„კომუნიკაციის თანამედროვე ტექნიკები“ – საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (Rotterdam University of Applied Sciences, ჰოლანდია) პროფესორმა კაროლე ვესტერკამპმა (Carole Westerkamp) საჯარო ლექცია ჩაატარა.
კაროლე ვესტერკამპის საჯარო ლექცია – „კომუნიკაციის თანამედროვე ტექნიკები“ – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სფეროთი დაინტერესებულმა მსმენელებმა.
ლექციის ფარგლებში როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა ისაუბრა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, ყურადღება გაამახვილა როგორც ინტერპერსონალურ, ორგანიზაციულ და ციფრულ კომუნიკაციის სტრატეგიებზე, ისე სოციალური მედიის გავლენას და ვირტუალური თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე; გარდა ამისა, განიხილა ინფორმაციის გადაცემის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კაროლე ვესტერკამპმა სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებიდან პრაქტიკული მაგალითები და რეკომენდაციები გაუზიარა, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება პროფესიულ გარემოში. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის საერთაშორისო აკადემიური შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციას.
„21-ე საუკუნეში, როცა ტექნიკა სინათლის სიჩქარით ვითარდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კომუნიკაციის როლის გააზრება. არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკურ ცოდნასა და პროგრამირებას უკავშირდება, თუმცა რეალობაში დარგი, ასევე, დამოკიდებულია ეფექტიან კომუნიკაციაზე – იქნება ეს გუნდური მუშაობა, პროგრამული პროდუქტების ერთობლივი განვითარება, მომხმარებელთან ურთიერთობა თუ იდეების მკაფიოდ და გასაგებად გადმოცემა. თანამედროვე IT სპეციალისტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სამიზნე აუდიტორიისთვის ტექნიკური ინფორმაციის ტრანსფორმაცია გასაგებ ენაზე შეძლოს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზრუნავს, რომ სტუდენტები არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას ფლობდნენ, არამედ ეფექტიანი კომუნიკაციის მეშვეობით შეძლონ თავიანთი იდეების გადმოცემა და საერთაშორისო გარემოში წარმატებული ინტეგრაცია. ამ და სხვა მიზეზთა გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომუნიკაციის უნარების განვითარება ინტეგრირებულია სასწავლო პროგრამებში და სხვადასხვა პრაქტიკულ კომპონენტში – პრეზენტაციებში, გუნდურ პროექტებში, კვლევით საქმიანობასა და საჯარო გამოსვლებში. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ მაღალი დონის საინჟინრო-ტექნიკური განათლება, არამედ ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან პროფესიონალებად, შეძლონ ინოვაციური იდეების გენერირება და მათი წარმატებით რეალიზაცია საერთაშორისო გარემოში“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
ლექციის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელზეც როტერდამის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორისგან სტუდენტებმა საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მსგავსი
სტუ-ის რექტორის ვიზიტი CERN-ში – სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება
„ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააღრმაოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გააფართოოს ქართველი მეცნიერებისა...
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა
თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია....
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს,...
სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები,...
კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით, პროექტის - “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At...
