სტუ-ში ენერგეტიკის ფაკულტეტის დაარსებიდან 103 წლისთავი აღინიშნა
„ენერგეტიკა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი და ამასთან ერთად, განსაკუთრებულად სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ენერგეტიკის ფაკულტეტზე იქმნება ცოდნა, რომელიც უწყვეტ ენერგიად გარდაიქმნება. ეს ენერგია – ჩვენი კურსდამთავრებული ენერგეტიკოსებისა და მეცნიერ-მკვლევრების მიერ შექმნილი მძლავრი ინფრასტრუქტურით, ტრადიციული და მწვანე ტექნოლოგიებით, განახლებადი რესურსებით და ციფრული ინოვაციებით – ანათებს ჩვენს ქვეყანას და მიმართულია ეკონომიკის მდგრადი განვითარებისკენ,“ – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დაარსებიდან 103-ე წლისთავი აღინიშნა. ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ წერეთელმა მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

„რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს, ვეტერან ენერგეტიკოსებს იმ დაუღალავი შრომისთვის, რაც უზრუნველყოფს სწავლების ხარისხხს, სამეცნიერო კვლევების დინამიკას და ეფექტიანობას, ადგილობრივ ენერგოინდუსტრიასთან მჭიდრო კავშირს და საერთაშორისო პარტნიორობას. ენერგეტიკის ფაკულტეტისადმი თქვენი ერთგულება და პროფესიონალიზმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატების ერთ-ერთი მსაზღვრელია. როგორც ვიცე-რექტორს, მსურს მადლიერება გამოვხატო ჩვენს სტუდენტების და განსაკუთრებით პირველკურსელების მიმართ. ამ ახალგაზრდებმა სამომავლო პროფესია ენერგეტიკის დარგსა და მის განვითარებას დაუკავშირეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტი იყოს არა მხოლოდ ცოდნის მიღების და დარგისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების ადგილი, არამედ მძლავრი საუნივერსიტეტო ცენტრი, სადაც მეცნიერთა და სტუდენტთა ინტელექტი, ინდუსტრიასთან პარტნიორობით, ცოდნას, თანამედროვე ტექნოლოგიასა და ინოვაციებს აერთიანებს საერთო მიზნისთვის – ეს კი ენერგეტიკულად ძლიერი და მდგრადი საქართველოა. გილოცავთ ენერგეტიკის ფაკულტეტის დღეს, “ – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვიცე-რექტორმა.
ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს, კურსდამთავრებულებსა და მიწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და ფაკულტეტის დღე მიულოცა დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ. მისი თქმით, ენერგეტიკა ეკონომიკის ფუნდამენტი, სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და იმ სტაბილურობის გარანტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვითარებულ, თანამედროვე სამყაროში ვიცხოვროთ.
„ჩვენი ფაკულტეტის ისტორია ათეული წლების განმავლობაში მიღწეულ წარმატებასთან და გამოწვევებთან ერთად იწერება. ჩვენმა კურსდამთავრებულებმა შექმნეს და განავითარეს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა. ისინი დღესაც იკავებენ წამყვან პოზიციებს ინდუსტრიაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ აკადემიაში. ტრადიცია და რეალობა გვავალდებულებს შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხის განათლება, დავიცვათ აკადემიური ღირსება და მუდამ ვიყოთ იმ ინოვაციების ეპიცენტრში, რომელიც გარდაქმნის ენერგეტიკის მომავალს და ჩვენს ფაკულტეტს წინ უამრავი ახალი შესაძლებლობა აქვს. მსოფლიო დღეს დგას ენერგეტიკული გარდაქმნის საფრთხეებსა და შესაძლებლობებს შორის – განახლებადი ენერგიების განვითარება, ენერგოეფექტურობა და ტექნოლოგიური ინოვაციები ის მიმართულებებია, სადაც ჩვენი სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და კურსდამთავრებულები ხდებიან ლიდერები. ჩვენი მიზანია, ენერგეტიკის ფაკულტეტი იყოს ადგილი, სადაც სწავლა მხოლოდ თეორია კი არა, არამედ შემოქმედებითი პროცესი და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აკადემიურ წელს ენერგეტიკის ფაკულტეტმა 342 პირველკურსელი მიიღო სამ საბაკალავრო პროგრამაზე, 60 მაგისტრი – ორ სამაგისტრო პროგრამაზე და 14 დოქტორანტი – ორ სადოქტორო პროგრამაზე. საერთო ჯამში, ფაკულტეტზე 1437 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი იღებს განათლებას. სწორედ ახალგაზრდობაა ის თაობა, რომელიც განახორციელებს საქართველოს ენერგეტიკულ გარდაქმნას, დაძლევს გარემოსდაცვით გამოწვევებს, ეფექტიანად გამოიყენებს მზის, ქარისა და წყლის პოტენციალს და შექმნის ახალ ენერგეტიკულ მომავალს – უფრო სუფთას, უფრო გონივრულს, უფრო მდგრადს.
მადლობას ვუხდი ძვირფას კოლეგებს – მეცნიერებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციას, ჩვენი ფაკულტეტის ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს, ემერიტუსებს – შრომისთვის, ერთგულებისთვის და სულიერი სიმტკიცისთვის. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ახალ ცოდნას, აგებს ხიდებს უნივერსიტეტსა და ენერგეტიკულ ინდუსტრიას შორის, ზრუნავს ქვეყნის მომავალზე. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს, სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალს. გილოცავთ ენერგეტიკის ფაკულტეტის დღეს,” – აღნიშნა ქეთევან ქუთათელაძემ.

უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა – ჰიდრო და თბოენერგეტიკოსთა შესახებ საინტერესო და ინფორმატიული მოხსენებით წარსდგა ცნობილი ენერგეტიკოსი, აკადემიკოსი რევაზ ქავთარაძე.
ღონისძიების დასასრულს, სტუდენტებმა და სტუმრებმა ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახლადდაფუძნებული ენერგიის განახლებადი წყაროების ლაბორატორია დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე არსებული მდიდარი სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზის შექმნაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერა კომპანია „თელასმა“, Schneider Electric-მა, ავსტრიულმა კომპანიამ HERZ Armaturen, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა აღმოუჩინეს.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...