სტუ-ის რექტორი კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„ძვირფასო კოლეგებო!

გულითადად გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს – თარიღს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამეცნიერო საქმიანობის განსაკუთრებულ როლს კაცობრიობის პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებული პატივისცემითა და სიამაყით ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერებს – გიორგი სალუქვაძესა და გიორგი აბრამიშვილს, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დამსახურებული ჯილდოს მიღებას, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერებს – ინგა სამხარაძეს, ქრისტინე მუსელიანსა და ნინო ბენდიანიშვილს – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის მოპოვებას.

ეს აღიარება მათი მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომის, პროფესიული ერთგულებისა და მაღალი სამეცნიერო კომპეტენციის დაფასებაა. თითოეული მათგანის წარმატება არა მხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალისა და ქართული სამეცნიერო სკოლის განვითარების მნიშვნელოვანი დასტურია.

დღეს, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო ტექნოლოგიური გარდაქმნების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის, ეკოლოგიური გამოწვევებისა და ახალი სამრეწველო რევოლუციის ეპოქაში ცხოვრობს, მეცნიერების განვითარება  სახელმწიფოს განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პირდაპირ პროპორციულია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი საუკუნოვანი სამეცნიერო ტრადიციებით, გამორჩეული სამეცნიერო სკოლებით, კვლევითი ინსტიტუტებითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პერსონალით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული მეცნიერების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქვეყნის პოზიციების განმტკიცებაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი ჩარჩო პროგრამის – Horizon Europe-ის ფარგლებში. ევროკომისიის ოფიციალური მონაცემებით, უნივერსიტეტი საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციას წარმოადგენს.

ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მოპოვებული აღიარება. 2025 წელს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Times Higher Education-ის (THE) საერთაშორისო რეიტინგის ფარგლებში საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა სწავლებისა და ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებებით. 2026 წელს კი, უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა QS Stars-ის საერთაშორისო შეფასება და მიიღო საერთო სამვარსკვლავიანი შეფასება, ამასთანავე, აკადემიური განვითარების მიმართულებით უმაღლესი – ხუთვარსკვლავიანი, ხოლო კარგი მმართველობის მიმართულებით ოთხივარსკვლავიანი შეფასება. აღსანიშნავია ისიც, რომ Center for World University Rankings-ის (CWUR) მონაცემებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 7.9 პროცენტშია წარმოდგენილი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა CERN – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, იაპონიის KEK, ამერიკის შეერთებული შტატების Fermilab, გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი, იტალიის INFN და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციები. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებაში, თანამედროვე სამეცნიერო ექსპერიმენტებში, ახალი ცოდნის შექმნასა და გლობალური სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტაში.

მეცნიერების განვითარება შეუძლებელია სახელმწიფოს თანმიმდევრული, სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის გარეშე.  ამ თვალსაზრისით მნიშვნელობას ვანიჭებთ სახელმწიფოს, ხელისუფლების, სამეცნიერო საზოგადოების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ბატონი გივი მიქანაძის მიმართ ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის განვითარების, უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა მეცნიერის, პროფესორის, მკვლევრის, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლისა და ახალგაზრდა მკვლევრის მიმართ. თქვენი ყოველდღიური შრომა, პროფესიული ერთგულება, სამეცნიერო ძიება და მიღწევები ქმნის უნივერსიტეტის ინტელექტუალურ კაპიტალს, აძლიერებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს და მნიშვნელოვან საფუძველს უქმნის ქართული მეცნიერების მომავალს.

მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამეცნიერო ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებს, რომლებთან თანამშრომლობაც ხელს უწყობს ახალი ცოდნის შექმნას, გამოცდილების გაზიარებასა და ქართული მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ინტეგრაციას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს“.

– აკადემიკოსი დავით გურგენიძე


მსგავსი

სიახლეები

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს სტუ განცხადებით ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ...

სიახლეები

სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...

სიახლეები

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა

„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...

Placeholder
სიახლეები

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...

სიახლეები

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...

სიახლეები

შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. მიმდინარე...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?