სტუ-ის მეცნიერები მთიანი რეგიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროებას იკვლევენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მიხეილ ფიფიას ხელმძღვანელობით, საგრანტო პროექტის – „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები” ფარგლებში, საქართველოში მთიანი რეგიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროებას იკვლევენ.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების მონაცემთა ბაზას შექმნიან; თითოეული საგზაო მონაკვეთისთვის ზვავსაშიშროების სქემატურ რუკას ჩამოაყალიბებენ; დაადგენენ ზვავების ძირითად არეალს, ხანგრძლივობას და ამ მახასიათებლების გეოგრაფიული კანონზომიერებების გამოვლინებას.
საგრანტო პროექტში – „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები”, ჩართული არიან: სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნაზიბროლა ბეგლარაშვილი; წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი სოფიო გორგიჯანიძე და წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ნათელა კობახიძე.

პროექტის ხელმძღვანელის, სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მიხეილ ფიფიას თქმით, საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების ამსახველი თანამედროვე მსხვილმასშტაბიანი გეოინფორმაციული რუკა, რომელიც ზვავსაწინააღმდეგო სამუშაოების დაგეგმვისას სახელმძღვანელოს როლს შეასრულებს, არ არსებობს.
როგორც მიხეილ ფიფია აღნიშნავს, აუცილებელია შეიქმნას მონაცემთა სრული ბაზა, სადაც აისახება საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროების მახასიათებლები, გამოიკვეთება ზვავის წარმოშობის გეოგრაფიული კანონზომიერებები და შემუშავდება რისკის შემცირების რეკომენდაციები. აღნიშნული კომპლექსური კვლევის შედეგი მიზნად უნდა ისახავდეს მთიანი რეგიონების საავტომობილო გზებზე ზვავსაშიშროების ყოვლისმომცველი და თანამედროვე აღწერის უზრუნველყოფას.
„კვლევის ობიექტია საქართველოს მთიანი რეგიონების საავტომობილო გზები, კერძოდ, ჟინვალი-ლარსის, ონი-მამისონის, ბათუმი-ახალციხის, სვანეთის გზის ოთხი მონაკვეთის: ხაიში ჩიპერ-აზაუს, სკორმეთი-ჯორკვალის, ჩოლური-მესტიის, ხაიში-ჭუბერი-საკენის; ასევე ჩოხატაური-ბახმაროს, რიკოთის უღელტეხილის სურამი-შორაპნის მონაკვეთის, ზეკარი-აბასთუმნის, ბაკურიანი-ცხრაწყაროს, ლაგოდეხი-კახის, ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზების მონაკვეთები, საერთო ჯამში 13 საავტომობილო მონაკვეთი, რომელთაც განსაკუთრებული სტრატეგიული და ეკონომიკური დანიშნულება აქვთ და რომელთა შეუფერხებელი ექსპლუატაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად დაგეგმილი და ნაწილობრივ შესრულებულია საავტომობილო გზების მშენებლობა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება ამ საავტომობილო გზების უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით რისკების შეფასება, მათ შორის სტიქიური მოვლენების რისკების გათვალისწინება, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ზვაზსაშიშროების შესწავლას იმ მონაკვეთებზე, რაც ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს.
მთიანი რეგიონების სავტომობილო გზების მნიშვნელობა განპირობებულია იმითაც, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, რომელიც მიმართულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ. მათ შორის, მთის კურორტების ხელშეწყობას, რაც ქვეყნის ოთხი სეზონის საკურორტო ზონად გადაქცევის საკითხში ძალზედ მნიშვნელოვანია. სამთო კურორტები და სათხილამურო სპორტი მნიშვნელოვანია, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის, ასევე ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის. ზამთრის კურორტების უმეტესობა ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს, ამიტომ აუცილებელია მთაში საავტომობილო გზებზე გადაადგილების წესების დაცვა და სამაშველო სამუშაოების დროული ჩატარება. ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც დღეს უნდა გადაიდგას ზვავის რისკის შემცირებისთვის, არის ის, რომ საავტომობილო გზაზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს საავტომობილო გზის მიმდებარე ფერდობებზე არსებული ტყის საფარის შენარჩუნება, აგრეთვე საშიში ზვავშემკრებების ტერიტორიაზე ახალი ტყის საფარის გაჩენის, გაზრდისა და გახშირებისათვის ყველანაირი ხელის შეწყობა”, – აცხადებს მიხეილ ფიფია.
პროექტის „საქართველოს მთიანი რაიონების საავტომობილო გზების ზვავსაშიშროება და მისი შერბილების რეკომენდაციები” დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონოგრაფიას გამოსცემს, სადაც თავმოყრილი იქნება პროექტის მიმდინარეობისას მიღებული კვლევის შედეგები. მათ შორის, მონოგრაფიის ერთ-ერთი თავი მიეძღვნება ზვავსაშიშროების შერბილების რეკომენდაციებს საქართველოს საავტომობილო გზებისთვის.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...