სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ქართველ და ამერიკელ მკვლევრებს საპატიო ჯილდოები გადასცა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ამერიკელ მეცნიერებს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგსა და თანამშრომელს კი სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, რომელსაც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – ცნობილი მეცნიერი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი, ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აკადემიურ საბჭოზე რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და უცხოელმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ცნობილი მეცნიერ-ჰიდროლოგისა და გეოგრაფის  პროფესორ თენგიზ ცინცაძის ხსოვნას. 

რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აუდიტორიას აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც ამერიკელ მკვლევრებს – დოქტორებს: ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორს, ფრენსის ედვარდ ნოელს და უილიამ ჰენრი ჰაითერს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით გაწეული მოცულობითი სამუშაოსა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. რექტორმა ამერიკელ მეცნიერებს საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი ჯილდოები გადასცა.

„გვამოძრავებს საუკეთესო სურვილები და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების მანტიით შეიმოსნენ, საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ სივრცეში გახდებიან ერთგვარი დესპანები, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი მეცნიერ-მკვლევრებისა და სტუდენტების საერთაშორისო წარმატებებს დამსახურებულად შეუწყობენ ხელს. დოქტორი ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორი ამერიკის კლემსონის უნივერსიტეტის ემერიტუსი და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი, ასევე, ABET პროგრამის მიმართულებით წამყვანი ტრენერია. მას უდიდესი გამოცდილება აქვს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების შეფასების მიმართულებით. დოქტორი უილიამ ჰენრი ჰაითერი მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის (UMASS) სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ფაკულტეტის მკვლევარია, რომელიც ამავე უნივერსიტეტის ტრანსპორტირების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი გახლდათ. რაც შეეხება დოქტორ ფრენსის ედვარდ ნოელს, ის სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების აკადემიური ხარისხების მფლობელი და ABET აკრედიტაციის კომიტეტის წევრია, მრავალი წელი მუშაობდა IBM-ში, ასევე, მის სახელზე ამერიკის შეერთებულ შტატებში 34 გამოგონებაა დაპატენტებული.

მადლობას ვუხდით ამერიკელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, იმ უდიდესი სამუშაოსთვის, რაც მოიცავდა ხანგრძლივ სწავლებას – ტრენინგებს, ვორქშოფებს, შეხვედრებს, მათ შორის ონლაინ ფორმატში, რომელშიც ჩართული იყო ჩვენი უნივერსიტეტის ფაკულტეტები, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, სტუდენტები. ყველა ეს პროცესი ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო კოლაბორაციის გაფართოებაში დაეხმარება. პროცესები აქტიურად არის დაძრული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მრავალ პროგრამაში დაინერგა კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპი, ვხედავთ ხელშესახებ შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროცესების უდიდეს მნიშვნელობას“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ღვაწლმოსილ თანამშრომელს – ლევან მაცაბერიძეს უნივერსიტეტში 68-წლიანი მოღვაწეობისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის, 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, დღეგრძელობა უსურვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებმა – ალბერტ ჯოზეფ ტერნერ ჯუნიორმა, უილიამ ჰენრი ჰაითერმა და ფრენსის ედვარდ ნოელმა მადლობა გადაუხადეს აკადემიურ საბჭოს რექტორის ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ამერიკელმა მკვლევრებმა უნივერსიტეტს, მის რექტორს, სტუდენტებსა და მკვლევრებს საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მრავალმხრივი წარმატებები უსურვეს.


მსგავსი

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი -  „ენერგეტიკის ღია სივრცე“ -  დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი...

სიახლეები

საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2026 სასწავლო წლის საგაზაფხულო მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია  11 მაისს დაიწყო და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება....

სიახლეები

სტუ-ის რექტორი – შევთხოვოთ ღვთისმშობელს მოგვცეს ძალა, ჩვენი არჩევანი მომავალში სიკეთედ, მშვიდობად და განვითარების შესაძლებლობად იქცეს საქართველოსთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე კოლეგებსა და სტუდენტებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღეს ულოცავს....

სიახლეები

სტუ-ის რექტორი – ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის...

სიახლეები

გურამ მახარაძე – 85

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიოს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დაბადებიდან 85-ე წლისთავს ულოცავს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ გურამ მახარაძეს. „ბატონო...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ახალგაზრდა პედაგოგისა და მკვლევრის ლევან დუნდუას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სამართლის დოქტორის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?