სტუ-ის სტუდენტები საგაზაფხულო სემესტრს პალერმოს უნივერსიტეტში გადიან


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საგაზაფხულო სემესტრს იტალიის ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ სივრცეში — პალერმოს უნივერსიტეტში გადიან. გაცვლითი პროგრამა მოიცავს აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებებს და მიზნად ისახავს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, ევროპული აკადემიური სტანდარტებისა და პრაქტიკული უნარების შეჯერებას თანამედროვე აგრარულ გამოწვევებთან. 
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების იჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ ლექციებში, სამეცნიერო პროექტებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში ისეთი მნიშვნელოვანი თემების ფარგლებში, როგორიცაა ვაზის ვირუსული დაავადებები, სოციალური მარკეტინგი ღვინის ინდუსტრიაში, აგრარული მექანიზმები და მცენარეთა დაცვის თანამედროვე სტრატეგიები.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ აკადემიური გამოცდილების გაფართოების შესაძლებლობა — ეს არის ნაბიჯი გლობალური სამეცნიერო სივრცისაკენ. საგაზაფხულო სემესტრის გატარება იტალიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა გაიღრმაონ, არამედ უშუალოდ შეეხონ იმ პრაქტიკულ გარემოს, რომელშიც იქმნება თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია ისეთი სპეციალობებისთვის, როგორიცაა აგრონომია, მევენახეობა-მეღვინეობა და აგრარული ტექნოლოგიები. სტუდენტები იღებენ მრავალმხრივ გამოცდილებას, ეცნობიან ევროპულ სტანდარტებს, გადიან პრაქტიკულ ტრენინგებს თანამედროვე ლაბორატორიებსა და საველე მეურნეობებში, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათ პროფესიულ კომპეტენციებს და კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უნივერსიტეტისთვის კი, მსგავსი პროექტები წარმოადგენენ მძლავრ ბერკეტს საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად, აკადემიური რესურსების გაზიარებისა და ინოვაციების დანერგვისთვის. სტუდენტების საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მონაწილეობა ზრდის უნივერსიტეტის რეპუტაციას, ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან და ხელს უწყობს კვლევითი მიმართულებების განვითარებას.

პალერმოში წასულია მაგისტრატურის ოთხი წარმატებული სტუდენტი. მათ შორის: ნიკა ქალიაშვილი, რომლის ინტერესები მოიცავს აკაროლოგიას, ფიტოპათოლოგიას, მცენარეთა ინტეგრირებულ დაცვასა და ნიადაგმცოდნეობას. ნიკას პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო მასშტაბით ფართოა — მან ჯერ კიდევ 2022 წელს, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ისწავლა პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტში. 2024 წელს კი გახდა აგრო-ლიგის გამარჯვებული მცენარეთა დაცვის მიმართულებით. პალერმოში ნიკას თანამშრომლობა აქვს ადგილობრივ წამყვან პროფესორებთან და მონაწილეობს კვლევით აქტივობებში, რაც კიდევ უფრო აფართოებს მის სამეცნიერო ჰორიზონტს; ირაკლი ათანელიშვილი, რომელიც მუშაობს პროფესორ ანტონინო გალატის ხელმძღვანელობით და იკვლევს, როგორ იყენებენ მცირე და საშუალო მეწარმეები სოციალურ მედიას ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გასაზრდელად. მისი დასკვნები მიუთითებს, რომ სწორად დაგეგმილი კამპანიები ზრდის ლოიალურობასა და გაყიდვებს, განსაკუთრებით ნიშურ, მაღალი ხარისხის პროდუქციაზე; გიორგი ლაზარიაშვილი, რომელიც მუშაობს ისეთ ცნობილ მეცნიერებთან, როგორიც არიან სტეფანო პანო და ანდრეა კარუზო. მისი კვლევა ეფუძნება ვირუსების აღმოჩენის თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც მომავალში დაეხმარება მას მევენახეობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებაში. გიორგის პრაქტიკული გამოცდილება შთამბეჭდავია: 2025 წელს დააარსა საკუთარი მარანი — მეღვინეობა კამარა, რომელიც ტრადიციულსა და ინოვაციურ მიდგომებს აერთიანებს. ასევე არის 2024 წლის აგრო ოლიმპიადის პრიზიორი მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით და ლუკა ქორიძე, რომელიც აქტიურად მუშაობს ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში პროფესორებთან: სტეფანო პანო, ანდრეა კარუზო, სლავიცა მატიჩი და სალვატორე დავინო. მან გაიარა პრაქტიკული მომზადების კურსი ისეთ თანამედროვე მეთოდებში, როგორიცაა Real Time qPCR, LAMP და Primer Design. იგი იკვლევდა ყველაზე გავრცელებულ ვირუსებს სიცილიის ვენახებში. ლუკა ასევე გახლავთ სტუ-ის წარჩინებული კურსდამთავრებული და მონაწილეობდა გერმანიაში საზაფხულო სტუდენტურ დასაქმების პროგრამაში, რამაც მის პიროვნულ განვითარებასა და პრაქტიკულ მიდგომებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორების, ნინო თოფურიას და ალექსი ლაბაძის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტის, მარგარიტა სეროპიანის შემადგენლობით – „ERASMUS+“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით პალერმოს უნივერსიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავებისა და სასწავლო პროგრამების ჰარმონიზაციის მიმართულებით.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?