დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის – „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ – ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, „McDonald’s საქართველოს“ ადამიანური რესურსების მართვის გუნდის წევრებს შეხვდნენ და ამ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ.
პირველკურსელებმა პირველწყაროდან შეიტყვეს, თუ როგორ შეიძლება სწავლის პარალელურად ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში წარმატებული კარიერის დაწყება.
შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი და კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე. კომპანიის მხრიდან კი სტუდენტებს HR გუნდის წევრი ნათია კელაპტრიშვილი „McDonald’s საქართველოში“ დასაქმების ახალგაზრდებზე მორგებული სქემების, მოქნილი შეთავაზებებისა და ორმხრივი სარგებლის შესახებ ესაუბრა.
კომპანიის წარმომადგენელმა პირველკურსელებს ვრცლად გააცნო ორგანიზაციის შიდა კორპორაციული კულტურა, კარიერული ზრდის ეტაპები და ის უპირატესობები, რასაც ბრენდი საკუთარ გუნდს სთავაზობს. მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანია დიდ ინვესტიციას დებს ახალგაზრდა კადრების პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებში. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების, შერჩევის ეტაპებისა და იმ სოციალური პაკეტების შესახებ, რომლებიც თანამშრომლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ნათია კელაპტრიშვილმა აღნიშნა, რომ „McDonald’s“-ი ბევრი წარმატებული პროფესიონალისთვის სწორედ ის პირველი საფეხური აღმოჩნდა, რომელმაც მათ მყარი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა.
სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის, ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერესი „McDonald’s საქართველოსთან“ მიმართებით არის ის, რომ კომპანია სტუდენტებს სთავაზობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებასთან სრულად თავსებადია.
„საუნივერსიტეტო პროექტის – „დასაქმება სწავლის პარალელურად“ ფარგლებში დამსაქმებლებთან ახალ, 2026-2027 სასწავლო წლის შეხვედრების სეზონს დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ სტუდენტებს მათთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო ადგილების მოძიებაში, რაც მათ ნამდვილად ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს. ამჯერად ჩვენი სტუმრები „McDonald’s საქართველოს“ წარმომადგენლები არიან, რომლებიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველკურსელებს შევახვედრეთ. პირველკურსელთა ჩართულობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ კომპანია მათ ზუსტად მათზე მორგებულ, რამდენიმესაათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს. მიგვაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა წარმატებულ სწავლასთან ერთად, პირველი ნაბიჯები კარიერულ გზაზეც გადადგან“.
– ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე
შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა აქტიურად დასვეს კითხვები ანაზღაურების, გრაფიკის შეთავსებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. „McDonald’s საქართველოს“ HR გუნდის წევრებმა თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს და ახალგაზრდებს პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს კი, სტუმრებმა პირველკურსელებს, კომპანიის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
მსგავსი
კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...
შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...
სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...
დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...
სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...
სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება
სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...
