სტუ-ში შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ – „კომუნიკაცია და ქსელები“ (IEEE BlackSeaCom) მუშაობა დაიწყო

სიახლეები

„XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კომუნიკაციების სფეროში უახლესი მიღწევები და კვლევებია. თუმცა,  გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური განვითარების თანმდევი პროცესი – ინფორმაციის გავრცელების საფრთხე. 

IEEE-ის ეგიდით, რომელიც მსოფლიოში სანდო „ხმაა“ საინჟინრო, გამოთვლითი და ტექნოლოგიური ინფორმაციის მიმართულებით მომუშავე მეცნიერთათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ მეტად მნიშვნელოვან და აუცილებელ თემებზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა მიუთითებს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი IEEE დიდი ოჯახის ღირსეული წევრია.

მადლობას მოვახსენებთ კონფერენციის ორგანიზატორებს და წარმატებებს ვუსურვებთ”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ IEEE შავი ზღვის საერთაშორისო კონფერენციის – “კომუნიკაცია და ქსელები” – გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

_1.png

შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „კომუნიკაცია და ქსელები“ (IEEE BlackSeaCom) ორგანიზატორია ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინერიის ინსტიტუტი (IEEE), თანაორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მხარდამჭერი კი,  სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი.

კონფერენციის საპატიო თავმჯდომარეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.  ადგილობრივი პროცესების მართვის თავმჯდომარე – სტუ სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი ზაზა ბუაჩიძე,  კონფერენციის ოპერაციების მართვის თანათავმჯდომარეები კი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია და ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი. 

სტუ-ის რექტორის მოადგილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მეორედ არის IEEE-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორი. 

“IEEE და მისი წევრები შთააგონებენ გლობალურ საზოგადოებას, მეცნიერება გამოიყენონ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის – ციტირების მაღალი ინდექსის მქონე პუბლიკაციების, კონფერენციების, ტექნოლოგიების სტანდარტებისა და პროფესიული და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით.

კონფერენცია,  განსაკუთრებული აქცენტით შავი ზღვის რეგიონზე, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებს, როგორიცაა, კომუნიკაციების სფეროში უახლესი მიღწევები და კვლევები.

კონფერენციის ფარგლებში მუშაობს ორი პარალელური სექცია, სადაც ისეთი საინტერესო კვლევები განიხილება, როგორიცაა: საიმედო უპილოტო საფრენი აპარატების ნავიგაცია ფიჭური ქსელების გამოყენებით: ღრმა  სწავლის გამოყენებით; THz-ზე დაფუძნებული მიკროფლუიდური LSPP-მეტასტრუქტურა ბაქტერიულ ქსელებში ელექტროქიმიური კომუნიკაციის ანალიზისთვის; მრავალი RIS ტრანსმისია Multihop Relaying THz უსადენო სისტემისთვის; აპერიოდული მრავალშრიანი ორმაგი ზოლის მეტაზედაპირის დიზაინი ანალიტიკური მიდგომის გამოყენებით; სარკისებური ელემენტის ეფექტური მინიჭება OIRS-ის დახმარებით UAV-ზე დაფუძნებულ FSO ქსელებში, სიჩქარის ადაპტაციით; LEO სატელიტური კომუნიკაციების შეფერხება-გათიშვის ანალიზი მილიმეტრიან ტალღის ზოლებზე; უპილოტო საფრენ აპარატზე დაფუძნებული კომუნიკაციები ნაპირთან დაკავშირებული საზღვაო ტერიტორიებისთვის; MIMO OFDM სისტემებში ანტენის პორტების საპილოტე ოვერჰედის შემცირება მაღალი გარჩევადობის რუკის გამოყენებით.

სიამაყით აღვნიშნავ, რომ IEEE-ის ნამდვილი წევრი, კომუნიკაციების და ქსელების მიმართულებით, არის ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი სერგო შავგულიძე, რომელსაც ძალიან მაღალი ციტირების ინდექსი აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა  IEEE-ის ეგიდით  ბათუმში  კონფერენცია ჩატარდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი. ეს პირდაპირ მიუთითებს ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა წარმატებულ მოღვაწეობაზე”, – აცხადებს თამარ ლომინაძე. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი IEEE შავი ზღვის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „კომუნიკაცია და ქსელები“ (IEEE BlackSeaCom), მონაწილეებს წარმატებებს უსურვებს. 

როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, კონფერენციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად,  მსოფლიოს 16 ქვეყნიდან წამყვანი მეცნიერ-მკვლევრები მონაწილეობენ.  მათ შორის: აშშ, გერმანია, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, უკრაინა, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდონეზია, ბანგლადეში, იტალია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

“საერთაშორისო კონფერენცია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევების შედეგები და ამავე დროს, მოახდინონ სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია. შემთხვევითი არ არის, რომ ასეთი მაღალი რანგის კონფერენციის პარტნიორი და თანაორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ჩვენს ქვეყანაში, ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის მიმართულებით, 71 წელია განათლების ერთ-ერთ უმთავრეს კერაა. ამდენად, საერთაშორისო კონფერენციის თემატიკა ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და მასში მონაწილეობა საფუძველს ჩაუყრის ახალი სამეცნიერო კვლევითი კონტაქტების დამყარებას. წარმატებები მინდა ვუსურვო კონფერენციის მონაწილეებს”, – აცხადებს დავით გურგენიძე.

