელიც მრავალი წელია წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც. აქ განათლების მიღება სრულად შეესაბამება ევროატლანტიკურ აკადემიურ და კვლევით სტანდარტებს და გაძლევთ საშუალებას, პარალელურად, პრაქტიკული გამოცდილება მიიღოთ, რაც პროფესიული განვითარებისა და წინსვლის საფუძველს მოგცემთ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვენ დაგხვდებათ განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აუდიტორიები, ლაბორატორიები და ინოვაციური სწავლების სივრცეები, სადაც საშუალება გექნებათ განივითაროთ საინჟინრო, ტექნოლოგიური და სამეცნიერო უნარები. საქართველოს ხელისუფლების მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, ჩვენს უნივერსიტეტში, ქვეყნის მასშტაბით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნული მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა საქართველოს ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის შედეგად, რაც ნათლად უსვამს ხაზს ხელისუფლების ხედვას განათლებაში ინვესტირების, როგორც ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორის, მნიშვნელობაზე.
ვამაყობთ, რომ უნივერსიტეტში მოქმედებს თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტები და მეცნიერები ერთობლივი კვლევების საფუძველზე ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს ქმნიან.
ჩვენთვის უმთავრესია, ახალგაზრდებმა მიიღონ ისეთი განათლება, რაც უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიანობას როგორც საქართველოს შრომით ბაზარზე, ასევე საერთაშორისო სივრცეში. ამ მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალმხრივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პარტნიორობა აკავშირებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან, უმსხვილეს კვლევით ცენტრებსა და ორგანიზაციებთან. მათთან თანამშრომლობით აქტიურად ხორციელდება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამები, ასევე, ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამები. საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ერთადერთია ქვეყანაში, რომელმაც საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა. ახლო მომავალში კი უნივერსიტეტი საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად კიდევ რამდენიმე პროგრამას წარადგენს.
გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებს და მათ შესაბამის თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ფიზიკურ განვითარებასა და გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას; ხელოვნების მოყვარულ ახალგაზრდებს კი შესაძლებლობა მოგეცემათ, საუნივერსიტეტო სივრცეში ჩაერთოთ ქორეოგრაფიულ, მუსიკალურ, თეატრალურ და სხვა საშემსრულებლო ჯგუფებში, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა კულტურულ პროექტში, რაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ხედვის განვითარებას და მრავალფეროვანს გახდის თქვენს სტუდენტურ ცხოვრებას.
ძვირფასო სტუდენტებო, თქვენ უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ოჯახის ნაწილი ხართ. მჯერა, რომ თქვენი ძალისხმევა, მიზანდასახულობა და ინტელექტუალური პოტენციალი თქვენი პროფესიული და პიროვნული წინსვლის მყარი საფუძველი გახდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსეულ მონაწილეობას და ბედნიერ სტუდენტურ წლებს“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.
მსგავსი
საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...
CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით
21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ბორის ბოქოლიშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ღირსების ორდენოსან...
დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...
შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...