სტუ-ის სტუდენტებმა „ჰაკათონი 2026“-ზე ნარჩენების მართვის ციფრული პლატფორმა წარადგინეს და სპეციალური აღიარება დაიმსახურეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტთა ჯგუფმა ალექსი მამნიაშვილის, ნინო მიმინოშვილისა და მარიამ წაქაძის შემადგენლობით, ხათუნა ახალაიას, რონი კვაჭაძისა და სანდრო კანდელაკის მენტორობით – 2026 წლის ცირკულარულ ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო და „თეგეტა გრინ პლანეტის“ სპეციალური აღიარება – „რჩეული გუნდი“ მოიპოვა.
სტუდენტების მიერ შემუშავებული პროექტი წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში ჩართულ სხვადასხვა ორგანიზაციას ერთიან სისტემაში აერთიანებს. მისი საშუალებით ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები, გადაზიდვის კომპანიები და ავტოსერვისები შეძლებენ ერთმანეთთან დაკავშირებას, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და საჭირო ინფორმაციის გაცვლას.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა ნარჩენების აღრიცხვისა და მათი გადაადგილების კონტროლის გამარტივება. სისტემა მომხმარებლებს დაეხმარება ნარჩენებთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზებაში, შესაბამისი მონაცემების მართვასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში. პროექტის ავტორების მიზანია, ტექნოლოგიური გადაწყვეტის დახმარებით ნარჩენების მართვა უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს.
ალექსი მამნიაშვილის თქმით, გუნდმა პროექტზე მუშაობა ცირკულარული ეკონომიკის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლით დაიწყო.
„გავეცანით ჩატარებულ კვლევებს, თავადაც მოვიძიეთ ინფორმაცია ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და გადასაჭრელად ერთ-ერთი პრობლემა შევარჩიეთ. ეს იყო ავტონარჩენების მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, მათ შორის, მგვ ორგანიზაციების აღრიცხვის სისტემების შეუსაბამობა და გაუმართაობა, ასევე პოტენციური პარტნიორების მოძიების სირთულე. ამ საკითხების გადასაჭრელად ბევრი ვიმუშავეთ, ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და შევისწავლეთ არსებული მდგომარეობა, რათა ჩვენი პროექტი – AutoLoop – შეგვექმნა“.
– სტუდენტი ალექსი მამნიაშვილი
ნინო მიმინოშვილის განმარტებით, გუნდი ჰაკათონში მონაწილეობითა და მიღწეული შედეგით კმაყოფილია.
„ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ. ეს სამივე ჩვენგანისთვის პირველი ჰაკათონი იყო და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთ მომზადებულები შევხვდებით მსგავს გამოწვევებს. არ ვიტყვით, რომ მონაწილეობა მარტივი იყო. იყო მომენტები, როდესაც ძალიან ვნერვიულობდით და საბოლოო შედეგის მისაღწევად დიდი შრომა დაგვჭირდა. თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ შესაძლოა, კომპანიის რჩეულ გუნდად არ დავესახელებინეთ, თუმცა ამის შესაძლებლობას ხელი არ შეუშლია ჩვენი სამუშაო პროცესისთვის“.
– სტუდენტი ნინო მიმინოშვილი
მარიამ წაქაძის შეფასებით, ჰაკათონი კარგად იყო ორგანიზებული, ხოლო სამუშაო გარემო მონაწილეთა კომფორტსა და საჭიროებებზე მორგებული.
„მენტორებისა და ორგანიზატორებისგან მივიღეთ ბევრი სასარგებლო რჩევა და დახმარება, რაც პროექტის შექმნასა და განვითარებაში გვჭირდებოდა. ეს იყო ძალიან საინტერესო და პრაქტიკულად გამოსადეგი გამოცდილება, რომელსაც ჰაკათონის დასრულების შემდეგაც ვიყენებთ. გაგვიღრმავდა ცოდნა როგორც ცირკულარული ეკონომიკის, ისე იდეების რეალიზების, პროექტების წარდგენისა და განვითარების მიმართულებით. ვისწავლეთ მოსალოდნელი პრობლემების წინასწარ იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შემუშავება. ვფიქრობთ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად დაგვეხმარება სამომავლო საქმიანობასა და კარიერულ წინსვლაში“.
– სტუდენტი მარიამ წაქაძე
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, სტუდენტების წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, იმუშაონ რეალურ გამოწვევებზე და საკუთარი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიას გააცნონ.
„ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს ამ წარმატებას და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წინსვლას, ახალ მიღწევებსა და პროფესიულ განვითარებას.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ჰაკათონში, წარმოადგენენ საინტერესო იდეებს და ცდილობენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას. ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების ასეთი ჩართულობა, მათი ინიციატივებისა და შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა.
ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები სხვადასხვა თემატიკის ჰაკათონებში რეგულარულად მონაწილეობენ. ამასთანავე, თავად უნივერსიტეტშიც ვატარებთ ჰაკათონებს, რაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იმუშაონ გუნდურად, განავითარონ ინოვაციური იდეები, შეიძინონ ახალი გამოცდილება და საკუთარი პროექტები წარმოადგინონ. გვინდა, სტუდენტებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობას დაუკავშირონ და თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
მსგავსი
„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ იწყება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებისა და ახალგაზრდების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდის მიზნით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“,...
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა ARTFF 2026-ზე მიღებული გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების ჭრილში შეაფასეს
„უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკასთან ბუნებრივად...
სტუ-ის მაგისტრანტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ერთწლიანი სტაჟირება გაიარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, გამოყენებითი გეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, მეორე კურსის სტუდენტმა ელენე ჩიკვილაძემ საერთაშორისო...
სტუ-ის სტუდენტები და პროფესორები ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორები...
სტუ-ის სტუდენტმა რაჭაში ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა ჩაატარა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა...
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „არემჯის“ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ისინი ერთთვიანი პრაქტიკული...