სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა
„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ ერთი დასტურია. გულითადად ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი მეცნიერები მონაწილეობენ ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო ინიციატივაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, ინოვაციური კვლევების ხელშეწყობასა და საქართველოს ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ემსახურება. ეს წარმატება ნათლად აჩვენებს, რომ ქართულ მეცნიერებას აქვს როგორც ინტელექტუალური რესურსი, ისე საერთაშორისო კონკურენციისთვის აუცილებელი პროფესიული შესაძლებლობები“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის – „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) – ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის, WARIE-ის, განხორციელებაში მონაწილეობს. პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება და განხორციელების ვადა ოთხი წელია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას, სამეცნიერო სრულყოფილების ხელშეწყობასა და ევროპულ კვლევით სივრცესთან ინტეგრაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ოფიციალური გახსნა და პირველი სამუშაო შეხვედრა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა.
WARIE – „ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევებისა და ინოვაციების გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამეცნიერო სრულყოფილების მისაღწევად“ (Widening AI Research and Innovation for Excellence in the Eastern Partnership) – დაფინანსებულია 2025 წლის „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ევროპული სრულყოფილების ინიციატივის (European Excellence Initiative) ფარგლებში. ოთხწლიანი საერთაშორისო პროექტის კოორდინატორია სომხეთის ინფორმატიკისა და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი. კონსორციუმი აერთიანებს 13 წამყვან სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებას სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, შვეიცარიიდან და შვედეთიდან. საქართველოდან პროექტში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის წარმომადგენლობით, და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ორდღიანი ღონისძიება ოფიციალურად გახსნა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა. გახსნის ცერემონიაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რეგიონისა და ევროპის წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების აუცილებლობაზე. ღონისძიებაში მონაწილეობდა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პროფესორი გიორგი შარვაშიძე, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროექტის გახსნის ღონისძიებასა და პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, და სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე. შეხვედრის ფარგლებში კონსორციუმის წევრებმა განიხილეს პროექტის ძირითადი ამოცანები, სამუშაო მიმართულებები, განხორციელების მექანიზმები და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევითი შესაძლებლობების გაერთიანებას, ევროპული სამეცნიერო ცენტრების გამოცდილების გაზიარებასა და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის კოორდინირებულ განხორციელებას.
როგორც პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა აღნიშნა, WARIE პროექტში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაფართოებლად და ევროპულ კვლევით პროგრამებში უნივერსიტეტის პოზიციების გასაძლიერებლად.
„WARIE-ის ბიუჯეტი 4,2 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო მისი განხორციელების ვადა ოთხი წელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ თანმიმდევრულად ფართოვდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის კოორდინატორობითა და პარტნიორობით გაფორმდა სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევროა. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობა და საერთაშორისო პარტნიორული კავშირები ხელს უწყობს როგორც უნივერსიტეტის, ისე საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას ევროპულ კვლევით და ინოვაციურ პროგრამებში“.
– პროფესორი გიორგი გიორგობიანი
სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, WARIE პროექტის სტრატეგიული მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის – სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის – სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება და ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
„მეცნიერებისა და განათლების განვითარება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ხელისუფლების მხარდაჭერა, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის განსაკუთრებული ყურადღება და თანმიმდევრული პოზიცია ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ქართული მეცნიერების გაძლიერებისთვის, სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებისა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გაფართოებისთვის.
გვესმის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დიდწილად სწორედ მეცნიერებაზე, ცოდნასა და ინოვაციებზეა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაძლიეროთ კვლევითი გარემო, შევქმნათ ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ახალი შესაძლებლობები და ქართული სამეცნიერო სკოლები საერთაშორისო მასშტაბით უფრო მეტად წარმოვაჩინოთ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს ამ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, WARIE პროექტში მათი მონაწილეობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის უნივერსიტეტს, გააძლიერებს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო პოზიციებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებაში“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მონაწილეობა WARIE პროექტში ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობისა და ევროპულ საგრანტო პროგრამებში ჩართულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაფორმებული სამი საგრანტო შეთანხმება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 8 მილიონ ევროს შეადგენს, ადასტურებს ინსტიტუტის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს მასშტაბურ საერთაშორისო კვლევით ინიციატივებში და საკუთარი სამეცნიერო რესურსი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას მოახმაროს.
მსგავსი
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...
შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. მიმდინარე...
ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის...
სტუ-ში ევროკავშირის HORIZON EUROPE-ის პროექტის FORGE-AI-ის ფარგლებში საერთაშორისო ვორქშოპი -„განვითარების პროგრამა #2“ დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის FORGE-AI-ის მორიგი საგანმანათლებლო-პრაქტიკული ღონისძიება - ვორკშოპი...
“გახდი მეწარმე” – სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილოების ორგანიზებით, საჯარო ლექცია...
სტუ-ის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს...
