სტუ-ის რექტორი სემეკის თავმჯდომარესა და კომპანია „ჯივიპის“ დირექტორებს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას და საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) კომუნიკაციის დირექტორ ეკატერინე ბერიძესა და ტექნიკურ დირექტორ გიგა ნადირაძეს შეხვდა და მათთან ერთად წყალმომარაგება-წყალარინების სექტორის განვითარების შესაძლებლობები, ახალგაზრდა კადრების მომზადების პერსპექტივა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილა.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ წერეთელი, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის გაფართოების შესახებ და სამომავლო კოოპერაციის დეტალები შეათანხმეს.
როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარებაში, რაც ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ ერთ-ერთი პრიორიტეტია.
რექტორმა ისაუბრა წყალმომარაგებისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მომზადების მნიშვნელობაზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.
რექტორის განცხადებით, კომპანია „ჯივიპი“, რომელსაც მენეჯმენტს უწევს ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი – ესპანური კომპანია Aqualia, დაინტერესებულია უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიის, გარემოს ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ჩართვით კომპანიის საქმიანობაში, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ახალგაზრდების დახელოვნებას და მათ მონაწილეობას კომპანიის საქმიანობაში.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და მისი თავმჯდომარე დავით ნარმანია მხარს უჭერენ უნივერსიტეტსა და წყალმომარაგება-წყალარინების სექტორში მოქმედ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას შორის მსგავსი ტიპის კოლაბორაციის გაღრმავებას. რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო სპეციალობებს მრავალი წარმატებული სტუდენტი ეუფლება, რომელთაც „ჯივიპიში“ სტაჟირება, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, დამატებით მოტივაციას შეუქმნის.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარებაში, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდეს მჭიდრო კავშირი როგორც მარეგულირებელ ორგანოებთან, ისე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რათა ერთად შევქმნათ ისეთი სასწავლო და პრაქტიკული სივრცე, რომელიც მომავალ სპეციალისტებსა და მკვლევრებს რეალურ გამოწვევებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას მისცემს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული უნარებიც განივითარონ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზრუნავს, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები ინდუსტრიებთან და მათი მხარდაჭერით თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა შექმნას. მოხარული ვარ, რომ სემეკის თავმჯდომარესთან და კომპანია „ჯივიპის“ წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ არა მარტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზე – სამშენებლო, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიების მოდერნიზების, ასევე, ახალი ლაბორატორიების შექმნის შესახებ. საგულისხმოა, რომ „ჯივიპი“, ისევე როგორც სხვა მსხვილი კომპანიები, მაგალითად, „არემჯი“, „თეგეტა მოტორსი“, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სფეროში მოქმედი მსხვილი კომპანიები და სხვა, გამოთქვამს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ბაზის განვითარებაში. ინფრასტრუქტურის მოდერნიზება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის ქმნის ღირებულ სასწავლო გარემოს, არამედ აძლიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით პოტენციალს. ჩვენი მიზანია, სტუდენტები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას დაეუფლონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არამედ აქტიურად ჩაერთონ კვლევით საქმიანობაშიც, იმუშაონ რეალურ პროექტებზე სხვადასხვა კომპანიაში და სტუდენტობის წლებიდანვე ეზიარონ პროფესიულ გამოცდილებას. სწორედ ეს არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც არის საფუძველი სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისა და მათ შორის წყალმომარაგება-წყალარინების სექტორში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისთვის,“ – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იზრუნებენ სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტის მომზადებაზე. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სემეკის თავმჯდომარე და კომპანია „ჯივიპის“ ხელმძღვანელობა ახლო მომავალში მოაწერენ ხელს.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...