სტუ-ის პროფესორებმა პარი-საკლეს უნივერსიტეტში ლექცია-სემინარები ჩაატარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა – პაატა კერვალიშვილმა და თამარ ბერბერაშვილმა ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+-ის ფარგლებში, საფრანგეთში, პარი-საკლეს უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტსა (ECP) და მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტში (ISMO) ლექცია-სემინარები გამართეს.
ლექციების თემატიკა ქართველ მეცნიერთა აღიარებული მიღწევების დემონსტრირებასა და ლაზერული ფიზიკისა და ტექნოლოგიების დარგში მათ გაზიარებას, ასევე, ნანობიოსისტემების ვიბრაციული სპექტროსკოპიის ლაზერულ-სპექტროსკოპიული მეთოდების განვითარებას ეხებოდა.

როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, ლექცია-სემინარებმა პარი-საკლეს ფიზიკური ქიმიისა და მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტების მკვლევართა დიდი დაინტერესება გამოიწვია, გაიმართა დისკუსიები და გამოითქვა არაერთი მოსაზრება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის აღიარების კიდევ ერთი დადასტურებაა.
„პროფესორ თამარ ბერბერაშვილთან ერთად, ფრანგი კოლეგებისთვის წავიკითხეთ ლექციები შემდეგ თემებზე: მოლეკულების ვიბრაცია და ოსცილაცია, რეზონანსი და ენერგიის გადაცემა, ვიბრაციული სპექტროსკოპია, ბირთვულ-რეზონანსული ვიბრაციული სპექტროსკოპია, ბირთვული სინთეზისთვის ლაზერული მეთოდით სამიზნეების შექმნა. გარდა ამისა, ვიბრაციული სპექტროსკოპიის როლსა და მომავალზე ჩავატარეთ ოთხი სემინარი და შევეხეთ ისეთ თემებს, როგორიცაა: ნანოსისტემების სპექტროსკოპია, სხვადასხვა წარმოშობის ნანონაწილაკების რეზონანსული კვლევის მეთოდები, ვიბრაციული პროცესების კვლევის გამოთვლითი მეთოდები ნანოსისტემებში და რეზონანსული სპექტროსკოპიის კვანტური მეთოდები. ამ კვლევებმა ECP-ის და ISMO-ის მეცნიერთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
საგულისხმოა, რომ ლექცია-სემინარების ჩატარების პარალელურად, შევხვდით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ ვესაუბრეთ პარი-საკლეს უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ კამილ გალაპს და ვიცე-პრეზიდენტს სამეცნიერო დარგში, პროფესორ მეჰრან მოსტაფავის, გავაცანით ჩვენი ახალი სამეცნიერო სამუშაოების შედეგები. პარი-საკლეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვეს სურვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოოპერაციით, დაფუძნდეს ერთობლივი სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც კვლევებს მიმართავს ლაზერული ფიზიკისა და სპექტროსკოპიის მიმართულებით და ასახვას პოვებს მწვანე ენერგეტიკაზე, ბიომედიცინასა და კომპიუტერული სისტემების განვითარებაზე.

როგორც შეხვედრებზე პარი-საკლეს მოლეკულური მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თომა პინომ და ინსტიტუტის მეცნიერებმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, უახლესი ტიპის კვლევითი ლაბორატორიის დაფუძნება შესაძლებელია ISMO-ს ბაზაზე, რაც, ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჯგუფის საქმიანობასთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ-ფრანგულ კოოპერაციას უახლესი სამეცნიერო-ინოვაციური მიმართულებების განვითარებაში. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოებულ სამეცნიერო კვლევებს სულ უფრო მეტი აღიარება აქვს საერთაშორისო სივრცეში”, – ამბობს პროფესორი კერვალიშვილი.
პროფესორ თამარ ბერბერაშვილის თქმით, პარი-საკლეს უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრები ცნობილ მეცნიერებთან, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილესთან, პროფესორ პედრო დე ოლივეირა-ალამედასთან, ასევე, პროფესორ ქრისტოფ უმბერტთან; სტუ-ის მეცნიერები გაეცნენ პარიზი-საკლეს უნივერსიტეტის მოლეკულური მეცნიერებისა და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტებში მიმდინარე ახალ ექსპერიმენტებსა და ახალდასრულებული კვლევების შედეგებს.
ვიზიტის ფარგლებში, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორებმა, ფრანგ კოლეგებთან ერთად, ასევე, იმსჯელეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პარი-საკლეს უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის გაფართოებისა და ქართველი და ფრანგი ახალგაზრდა მკვლევრების ქმედითი მხარდაჭერის შესაძლებლობებზე.
მსგავსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის - ელენე...
სტუ-ის რექტორმა თერთმეტ პროფესორს უნივერსიტეტის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს...
„ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში” – ტრენინგი საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე დასრულდა ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”. აღსანიშნავია, რომ ტრენინგში,...
სტუ-სა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების,...
სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცივილიზაციათა დიალოგი, პრობლემები და გამოწვევები“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-სა და ჩინეთის ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (Lanzhou University of Technology) შორის...
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...