„მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ – მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში სტუ-მ მონაწილეობა მიიღო

სიახლეები

„მეცნიერების რეგიონული ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებისა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მეცნიერება უნდა გასცდეს უნივერსიტეტების აუდიტორიებისა და ლაბორატორიების ფარგლებს და უფრო მეტად დაუახლოვდეს საზოგადოებას, სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს. სწორედ ასეთი ინიციატივები უწყობს ხელს კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების განვითარებას, სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენასა და მომავალი მკვლევრების დაინტერესებას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მეცნიერებისა და ინოვაციების ხელშეწყობა და კვლევითი საქმიანობის განვითარება პრიორიტეტულია. ფესტივალში ჩვენი უნივერსიტეტის ფაკულტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების მონაწილეობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ქვეყნის განვითარებისთვის ქმნის. ამასთანავე, ფესტივალის რეგიონული მასშტაბი ხელს უწყობს უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორობის გაძლიერებას“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თელავში, ფესტივალ „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“-ის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი –  „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის – 2026“ გაიმართა. მასშტაბური სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო და საზოგადოებას საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ინოვაციური მიმართულებები და აკადემიური პოტენციალი გააცნო. ფესტივალი მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას, მკვლევართა მიღწევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაძლიერებას. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ინოვაციური მიდგომების წახალისება, შავიზღვისპირეთის კვლევების მხარდაჭერა და ლურჯი ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პოპულარიზაცია. ამასთანავე, ფესტივალი ხელს უწყობდა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესებას სამეცნიერო კვლევებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციებზე დაფუძნებული განვითარების შესაძლებლობებით.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა ფესტივალში უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ინტერდისციპლინური თანამშრომლობისა და მეცნიერების საზოგადოებასთან დაახლოების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, ფესტივალში უნივერსიტეტის ფაკულტეტები, კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები ჩაერთნენ. მათი მონაწილეობა ემსახურებოდა უნივერსიტეტში შექმნილი სამეცნიერო და კვლევითი გამოცდილების წარმოჩენას. თამარ წერეთლის განცხადებით, ფესტივალის ფორმატი ხელს უწყობდა სამეცნიერო დაწესებულებებს, უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ფესტივალის ფოკუსი შავიზღვისპირეთის კვლევებსა და ლურჯი ეკონომიკის განვითარების კონცეფციაზე. ეს მიმართულებები მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო კვლევების გაღრმავების, ისე მდგრადი განვითარების, ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის თვალსაზრისით.

მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინიციატივაში. მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილე უნივერსიტეტებს თანამშრომლობისთვის. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გადმოცემული მადლობის სიგელი არა მხოლოდ სასიხარულო ფაქტია ჩვენთვის, არამედ კიდევ ერთი მოტივაცია, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად გავაგრძელოთ აქტიური მოღვაწეობა  მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების განვითარებისთვის“.

– პროფესორი  თამარ წერეთელი

ინფორმაციისთვის: რეგიონული ფესტივალის ფარგლებში მეცნიერების პოპულარიზაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განხორციელდა. ღონისძიებებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, რეგიონულ კონტექსტში წარმოეჩინათ სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობა, გაეზიარებინათ გამოცდილება და საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ კვლევითი სფეროს მიღწევები.

ფესტივალი 16 სექტემბერს ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნა. 17 სექტემბერს ღონისძიება გორში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაგრძელდა. 5 ოქტომბერს ფესტივალს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც ღონისძიების ორგანიზატორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, ხოლო 6 ოქტომბერს სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობები ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. 12 ოქტომბერს ფესტივალის ღონისძიებები ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. ერთთვიანი პროგრამა 15 ოქტომბერს თელავში შემაჯამებელი ღონისძიებითა და ფესტივალის დახურვით დასრულდა, რომლის ორგანიზატორიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიება გახდა. ამ შეხვედრის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ფესტივალში – „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის –  2026“ – ში  მონაწილეობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.


მსგავსი

სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების...

სიახლეები

CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით

21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ბორის ბოქოლიშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით,  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, ღირსების ორდენოსან...

სიახლეები

დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...

სიახლეები

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...

სიახლეები

შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?