სტუ-ის რექტორი სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, კოლეგებსა და სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობასა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დღეს 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავარი ეროვნული დღესასწაული, ახალი სახელმწიფოს დაბადების დღე, ჩვენი სამშობლოს ისტორიის ღირსეული ფურცელი, მარადიულყოფის, ერთგულებისა და თავგანწირვის სიმბოლო!
ქვეყნისათვის ამ დიდებულ და გამორჩეულ დღეს სულიერად ვერთიანდებით წამების შარავანდედით შემოსილი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თავდადებული მამულიშვილები და ჩვენ, მათი საქმის მემკვიდრენი, ვისაც პატივად გვერგო მათგან აფრიალებული თავისუფლების დროშა ღირსეულად ვატაროთ დღევანდელ, გამოწვევებით აღსავსე ურთულეს პირობებში.
დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფვას, რათა საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს ეროვნული ფასეულობები – საკუთარი იდენტობა, კულტურა და ტრადიციები, გააძლიეროს დემოკრატია, ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება, საინჟინრო დარგები, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები, გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ამგვარად, გააგრძელოს განუხრელი სვლა აღმშენებლობისკენ.
სულიერებისა და ინტელექტის ერთობა კი მთავარი საფუძველია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის მარადიულყოფისა. საქართველოს ისტორია უწყვეტი ჯაჭვია განსაცდელებისა, რომელთა ძლევა მცირერიცხოვანი ერისთვის მხოლოდ ღვთის შეწევნითა და ერთობით არის შესაძლებელი.
ამ გზით შევძლებთ მსოფლიო თანამეგობრობაში დამოუკიდებელი და საპატიო ადგილი დავიკავოთ, ამ გზით შევძლებთ დავიცვათ, როგორც სახელმწიფოს მდგრადობა, ასევე, ჩვენი ეროვნული ფასეულობები და უზრუნველვყოთ ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება.
დღეს, ჩვენი ხალხიც და ხელისუფლებაც ჯეროვნად ვაფასებთ წინაპრების ღვაწლს, ვდგავართ მშვიდობის სადარაჯოზე, ვიცავთ სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამასთანავე, უდიდეს პასუხისმგებლობას ვატარებთ მომავალი თაობების წინაშე, რომელთაც საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ, რომლებიც მამათა თაობის ძალისხმევით, განათლებულ, პროფესიონალ, შეუპოვარ და გონიერ ადამიანებად უნდა ჩამოყალიბდნენ, ნიკოლაძისეულად შევარდნებად იქცნენ იმისათვის, რომ ერთად და ბოლომდე მივყვეთ დაწყებულ საქმეს – ერთად ვაშენოთ საქართველო, როგორც ძლიერი, განათლებული, განვითარებული, ევროპული მსოფლმხედველობისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფო.
ამ გზაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს თავისი განსაკუთრებული მისია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობისთვის – აღვუზარდოთ ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები და მაღალპროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს მომავალს შექმნიან.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“- აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, 26 მაისის დადგომისთანავე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...