„პროფესორ-მასწავლებლები, მრავალი წლის შემდეგაც, მზად არიან, პროექტის განხორციელების დეტალებზე ყოფილ სტუდენტთან იმსჯელონ“- სტუ-ის კურსდამთავრებული

სიახლეები

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების მიერ მრავალწლიანი ტრადიციის მქონე სპეციალობის საფუძვლების გაცნობამ, სამეცნიერო კვლევების შედეგების გაზიარებამ, ახალი ტიპის ცემენტებისა და მასალების კვლევებში მონაწილეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში“, – ამის შესახებ საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერი თეო რობაქიძე აცხადებს. 

თეო რობაქიძემ უმაღლესი განათლების სამივე საფეხური – ბაკალავრიატი (2005 წელი), მაგისტრატურა (2007 წელი) და დოქტორანტურა (2010 წელი) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გაიარა.

როგორც თეო რობაქიძე აცხადებს, ცემენტის ინდუსტრია მუდმივად ითხოვს გამოცდილ სპეციალისტებს. კომპანია „ჰანიველ ცემენტი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის რეგულარულად სთავაზობს სტაჟირების პროგრამებს, რომელთა მიზანია წარჩინებული სტუდენტების გამოვლენა და ცემენტის ინდუსტრიაში მათი მოზიდვა. 

„სპეციალობად ტექნიკური მიმართულება ავირჩიე, კონკრეტულად, ქიმიური ინჟინერია. უნივერსიტეტში სწავლის პირველ კურსზე, სფეროს დეტალურად გაცნობის შემდეგ, ძირითად სპეციალობად ცემენტის ტექნოლოგიის მიმართულებით განვაგრძე სწავლა. დოქტორანტურაში სწავლისას მივიღე შეთავაზება, ჩემი კარიერა დამეკავშირებინა უნივერსიტეტთან. რა თქმა უნდა, გარემო, რომელსაც მთავაზობდნენ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ გადავწყვიტე საქმიანობა პრაქტიკულ სფეროში გამეგრძელებინა, რადგან სწავლის პროცესში დეტალურად განხილული მოწყობილობა-დანადგარები და ტექნოლოგიური ხაზი, პრაქტიკულად ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. მზად ვიყავი საწარმოო გამოწვევები მიმეღო და ამავდროულად, უნივერსიტეტთან კავშირი გამეგრძელებინა. ვიცოდი ეს არჩევანი უფრო რთული გზა იქნებოდა, მაგრამ საინტერესო. სადოქტორო ნაშრომის მომზადების შემდგომ, გადავდგი ახალი ნაბიჯი ჩემს საქმიანობაში და 2011 წელს, ჩემი სპეციალობით, შევუერთდი წარმატებულ კომპანიას, ყოფილ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ამჟამინდელ „ჰანიველ ცემენტს‘‘. აქ მიღებული დიდი გამოცდილების ფონზე, უკვე თამამად შემეძლო მშობლიურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზეც მემუშავა. პროფესორ-მასწავლებლები მრავალი წლის შემდეგაც მზად არიან, ნებისმიერი სიახლის თუ მიმდინარე პროექტის განხორციელების დეტალებზე, თავიანთ კურსდამთავრებულებთან იმსჯელონ, გაუზიარონ თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება, მეცნიერული ცოდნა და დაეხმარონ სწორი მიმართულების არჩევაში. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო სტუდენტებს, აბიტურიენტებს: ცემენტის მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგია ერთ-ერთი პერსპექტიული და სტაბილური საინჟინრო მიმართულებაა, რასაც განაპირობებს ცემენტისა და მისი პროდუქტების უწყვეტი მოთხოვნა ბაზარზე, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შეუძლია ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური განათლება მისცეს სტუდენტებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს უნივერსიტეტს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს“, – აცხადებს თეო რობაქიძე.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?