ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია სტუ-ში
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი, ორ ინსტიტუციას შორის არსებული პარტნიორული კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და ახალი თანამშრომლობის ფორმების შემუშავების პროცესში, უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. ორმხრივი დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების წახალისებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაცვლასა და საერთო სამეცნიერო ინტერესების განსაზღვრას, ქმნის მყარ საფუძველს ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (TTPU) რექტორ ოიმჟონ ტუიჩიევთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ოიმჟონ ტუიჩიევს და უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი იყო ინსტიტუციურ თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ინჟინერიული და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებაზე მსჯელობა.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია და ორივე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტთა გაცვილითი პროგრამების შესახებ საკითხები.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში, რომელიც აქტიურად ავითარებს საერთაშორისო პარტნიორობასა და ინოვაციურ მიდგომებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ტექნოლოგიურ, ინდუსტრიულ და ლოჯისტიკურ პროგრესს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რთულად კონკურენტულ ტექნოლოგიურ გარემოში, აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ინჟინერიული განათლების განვითარებას და სტუდენტების პროფესიული მომზადების გაღრმავებას. უნივერსიტეტი ეფუძნება დასავლურ აკადემიურ პრაქტიკებსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად გავაზიაროთ დაგროვილი გამოცდილება და ერთობლივად შევიმუშაოთ ინოვაციური მოდელები განათლებისა და კვლევების გასაძლიერებლად. ჩვენ ვთვლით, რომ მომავალი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ ჩვენი ინსტიტუციების აკადემიურ განვითარებაში, არამედ რეგიონში საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. შესაბამისად, მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფების ფორმირებაში და ხელი შევუწყოთ იმ სამომავლო ინიციატივების რეალიზაციას, რომლებიც საერთო სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებს დაეფუძნება,“ – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული მასშტაბით ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს მზადყოფნა, გააქტიურდეს ალიანსი, დაგეგმილ იქნას ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტები.
ინფორმაციისთვის: ტაშკენტის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (TTPU), რომელიც იტალიის ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალური ფილიალია, სპეციალიზირებულია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში მექანიკური ინჟინერიის, აერონავტიკული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერულ ინჟინერიისა და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით.
Related
დავით მაკასარაშვილის ხსოვნას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის - დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების...
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის...
სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების...
„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი - „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო...
„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში
18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის...
სტუ სტარის დამატებითი კასთინგი
მსურველთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, სტუ სტარის დამატებითი კასთინგი ჩატარდება. მსრუველები...
