2025-2026 სასწავლო წლის დაწყების მასშტაბური ღონისძიება სტუ-ში

სიახლეები

„აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენოთ შესაძლებლობები, შემოქმედებითი ენერგია და თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ინტელექტუალური და პროფესიული განვითარებისკენ. სწორედ სწავლაა პიროვნული განვითარების საფუძველი, ხოლო განათლებული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა კი ქვეყნის პროგრესს უყრის საფუძველს,“ – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. 

უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერითა და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი, 2025-2026 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა 103-ე ნაკადის მიღება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მე-3 და მე-4 სასწავლო კორპუსების მიმდებარე ღია საუნივერსიტეტო სივრცეში მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც მონაწილეობა სტუ-ის სამივე საფეხურის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს. საუნივერსიტეტო სივრცეში გამოფენილი იყო სტუ-ის მეცნიერთა და სტუდენტთა კვლევითი და აკადემიური მიღწევების ამსახველი ფოტოკოლაჟები, ასევე, ექსპოზიციები სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტთა ნამუშევრებით. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა სტუდენტებსა და განსაკუთრებით პირველკურსელებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს – კანცლერს, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს და ვიცე-რექტორებს – ფაკულტეტების დეკანებს, მეცნიერ-მკვლევრებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

შიდა-1.png

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ პირველკურსელებო – თქვენ იმ ინტელექტუალური სივრცის ნაწილი გახდით, სადაც ინჟინერია, დიზაინი, არქიტექტურა, მშენებლობა, ბიზნესტექნოლოგიები, სამთო-გეოლოგია და მთის მდგრადი განვითარება, აგრარული და ქიმიური მიმართულებები, სამართალმცოდნეობა, სოციალური მეცნიერებები, ინფორმაციული სისტემები და ახალი ტექნოლოგიები ინოვაციურ აზროვნებაში ერთიანდება; თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებს შეგასწავლიან გამოჩენილი მეცნიერები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც ცხოვრება მიუძღვნეს ახალი თაობების აღზრდას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. 

ახალგაზრდობა ის პერიოდია, როცა გონება უფრო გამჭრიახია, აღქმის უნარი უფრო მძაფრი, შემოქმედებითი პოტენციალი – უდიდესი; ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად გამოიყენოთ  შესაძლებლობები, შემოქმედებითი ენერგია და თქვენი ძალისხმევა მიმართოთ ინტელექტუალური და პროფესიული განვითარებისკენ. სწორედ სწავლაა პიროვნული განვითარების საფუძველი, ხოლო განათლებული და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა კი ქვეყნის პროგრესს უყრის საფუძველს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძლიერია იმით, რომ აქ იბადება აზრი, რომელიც ქმნის მატერიას; თქვენი თაობა ცხოვრობს ეპოქაში, სადაც ცოდნა ინტელექტუალური პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, გისურვებთ იფიქროთ მეტი, წაიკითხოთ და გაითავისოთ, ეძიოთ და იპოვოთ. ჩვენ, თქვენი მასწავლებლები, როგორც პარტნიორები თქვენ გვერდით ვიქნებით იმ დიდ გზაზე, რომელიც განათლებასა და მეცნიერებაზე გადის. გახსოვდეთ – ცოდნა ძალაა მხოლოდ მაშინ, როცა მას მიზანთან და პასუხისმგებლობასთან შეაზავებთ. 

ახალგაზრდებო, სწავლასთან ერთად თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ საუნივერსიტეტო სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში, რითაც სტუდენტურ ცხოვრებასაც გაიმრავალფეროვნებთ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი ტრადიციების გამგრძელებლებიც გახდებით. 

ახალი სასწავლო წლის დაწყებას, სტუდენტებთან ერთად, ვულოცავ პედაგოგებსა და მეცნიერებს – ჩვენს კოლეგებს, რომელთაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში! წარმატებას გისურვებთ მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებას,” – აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულთა თითქმის 90%-მა პირველ უმაღლეს სასწავლებლად სტუ მიუთითა და არჩევანიც შესაბამისი გააკეთა, რაც ქვეყნის განათლების სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე მიუთითებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, ახალგაზრდები თავიანთ არჩევანში არ შემცდარან, რადგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში უძველესი და ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც 170 საგანმანათლებლო პროგრამაზე 23 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. დავით გურგენიძის თქმით, ახალ აკადემიურ წელს უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება და სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს, მათ შორის ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ჩარიცხულ პირველკურსელებს არაერთ სიახლეს სთავაზობს.

სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომელიც საუკუნეზე მეტია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს, ბოლო წლებში განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან აკადემიურ, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ წარმატებას მიაღწია. როგორც სტუ-ის კანცლერმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც დასაქმების ბაზარზე მაღალი კონკურენუნარიანობით გამოირჩევიან, წარმატებით საქმდებიან  როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიულ საწარმოებში.

შიდა-2.png

საუნივერსიტეტო საზოგადოებას და ახალგაზრდებს წარმატება უსურვეს სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, ვიცე-რექტორებმა – თამარ წერეთელმა და თამარ ლომინაძემ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღია საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი სასწავლო წლისა და ახალი სტუდენტური თავგადასავლების დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა. სტუდენტების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგნენ სხვადასხვა ჟანრის საუნივერსიტეტო სტუდენტური მუსიკალური ჯგუფები: Music Art House,  დუეტი – Sounds like Love, გოგონათა ვოკალური ტრიო – DayDream, მომღერალი – ნუცა ხუჯაძე, ბენდი – Next station, ეთნოჯგუფი „მარე“;  საკონცერტო პროგრამის მეორე ნაწილი სტუ-ის კურსდამთავრებულს – DJ ლაშა სულთანიშვილს დაეთმო, რომელმაც ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა. სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.  

რექტორის მხარდაჭერით და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ახალი აკადემიური წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 2025-2026 წელს ჩარიცხულ ყველა პირველკურსელს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა.


მსგავსი

სიახლეები

დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...

სიახლეები

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...

სიახლეები

შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?