სტუ-ის კურსდამთავრებული მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანია PwC-ის უფროსი მენეჯერია

სიახლეები

„დღეს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობისა და საგადასახადო კონსულტაციების სფეროში, საკმაოდ გავლენიან საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიაში ვმუშაობ და ყოველდღიურად მიწევს მრავალფეროვანი და კომპლექსური საკითხების გადაწყვეტა, კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში. ახალგაზრდებს ვურჩევ, სტუდენტობის წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ცოდნის მისაღებად და პროფესიული უნარების განსავითარებლად. წარმატებული კარიერა ერთ დღეში არ იქმნება, რისთვისაც აუცილებელია შრომა, მიზანდასახულობა, სწავლა, რომელსაც ხარისხიანი განათლება გვაძლევს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია PwC (Pricewaterhousecoopers) უფროსი მენეჯერი ნინო ქვარაია აცხადებს.

გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვების მართვა მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა, ქართველი პროფესიონალები სულ უფრო ხშირად იკავებენ მნიშვნელოვან პოზიციებს საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში. მათ შორისაა ნინო ქვარაია, რომელმაც პროფესიული წარმატების მიღწევა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიაში – PwC (Pricewaterhousecoopers) შეძლო.

ნინო ქვარაიამ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის „საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის“ სადოქტორო პროგრამა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა, იგი აქტიურადაა  დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში ლოგისტიკის, ოპერაციების მენეჯმენტისა და მიწოდების ჯაჭვების მიმართულებით. ნინოს  სამეცნიერო ნაშრომები ეხება თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – ინდუსტრია 4.0-ის გავლენას ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვების ორგანიზებაზე და ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის ზრდას.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი ჩემთვის იყო დრო, როდესაც ჩამომიყალიბდა პროფესიული ხედვა და გავიაზრე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას. სასწავლო პროცესმა მომცა შესაძლებლობა, საფუძვლიანად მესწავლა როგორც თეორიული საფუძვლები, ისე პრობლემების ანალიზისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. სწორედ ეს კომპეტენციები დამეხმარა შემდგომში საერთაშორისო ბიზნესისა და საკონსულტაციო საქმიანობის სფეროში წარმატებით დამემკვიდრებინა თავი.

განსაკუთრებით ვაფასებ იმ გარემოს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამხვდა – პროფესიონალი ლექტორები, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიული სივრცეები, რაც ქმნის მოტივაციას, რომ არ დაკმაყოფილდე უკვე მიღწეულით და ყოველთვის ისწრაფვოდე მეტი ცოდნისა და პროფესიული სრულყოფისკენ. უნივერსიტეტმა მასწავლა, რომ წარმატება არ არის მხოლოდ მიღებული დიპლომი. წარმატება არის უწყვეტი სწავლა, შრომა, დისციპლინა და მზადყოფნა ახალი გამოწვევების მისაღებად. მადლობა უნივერსიტეტს“.

– სტუ-ის კურსდამთავრებული ნინო ქვარია

ნინო ქვარაიას საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, კერძოდ, ფორტ ლუისის კოლეჯში (კოლორადო, აშშ), კვალიფიკაციით, ბაკალავრი ბიზნესის ადმინისტრირებაში, კონცენტრაცია საერთაშორისო ბიზნესი. ასევე, ბინგჰემტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის საშტატო უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სკოლა. მინიჭებული კვალიფიკაცია – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, კონცენტრაციით მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი.

2018 წლიდან მუშაობს ფირმების პროფესიონალური სერვისების მრავალეროვნულ ბრენდში, PwC (PricewaterhouseCoopers International Limited), რომელიც არის მსოფლიოში სიდიდით მეორე პროფესიული სერვისების ქსელი და ითვლება დიდ ოთხეულში, Deloitte, EY და KPMG-თან ერთად და 2022 წლიდან ნიუ-იორკის ოფისში საბაჟო და საერთაშორისო ვაჭრობის მენეჯერის პოზიციაზე.

ნინო ქვარაიას კარიერული გზა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო განათლების, პროფესიული განვითარების და უწყვეტი სწავლების მეშვეობით მსოფლიო დონის პროფესიონალად ჩამოყალიბება. მისი საქმიანობა წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს ახალგაზრდა ქართველებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესის, ფინანსების, ლოჯისტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროებში კარიერის შექმნას გეგმავენ.


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?