სტუ-ის რექტორის ვიზიტი CERN-ში – სამეცნიერო პარტნიორობის განვითარების ახალი ეტაპი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მხარდაჭერით ხორციელდება
„ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააღრმაოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, გააფართოოს ქართველი მეცნიერებისა და ინჟინრების მონაწილეობა გლობალურ კვლევით პროექტებში. საქართველოსა და CERN-ს შორის თანამშრომლობის განახლებული ჩარჩო ხელშეკრულება კი ასახავს იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის გაფართოებული პარტნიორობის შედეგად წარმოიშვა. დოკუმენტი ქმნის სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძველს ახალი სამეცნიერო მიმართულებებისა და ექსპერიმენტების განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში იგეგმება ღონისძიება, რომელზეც ხელშეკრულებას ხელს მოაწერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ბატონი გივი მიქანაძე. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს სახელმწიფოს მხარდაჭერას ფუნდამენტური მეცნიერების, თანამედროვე საინჟინრო კვლევებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების საქმეში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან CERN-თან პარტნიორობა ჩვენს მეცნიერებს, ინჟინრებსა და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ უმაღლესი ტექნოლოგიური და საინჟინრო სირთულის პროექტებში და საკუთარი ცოდნა და პროფესიული კომპეტენცია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილებას დაუკავშირონ“, – ამის შესახებ CERN-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს.
CERN-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აკადემიკოს დავით გურგენიძემ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა მომავლის წრიული კოლაიდერის (Future Circular Collider – FCC) პროექტის ლიდერთან, დოქტორ მაიკლ ბენედიქტთან. მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების გეგმები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფების ჩართულობის შესაძლებლობები. ამ შეხვედრის მნიშვნელოვანი შედეგია CERN-სა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების გაფართოებული მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც FCC-ის პროექტის განხორციელების მიმართულებით პარტნიორობის განვითარებას ითვალისწინებს. ასევე მინიშვნელოვანია, რომ მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს CERN-ის ასოცირებული წევრობისთვის საქართველოს მომზადების პერსპექტივას. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი ეტაპია ევროპულ კვლევით სივრცეში საქართველოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინტეგრაციისთვის.
„CERN-ის მომავლის წრიული კოლაიდერის – FCC-ის პროექტი თანამედროვე ფუნდამენტური მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ამბიციური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ელემენტარული ნაწილაკების თვისებებისა და სამყაროს ფუნდამენტური კანონების გაცილებით სიღრმისეულ შესწავლას. პროექტი ითვალისწინებს 91 კილორიმეტრის გარშემოწერილობის ახალი მიწისქვეშა გვირაბის შექმნას, სადაც ახალი თაობის ამაჩქარებლების განთავსებაა დაგეგმილი. ეს ინფრასტრუქტურა მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას, განსაკუთრებული სიზუსტით შეისწავლონ ელემენტარული ნაწილაკების თვისებები, ურთიერთქმედებები და ის ფიზიკური პროცესები, რომელთა კვლევამ შესაძლოა თანამედროვე ფიზიკის დღემდე გადაუჭრელ კითხვებს ახალი პასუხები გასცეს.
2048 წლამდე, ვიდრე FCC-ის ფარგლებში პირველი ფიზიკური ექსპერიმენტების ჩატარება იგეგმება, პროექტი ინტენსიურ საინჟინრო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოითხოვს. ეს პროცესი სხვადასხვა პროფილის ინჟინრების, გეოლოგების, მშენებლების, IT სპეციალისტების, არქიტექტორებისა და ენერგეტიკოსების ჩართულობას გულისხმობს. მაიკლ ბენედიქტთან შეხვედრისას გამოიკვეთა CERN-ის პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მეცნიერების მონაწილეობის პერსპექტივა, რაც მათ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ გარემოში პროფესიული გამოცდილების მიღებისა და საკუთარი კომპეტენციების განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას მისცემს. ეს არის უნივერსიტეტისა და ახალი თაობის მეცნიერებისთვის კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ გლობალური მასშტაბის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტის განხორციელებაში, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და წვლილი შეიტანონ თანამედროვე მეცნიერებისა და ინჟინერიის განვითარებაში“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ შეხვედრა გამართა CERN-ის ასოცირებულ და არაწევრ ქვეყნებთან ურთიერთობის მთავარ კოორდინატორთან, დოქტორ სალვატორე მელესთან და CERN-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპერიმენტის – ALICE Collaboration-ის რესურსების კოორდინატორ და საბჭოს თავმჯდომარე დოქტორ მატეო კასტალდისთან. შეხვედრაზე მხარეებმა შეაფასეს საქართველოსა და CERN-ს შორის არსებული თანამშრომლობის მდგომარეობა და განიხილეს მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. CERN-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ პროტოკოლის განახლების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და გამოთქვეს მზადყოფნა, პროცესი ახალი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდეს. განახლებული დოკუმენტი, დაგეგმილი შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული წინადადებების გათვალისწინებასა და თანამშრომლობის მოქმედი ჩარჩოს გაფართოებას უნდა დაეფუძნოს.
FCC-ის პროექტთან დაკავშირებული მემორანდუმის ხელმოწერა, თანამშრომლობის პროტოკოლის განახლების საკითხზე მიმდინარე მუშაობა და CERN-ის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრები ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გლობალური სამეცნიერო პროექტების ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო განავითაროს და საერთაშორისო კვლევით პროცესებში მონაწილეობა გააფართოოს. განახლებული ჩარჩო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მოაწერს ხელს, ახალ შესაძლებლობებს შექმნის CERN-თან თანამშრომლობის ფარგლებში განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებებისა და ექსპერიმენტების ინსტიტუციური განვითარების, მათი განხორციელების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაციას უმასპინძლა
თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო სამეცნიერო დელეგაცია ეწვია....
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე COMET ექსპერიმეტის ხელმძღვანელს, პროფესორ სატოში მიჰარას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი COMET ექსპერიმენტის ხელმძღვანელს, KEK-ის...
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს,...
სტუ-ში ჩინეთის საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩინეთის მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის შესაძლებლობები,...
კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით, პროექტის - “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At...
აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზიის მეცნიერებათა აკადემიის (Asian Academy of Sciences – AASc,...