სტუ-ის სტუდენტები ComCom-ის მედიააკადემიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტები კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მედიააკადემიის მედიასკოლის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ჟურნალისტის პროფესიის სრულფასოვნად დაუფლების, ჟურნალისტიკის სფეროში კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობებს გაეცნენ.
საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ComCom-ის მედიააკადემიის ორგანიზებით ჩატარდა, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, ჟურნალისტიკით დაინტერესებული სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, ასევე, პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ComCom-ის მედიააკადემიის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი და სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი ანა გიორბელიძე ახალგაზრდებს ესაუბრნენ მედიასკოლის სტუდიის ინტენსიური 4-თვიანი პრაქტიკული კურსის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მედიასტანდარტის ამაღლების მიზნით, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს ცოდნისა და გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს. მათი თქმით, კურსი, რომელიც ახალგაზრდებს სამომავლოდ ჟურნალისტიკის სფეროში კარიერის დაწყებაში დაეხმარება, მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, პრაქტიკულ სამუშაოებს. კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნას დამოუკიდებლად შეძლებენ.

შორენა შავერდაშვილის განმარტებით, კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან რადიო და სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტების, ინტერვიუების და პოდკასტების მომზადებას, ახალი ამბების მომზადება-წაყვანას რადიოსთვის, ტელევიზიისა და ონლაინ პლატფორმებისთვის, დაეუფლებიან ოპერატორის ხელოვნებას, მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს, ასევე, აუდიო და ტელემონტაჟს, ხმის რეჟისურას, არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას, პროდიუსირებასა და წაყვანას რადიოსა და ტელევიზიისთვის, შეისწავლიან სატელევიზიო ბადის შექმნას, ფორმატირებას, ფროდაქშენს და სოციალური მედიის ჟურნალისტიკას.
მისი თქმით, მედიასკოლაში უკლებლივ ყველა საგანს ჟურნალისტიკის სფეროს პროფესიონალები უძღვებიან, ხოლო სტუდია აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, რაც კურსის სტუდენტებს რეალურ ნიუსრუმში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს.
როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებს დასაქმების კუთხით ფართო არჩევანის შესაძლებლობა მისცეს.
„იმ მიზნით, რომ სტუდენტებს დასაქმების კუთხით მივცეთ ფართო არჩევანის საშუალება, კარიერული განვითარების განყოფილება, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზებას უწევს დასაქმების მასშტაბურ ფორუმებს, რეგულარულად აწყობს ინდივიდუალურ შეხვედრებს კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ინდუსტრიებთან, რითაც სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს უადვილებს სასურველი ვაკანსიის მოძიების პროცესს.
ComCom-ის მედიააკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მედიააკადემიამ, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს 4-თვიან ინტენსიურ კურსს. ვფიქრობთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, ძირითადი პროფესიის პარალელურად, შეუძლია დაეუფლოს ახალ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს და ამ გზით შეიძინოს მეორე, ჟურნალისტის პროფესიაც. ეს კარგი შესაძლებლობაა დარგობრივი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, რაზეც მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში მზარდია“, – აღნიშნავს ნატო ქათამაძე.
ცნობისათვის, ComCom-ის მედიასკოლის ჟურნალისტიკის კურსზე მოსახვედრად მსურველებმა შესარჩევი კონკურსი უნდა გაიარონ. საუკეთესო კანდიდატები წერითი ტესტირებითა და ზეპირი გასაუბრებით შეირჩევიან. წარმატებულ კურსდამთავრებულებს მედიააკადემია შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს და პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.
მსგავსი
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის Dante.global-ის მეოთხე ციკლის პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის -...
პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო სტუ მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევარ-ქიმიკოსისა...
„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ – მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში სტუ-მ მონაწილეობა მიიღო
„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მეცნიერება უნდა გასცდეს უნივერსიტეტების აუდიტორიებისა...
საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...
CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით
21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ბორის ბოქოლიშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ღირსების ორდენოსან...