_123.png

კონფერენციის მონაწილეების წინაშე სამეცნიერო მოხსენებებით წარდგნენ ცნობილი მეცნიერები: მინესოტას უნივერსიტეტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, IEEE-სა და OPTICA-ს (ამერიკის ოპტიკური საზოგადოება OSA) წევრი – მოჰამედ-სლიმ ალუინი, რომელიც ამჟამად მუშაობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების არათანაბარ განაწილებასთან დაკავშირებული ტექნიკური გამოწვევების გადაწყვეტაზე; დოქტორი ეგონ შულცი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მობილური კომუნიკაციის სფეროში კვლევასა და ინოვაციაში; 1988 წელს ის შეუერთდა მობილური ქსელის განყოფილებას Siemens AG-ში, მიუნხენში; 2007 წლის აპრილში გახდა Nokia Siemens Networks-ის (NSN) წევრი; 2009 წელს დოქტორი შულცი შეუერთდა ჰუავეის მიუნხენის კვლევით ცენტრს და ხელმძღვანელობდა მოწინავე ტექნოლოგიების კვლევას; ის აქტიურად იყო ჩართული 5G/B5G კვლევაში, ამჟამინდელი კვლევითი სამუშაო კი ფოკუსირებულია 6G-ზე.  გარდა ამისა, ის არის ევროპის ტექნოლოგიური პლატფორმის (ETP) NetworldEurope-ის საბჭოს წევრი და აქტიურად უწყობს ხელს NetworldEurope SRIA-ს, აქტიურად თანამშრომლობს 6G-IA/SNS საბჭოსთან; 

დოქტორი ერდალ პანაირჯი – მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლის ძირითადი მიმართულებაა ელექტროინჟინერია, კომუნიკაციის თეორია, სინქრონიზაცია, სიგნალის დამუშავების მოწინავე ტექნიკა და მათ გამოყენება უსადენო ელექტრო, წყალქვეშა და ოპტიკურ კომუნიკაციებში. ამჟამად ის არის სტამბოლის, კადირ ჰასის უნივერსიტეტის ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინერიის განყოფილების პროფესორი, მიწვეული პროფესორი პრინსტონის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის დეპარტამენტში. ის არის IEEE GLOBECOM/ICC მენეჯმენტისა და სტრატეგიის, ასევე,  IEEE ComSoc Awards მუდმივი კომიტეტების წევრი; არის IEEE Life Fellow და თურქეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი; 

გაერთიანებული სამეფოდან – პროფესორი არიან კაუშიკი, რომელიც 2021 წლიდან მოღვაწეობს  სასექსის უნივერსიტეტში. ის იყო UCL, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე მოღვაწეობდა ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ბოლონიის, იტალიისა და ლუქსემბურგის უნივერსიტეტებში, Athena RC, საბერძნეთსა და Beihang University – ჩინეთში; ის არის Elsevier-ის, IEEE CTN, IEEE Internet of Things Magazine, IEEE OJCOMS, IEEE Communications Letters და რამდენიმე IEEE სპეციალური გამოშვების რედაქტორი, როგორიცაა IEEET Network, IEEE Ieo., IEEE OJCOMS; 
 
პროფესორი ვონჯაი შინი  – ასოცირებული პროფესორი სამხრეთ კორეის უნივერსიტეტში. ის იყო აჟუ-ს უნივერსიტეტისა და პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, IEEE OJCOMS-ის რედაქტორი; 2017 წელს დაჯილდოვდა ოქროს პრიზით IEEE Student Paper Contest-ისგან; 2020 წლიდან არის IEEE ComSoc-ის ფრედ ვ. ელერსიკის პრიზის და აზია-წყნარი ოკეანის გამოჩენილი ახალგაზრდა მკვლევრის ჯილდოს მფლობელი. 

რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ მოჰამედ-სლიმ ალუინის, როგორც ერთ-ერთი საინტერესო მოხსენების ავტორს სერტიფიკატი გადასცა. აღსანიშნავია, რომ მოჰამედ-სლიმ ალუინის მოხსენება შეეხებოდა 6G ტექნოლოგიის, მიღწევებს და გამოწვევებს. როგორც მან აღნიშნა, ინტერნეტისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ტრანსფორმაციულმა გავლენამ შეცვალა საზოგადოება, რაც შეეხო ყველა ასპექტს ეკონომიკიდან ჯანდაცვამდე. 5G-ის ფართოდ გავრცელება გრძელდება, მაგრამ უკვე აქცენტი კეთდება მეექვსე თაობის  უკაბელო საკომუნიკაციო სისტემებზე (WCSs).

პროფესორ ალუინის თქმით, მოსალოდნელია, რომ 2030-იან წლებში მომავალი კავშირის ჩამოყალიბება მოხდება 6G-ის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავს მიაწოდოს შეუდარებელი საკომუნიკაციო სერვისები ჰიპერ-კავშირის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და გაეროს 2030 წლის მდგრადობის მიზნებთან შესაბამისობაში, 6G-ის მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით,  მდგრადი გლობალური კავშირები მნიშვნელოვნად შეიცვლება.


მსგავსი

სიახლეები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...

სიახლეები

სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...

სიახლეები

„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი,...

სიახლეები

სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

„ქალბატონო რუსუდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?