საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება სტუ-ში

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების გაზიარებას დაეთმო. საზეიმო შეხვედრის მიზანი უცხოელი ახალგაზრდების საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტური ინტეგრაცია და მათთვის უნივერსიტეტის მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა იყო.

ღონისძიებას მოდერაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ამავდროულად უნივერსიტეტის გლობალური აკადემიური ჩართულობისა და ინსტიტუციური ცნობადობის დეპარტამენტის თანამშრომლები – ანა თუხარელი და გიორგი შაკიაშვილი უწევდნენ. მათთან ერთად პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ახალი ციფრული პერსონაჟი – Mr Global-ი.

საერთაშორისო სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა მიმართა და ახალგაზრდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვა გააცნო.

„მოხარულნი ვართ, რომ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის საქართველო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აირჩიეთ. გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, მრავალფეროვანი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების დასაწყისი გახდება. ვაფასებთ თქვენს არჩევანსა და ნდობას ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ. გვსურს, რომ აქ გატარებული წლები თქვენთვის ნაყოფიერი, საინტერესო და დაუვიწყარი იყოს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტი ისტორიის, მდიდარი აკადემიური ტრადიციებისა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების მქონე უნივერსიტეტია. თქვენ უკვე ამ დიდი აკადემიური ოჯახის წევრები ხართ და შესაძლებლობა გეძლევათ, საკუთარი ცოდნით, შრომითა და მიღწევებით მისი ისტორიის გაგრძელებაში შეიტანოთ წვლილი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 7.9%-ში შედის, მუდმივად ვითარდება და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ამის ერთ-ერთი დასტურია უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებაც: QS Stars-ის შეფასების სისტემაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამი ვარსკვლავი მიენიჭა.

ჩვენთან გელით თანამედროვე სასწავლო გარემო, განახლებული აუდიტორიები და ლაბორატორიები, სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ გზაზე მარტო არ ხართ – ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მზად არიან მხარი დაგიჭირონ. გისურვებთ წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას! გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა!“

 – აღნიშნულია რექტორის მიმართვაში

თამარ წერეთელმა საერთაშორისო სტუდენტებს გადასცა რექტორის მოწოდება, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებში და სწავლების პერიოდი ასევე გამოიყენონ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის უკეთ გასაცნობად.

ღონისძიებაზე საერთაშორისო სტუდენტებს სიტყვით მიმართა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, რომელმაც მათ სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა. მან ხაზგასმით ისაუბრა უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიულ ბაზაზე, რომელიც ღიაა სტუდენტური ინოვაციებისთვის. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა,  უნივერსიტეტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს უცხოელი ახალგაზრდების ჩართულობას საერთაშორისო თუ ადგილობრივ კვლევით პროექტებში და დაეხმარება მათ საკუთარი სამეცნიერო პოტენციალის გლობალურ დონეზე რეალიზებაში.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მოდერატორებთან დიალოგში ჩაერთო და საერთაშორისო სტუდენტებს ინგლისურ ენაზე მიმართა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა ციფრულმა პერსონაჟმა – Mr Global-მა, რომელიც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების, თეოდორე ჯანაშიასა და გიორგი შაკიაშვილის მიერ არის შექმნილი. Mr Global-მა პირველკურსელებს, შესაბამისი ვიზუალური მასალის თანხლებით, ინგლისურ ენაზე გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი გარემო და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ინიციატივებსა და კონფერენციებში მონაწილეობის პერსპექტივებზე, ასევე სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე.

მოდერატორებმა სტუდენტებს წარუდგინეს გლობალური აკადემიური ჩართულობისა და ინსტიტუციური ცნობადობის დეპარტამენტის (GTU Global-ი) ხელმძღვანელი, დოქტორი ლელა ჩიქოვანი, თანამშრომლები და სტუდენტი ტუტორები, რომლებიც საერთაშორისო სტუდენტებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენენ და საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან ადაპტაციაში დაეხმარებიან. ტუტორების საუნივერსიტეტო გუნდი მიზნად ისახავს უცხოელი ახალგაზრდების მხარდაჭერას როგორც აკადემიური ორიენტაციის, ისე ყოველდღიური საორგანიზაციო თუ ლოგისტიკური საკითხების მოგვარებასა და კულტურული ბარიერების მარტივად გადალახვაში.

ღონისძიების დასასრულს, Mr Global-მა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოუწოდა, გააკეთონ მეტი ახალი აღმოჩენა და მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სთავაზობს. შეხვედრის კულმინაციად კი, სტუდენტთა საერთაშორისო ჰიმნი – Gaudeamus Igitur იქცა, რომელიც შეკრებილ საზოგადოებას სწორედ ციფრულმა პერსონაჟმა მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე განათლებას 35 ქვეყნის რეზიდენტი 5000-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი იღებს.


მსგავსი

სიახლეები

CSU/SDSU AI კვლევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების მონაწილეობით

21 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (San Diego State University – SDSU), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან...

სიახლეები

დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა...

სიახლეები

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას უერთდება. ღონისძიების მიზანია სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება...

სიახლეები

შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მწერალსა და მთარგმნელ არჩილ ჯავახაძესთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ლიტერატურის, მთარგმნელობითი...

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?