ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე AI ჰაკათონი – „BrainHack-AI 2026 “ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მასშტაბურ ჰაკათონს – „BrainHack-AI 2026“ უმასპინძლა. ინტენსიურ, დინამიკურ და ემოციებით სავსე 8-საათიან მარათონში ერთმანეთს ქართული უნივერსიტეტების გუნდები და ინდივიდუალური მონაწილეები ეჯიბრებოდნენ. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა რეალურ გამოწვევებზე დაფუძნებული AI-ამოცანები გადაჭრეს, წარმოადგინეს ინოვაციური იდეები და საკუთარი ტექნიკური ცოდნა, კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარები გამოავლინეს.
„BrainHack-AI 2026“-ში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტები.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, ჰაკათონი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, სადაც მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, სტუდენტებმა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოსცადეს და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნაში მიიღეს მონაწილეობა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრძელებს იმ საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. BrainHack-AI 2026 სწორედ ასეთი პროექტია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოში მაღალი აკადემიური და პროფესიული პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰაკათონმა ერთ სივრცეში გააერთიანა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რაც ცოდნის გაზიარებას, გამოცდილების გაცვლასა და ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
დღევანდელი შედეგები გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ახალგაზრდები მზად არიან თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის და საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდასაქმნელად. ვულოცავ ყველა მონაწილეს, გამარჯვებულებს, მენტორებსა და ორგანიზატორებს წარმატებულ ჰაკათონს. დარწმუნებული ვარ, BrainHack-AI მომავალში იქცევა პლატფორმად, სადაც დაიბადება ახალი იდეები, ძლიერი გუნდები და ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები“.
– პროფესორი თამარ ლომინაძე
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰაკათონებს 2022 წლიდან ატარებს.
პირველი მასშტაბური ღონისძიება – „ჰაკათონი 2022 – IOT“ – უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა. მას შემდეგ ფაკულტეტი თანმიმდევრულად ავითარებს სტუდენტებზე ორიენტირებულ პრაქტიკულ ინიციატივებს, ხოლო BrainHack-AI 2026 ამ ტრადიციის თანამედროვე გაგრძელებაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალგაზრდა ინოვატორებს აერთიანებს.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰაკათონში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები. ასეთ ფორმატში თანამშრომლობა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კონტაქტების გაღრმავებას და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას. რვასაათიანი ინტენსიური მუშაობის განმავლობაში მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო და პრაქტიკულად ღირებული გადაწყვეტილებები, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში იზრდება ახალგაზრდა პროფესიონალების ახალი თაობა, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების წარმატებით დაძლევა. მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს, მენტორს, ჟიურის წევრებსა და პარტნიორებს. გამარჯვებულებს ვულოცავ და მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ“.
– პროფესორი თალიკო ჟვანია
„BrainHack-AI 2026“-ის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი — დავით ტაკიძე (GTU); II ადგილი – გუნდი „არიქა“ – ბაჩო მირზაშვილი, ნიკა ფარსადანაშვილი, ემილ კირაკოსიანი (BTU); III ადგილი – გუნდი „ოჩოპინტრე“ – ლუკა გულვერდაშვილი, გიორგი ყაზიშვილი, გიგი გიორგაძე, დუდა ელბაქიძე, ნიკოლოზ დვალიშვილი (GAU). კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტს ლუკა ფირცხალავას ნიკო ლომინაძის სახელობის პრიზი გადაეცა, კომპანია „სოფტ მასტერ ტრეიდის“ რჩეულები კი გახდნენ: გუნდი „Foxhound“ (გიორგი შაკიაშვილი და თედო ჯანაშია) და სტუ-ის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი გიორგი ხვიჩია.
მსგავსი
„ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის ინიციატივით, „ბლუმსდეი 2026“-ის ფარგლებში შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება გამართა, რომელიც...
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოჯახი, სადაც ყველა ერთმანეთს გვერდში უდგას” – სტუ-ის სტუდენტი
„როდესაც უნივერსიტეტის არჩევის ეტაპზე ვიყავი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი მიმართულების მოძიება, რომელიც ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მომცემდა. სწორედ...
სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატმა, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელამ...
„სტუდფესტი 2026“-ის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდფესტი 2026“-ის ერთპიროვნული გამარჯვებული და აღნიშნული ახალგაზრდული ღონისძიების გრან-პრის მფლობელია. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებელი, ასევე, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე...
სპორტული აქტივობა – „ჯომარდობა-2026“ სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსტრემალური სპორტის მოყვარული სტუდენტებისთვის დაბა ფასანაურში, მდინარე არაგვზე, საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობა - „ჯომარდობა-2026“ გაიმართა. „ჯომარდობა-2026“-ში 11 ფაკულტეტის ნაკრები...
სტუ-ის დოქტორანტი – „უნივერსიტეტი სტუდენტებს ცოდნას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევს”
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და სამეცნიერო საქმიანობაში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა. სტუდენტობის წლებში მონაწილეობა მივიღე არაერთ...

