სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP – ENSEEIHT (N7) უნივერსიტეტში სალექციო კურსს წაიკითხავს. „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი რომან ცერცვაძე Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან საინჟინრო და სატელეკომუნიკაციო უმაღლეს სასწავლებელში – Toulouse INP – ENSEEIHT (N7)-ში, იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევარმა აქტიური სამეცნიერო საქმიანობა განახორციელა საერთაშორისო აკადემიურ გარემოში, რის შედეგადაც მას მიეცა შესაძლებლობა, აღნიშნულ უნივერსიტეტში სალექციო კურსი წაიკითხოს. რომან ცერცვაძე სტუდენტებს ლექციებს ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელების მიმართულებით ჩაუტარებს. სალექციო კურსი თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტუალურ საკითხებს მოიცავს და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, Toulouse INP – ENSEEIHT (N7) ევროპაში საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო განათლების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლად მიიჩნევა. როგორც პროფესორი თალიკო ჟვანია აცხადებს, ქართველი დოქტორანტის მიერ ამ უნივერსიტეტში სალექციო კურსის წაკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მაღალ დონეს და ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დოქტორანტები საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში არა მხოლოდ კვლევით, არამედ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევიან. რომან ცერცვაძის მიერ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საინჟინრო უმაღლეს სკოლაში სალექციო კურსის წაკითხვა მისი მაღალი აკადემიური კვალიფიკაციის, სამეცნიერო კომპეტენციისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი აღიარებაა. ფიქსირებული ოპტიკური და სატელიტური ქსელები თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური მიმართულებაა. დღეს, როდესაც მსოფლიო სწრაფად გადადის გიგაბიტურ კავშირგაბმულობაზე, 5G/6G ქსელების განვითარებაზე, დაბალორბიტალური სატელიტური სისტემების ინტეგრაციასა და გლობალური ინტერნეტკავშირის ახალი არქიტექტურის ფორმირებაზე, ამ სფეროში ჩატარებული კვლევები და მიღებული ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დოქტორანტი სწორედ ამ აქტუალურ და სტრატეგიულ მიმართულებაზე წარადგენს სალექციო კურსს საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. ეს არა მხოლოდ მისი პირადი წარმატებაა, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სკოლისა და იმ კვლევითი პოტენციალის აღიარებაც, რომელიც უნივერსიტეტში ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ჩამოყალიბდა. მსგავსი საერთაშორისო აკადემიური აქტივობები ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი კვლევითი პროექტების ინიცირებას და, საბოლოოდ, ქართული საინჟინრო განათლების ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
დოქტორანტ რომან ცერცვაძის თქმით, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, Toulouse INP-ში სამთვიანი აკადემიური ვიზიტი მისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და სამეცნიერო გამოცდილებაა. როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო კვლევით გარემოში მუშაობამ შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინა ცოდნა თანამედროვე ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ემუშავა უცხოელ მეცნიერებთან და ჩართულიყო აქტუალურ სამეცნიერო კვლევებში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობების განვითარებას და მომავალში ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას. ეს პერიოდი ჩემთვის მხოლოდ აკადემიური გაცვლა არ ყოფილა. როგორც ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემების დოქტორანტს, მომეცა შესაძლებლობა მემუშავა საერთაშორისო კვლევით გარემოში, მიმეღო ახალი ცოდნა, გადამელახა ახალი გამოწვევები და მემუშავა მრავალფეროვან პროფესიულ თანამშრომლობებში. ამავდროულად, ტულუზაში ცხოვრებამ მომცა შესაძლებლობა ახლოს გამეცნო ახალი კულტურა, გამეცნო არაჩვეულებრივი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან და შემექმნა მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება. გულწრფელად მადლობელი ვარ ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელების, კოლეგებისა და Toulouse INP-ის მთელი საზოგადოების იმ მხარდაჭერის, წახალისებისა და თბილი მიღებისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ვიგრძენი. მართალია, ეს გაცვლითი პროგრამა დასრულდა, თუმცა ეს არ არის გამომშვიდობება. მოუთმენლად ველი დაბრუნებას ახალი მოტივაციით, ახალი იდეებითა და კვლევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული გზის ნაწილი გახდა“.
– დოქტორანტი რომან ცერცვაძე
მსგავსი
სტუ-ის რექტორი გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გენერალ-მაიორს, აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს და ჯანმრთელობას,...
სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნება EEDA Newsletter-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს EEDA Newsletter-ის მომდევნო გამოცემებში სიახლეების, მოკლე სტატიებისა და პროფესიული მასალის გამოქვეყნების შესაძლებლობა ეძლევათ. EEDA Newsletter არის...
სტუ-ის პროფესორმა, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ერთად, ფილადელფიაში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში – ICM 2026 – მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ნატროშვილმა ფილადელფიაში (აშშ) გამართულ მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში...
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
2026 წლის 1 სექტემბრიდან იწყება საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტაჟიორთა შერჩევის კონკურსი. ანაზღაურებადი სტაჟირების...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით პროფესორ ლამარა ბერიშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და...
სტუ-ის რექტორი პარაძიუდოისტთა ნაკრებსა და სტუ-ის სტუდენტს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, საქართველოს...
