რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე SDSU-ს ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU, USA) ვიცე-პრეზიდენტებს – დოქტორ უილიამ ტონგს და დოქტორ ჰალა მადანატს შეხვდა და მათთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. 

სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შედგა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან – მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ჯეფრი რობერტსი და SDSU-GEORGIA-ს წარმომადგენლები.

მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და მომავალი კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების შესაძლებლობებს.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობა ნაყოფიერი, მასშტაბური და სტუდენტებისთვის არაერთი წარმატების მომტანი გახდა.

in.png

რექტორმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, SDSU-ს და SDSU-GEORGIA-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET-აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ ყურადღება გაამახვილა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, SDSU-GEORGIA სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს STEM დარგებში.

აღნიშნული პროგრამები საქართველოს რიგ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და ამ პროგრამებით ახალგაზრდების დაინტერესება ყოველწლიურად მკვეთრად მზარდია. 

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია წარმატებით თანამშრომლობს ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან.

აღსანიშნავია უაღრესად ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რამაც არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი და განხორციელებული პროექტი მოგვიტანა. თავის მხრივ, ამერიკულ უნივერსიტეტთან კოლაბორაციის პროგრამა, უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენს ახალგაზრდებს კი შესაძლებლობა აქვთ სამშობლოში ამერიკული განათლება მიიღონ. როდესაც შედეგებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა – ეს წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით დაუღალავად ვაგრძელებთ მუშაობას და კიდევ 6 საგანმანათლებლო პროგრამას ვამზადებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით ახალ წარმატებებს მივაღწევთ, რაც ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მეტად ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ურთიერთგაგების დოკუმენტის ეფექტიან მოქმედებას, SDSU-ს აკადემიური პერსონალის ძალისხმევას, პროფესორ ჰალილ გიუვენისა და მისი მეუღლის, ოია ატაკანის დიდ დამსახურებას, პირადად პრეზიდენტის, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს და ვიცე-პრეზიდენტების მხარდაჭერას, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესების მართვაში ქმედითი წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს, მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილს – სწორედ მათი უშუალო ჩართულობით ქვეყანაში ვითარდება და ძლიერდება STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენს შემთხვევაში, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები გულისხმობს არა მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამების მხარდაჭერას, არამედ ზოგადად, STEM დისციპლინების განვითარებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო სივრცეში, სტუდენტებისთვის ორდიპლომიან და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობების ზრდას, რითაც მათი მომავალი გარანტირებულად უმჯობესდება“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ. 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებმა გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და აღნიშნეს, რომ ABET-აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად და ინტერესით ადევნებენ თვალს და თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებენ ინტერნაციონალიზაციის პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

როგორც მათ აღნიშნეს, ეფექტიანობის თვალსაზრისით, სახეზეა არაერთი სასიკეთო ძვრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაშიც ქართველი კოლეგების თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, დიდია თავად რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წვლილი.

შეხვედრის დასასრულს, მათ გამოთქვეს რწმენა, რომ პროგრესის მომტანი კოლაბორაცია არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ საქართველოსაც დიდ წარმატებას მოუტანს. 

რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებსა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. 


მსგავსი

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

სიახლეები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...

სიახლეები

„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი,...

სიახლეები

სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

„ქალბატონო რუსუდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?