საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსში“ მომავალი არქიტექტორების გამოფენა — „კომპოზიცია სივრცეში“ გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა „კომპოზიცია სივრცეში“.
ექსპოზიციას, რომელშიც 130 სტუდენტის მიერ შექმნილი სივრცული კომპოზიციები გაერთიანდა, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა. გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო. ღონისძიების გახსნაში ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, აბიტურიენტები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ აღნიშნა, ექსპოზიციისთვის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები, რომლებიც პირველ სასწავლო სემესტრში შეძენილი ცოდნის საფუძველზე შეიქმნა, პედაგოგებმა და სტუდენტებმა, შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე, 180 პირველკურსელი ბაკალავრის ნამუშევრებს შორის ერთობლივად შეარჩიეს.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები, მომავალი არქიტექტორები, იჩენენ კრეატიულობას, ქმნიან სივცულ კომპოზიციებსა და მოდელებს, რაშიც, ხშირად, მეორად მასალებსაც იყენებენ. „კომპოზიცია სივრცეში“ – ეს ჩვენი გამოფენის კონცეფციაა. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველი კურსის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად აწყობს მსგავს გამოფენებს. მნიშვნელოვანია, რომ ამის მოტივაციას შემოქმედებითად მოაზროვნე ახალგაზრდები თვითონ გვაძლევენ. გარდა ამისა, პირველკურსელთა სწავლების მეთოდიკაში სიახლე გვაქვს იმ თვალსაზრისითაც, რომ სტუდენტებმა სივრცული კომპოზიციების ციფრული ვერსიების შექმნაზეც იმუშავეს და წარმოადგინეს გამოფენაზე. რას ემსახურება უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი ღონისძიებები!? – უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია, სტუდენტებს მაქსიმალურად გავუღვივოთ შემოქმედებითი აზროვნება, შევუქმნათ მყარი საფუძველი არქიტექტურული პროექტირებისთვის, რათა სამომავლოდ, ახალგაზრდებმა შემოქმედებითი სიახლეებით დატვირთული ობიექტების შექმნა შეძლონ. გამოფენაზე სპეციალურად მოვიწვიეთ აბიტურიენტები. მათაც უნდა ნახონ, თუ რას ისწავლიან, როგორი იქნება მათი პირველი ნაბიჯები, არქიტექტურულ შემოქმედებაში შემდგომი სვლა. საწყისი კი კომპოზიციების შექმნაა – თავდაპირველად, ორგანზომილებიან, შემდეგ კი – სამგანზომილებიან სივრცეში“, – განაცხადა ნინო იმნაძემ.
სასურველი შემოქმედებითი შედეგის მიღწევისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის დეკანმა მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილე სტუდენტებსა და არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს – პროფესორებს: სასწავლო დარგში დეკანის მოადგილეს, თამარ ჭანტურიას, არქიტექტურის საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარინა მაისურაძეს, ვანდა მუჯირს და ნინო ჩაჩავას.
გამოფენის მონაწილის, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტის, გიორგი ოთიაშვილის თქმით, სივრცითი კომპოზიციების შესრულებით, ახალგაზრდებმა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს არქიტექტურულ აზროვნებაში. „ვფიქრობთ, საინტერესო ნამუშევრები წარმოვადგინეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, რადგან სწორედ ეს გვეხმარება, განვავითაროთ არქიტექტურული ხედვა, შევძლოთ წარმოსახვის ვიზუალიზაცია, სივრცითი კომპოზიიის აგება, შევიგრძნოთ მასალა და კიდევ ბევრი რამ, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებასი დაგვეხმარება. მადლობას ვუხდით ჩვენს პედაგოგეგბს, რომლებმაც, სტუდენტებთან ერთად, დიდი შრომა ჩადეს მიზნის მისაღწევად“.
სტუდენტ ნინო ჩაგელიშვილის აზრით, გამოფენა მომავალი არქიტექტორებისთვის პირველი უდიდესი მოტივატორია შემოქმედებით გზაზე: „ექსპოზიციის ყველა მონაწილეს, და მეც მათ შორის, ამაღლებული განწყობა გვაქვს, რადგან ამ საგამოფენო სივრცეში ვხედავ არა მარტო ჩემს, არამედ, ჩემი ჯგუფელებისა და თანაკურსელების ნამუშევრებს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო გზა პირველ ჯგუფურ გამოფენამდე. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩვენი კურსის პირველი წარმატებაა, რაც ნიშნავს, რომ უკვე გვაქვს სივრცითი აღქმის უნარი და ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის“.
ღონისძიების ორგანიზატორებმა – სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გამოფენის მონაწილე პირველკურსელებს სეტიფიკატები გადასცეს. მათი განმარტებით, გამოფენაზე – „კომპოზიცია სივრცეში“ – წარმოდგენილი ნამუშევრები პირველი კურსის სტუდენტებისთვის სწავლების პროცესში გავლილი პირველი ეტაპია.
„არქიტექტურული კომპოზიცის სასწავლო კურსის ფარგლებში, რამდენიმე წელია ვაწყობთ გამოფენებს. სტუდენტებს შევთავაზეთ გეომეტრიული ფიგურებისგან აბსტრაგირებული ფორმები და მოცულობითი სივრცითი კომპოზიციები შეექმნათ. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, სტუდენტების ინტერესი კი – ყოველწლიურად მზარდი. სწავლების პროცესში შემდეგი მასშტაბური დავალება იქნება კომპოზიცია – „აბსტრაქციიდან რეალობამდე“. მსგავსი ღონისძიებები მომავალი არქიტექტორებისთვის ძლიერი სტიმულის მიმცემია და რაც მთავარია, მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, – აღნიშნავენ პროფესორ-მასწავლებლები.
გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა – „კომპოზიცია სივრცეში“ 21 მარტს, 17:00 საათზე დაიხურება. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...