სტუ-ში, ნოდარ ტაბიძის კლუბის ეგიდით, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტურმა კლუბმა, პროექტის – „ლექტორის საათი“ – ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, სპიკერის რანგში, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ლია მეტრეველი მიიწვია.
„ლექტორის საათის“ ფარგლებში გამართული მეოთხე შეხვედრა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას დაეთმო.
პროფესორმა ლია მეტრეველმა სტუდენტებთან შეხვედრაზე მარად თანამედროვე, ბუმბერაზი მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე გაამახვილა ყურადღება, განიხილა გახმაურებული ლიტერატურული მოვლენები, მათ შორის, აკაკი წერეთლის დაპირისპირება ვაჟა-ფშაველასთან. მისი თქმით, იმდროინდელ ქართველ მოღვაწეთა შორის ვაჟა-ფშაველას ტალანტით საჯარო აღტაცება არავის გამოუხატავს ისე, როგორც აკაკის და არც ვინმე გამოსულა მსგავსი მწვავე კრიტიკით მის წინააღმდეგ.
ლია მეტრეველმა, ასევე ისაუბრა ვაჟას გარდაცვალებისა და მთაწმინდის პანთეონში მისი გადასვენების შესახებ, ამას გარდა, თანამედროვეობის ჭრილში ვაჟას რამდენიმე გენიალური ნაწარმოები განიხილა.
სტუდენტების აქტიური ჩართულობით, საუბარი წარიმართა პოეტის უნიკალურ მსოფლგაგებაზე, ეროვნულ თვითშეგნებაზე, პიროვნულ თუ სულიერ სრულქმნაზე, რაც ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში ყალიბდებოდა; ბუნების საიდუმლოებათა წვდომის ვაჟასეულ გასაოცარ უნარსა და მის პოეტურ სტილზე, რომელიც მკვეთრად გამორჩეულია მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში; იმაზე, თუ როგორ გაარღვია ცივილიზებულ სამყაროსთან განშორებულმა ვაჟა-ფშაველამ ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები და როგორ გაამდიდრა ლექსიკა დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით; როგორ ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების ურთულეს პროცესებს, ეძიებდა როგორც პასუხს ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, ასევე მათგან განკურნების წყაროებს.
ლია მეტრეველმა „ლექტორის საათი“ ვაჟა-ფშაველას ლექსით – „ფშავლის სიყვარული“ – დაასრულა.
ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის წევრებმა, მრავალმხრივ საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრისთვის, პროფესორ ლია მეტრეველს მადლობა გადაუხადეს.
„შეხვედრამ სტუდენტებზე დიდი გავლენა იქონია. ქალბატონ ლია მეტრეველს გამორჩეულად საინტერესო გადმოცემის უნარი აქვს და წარუშლელ ემოციას იწვევს მსმენელში. ის ჩემი პედაგოგიც გახლდათ და დღესაც ისევე გულდასმით ვისმენდი მის საუბარს, როგორც სალექციო კურსზე. თვალყურს ვადევნებდი დარბაზს და ჩვენი სტუდენტების აღტაცებულ სახეებს ვაწყდებოდი. ვიმედოვნებთ, ლია მეტრეველი მომავალშიც გააგრძელებს ნოდარ ტაბიძის კლუბთან თანამშრომლობას“, – აღნიშნავს კლუბის პრეზიდენტი, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი არჩილ გურგენიძე.
შეხვედრას ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თამარ ხოხობაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
მსგავსი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...
„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი,...
სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...
სტუ-ის რექტორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს
„ქალბატონო რუსუდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!...