სტუ-ში საშემოდგომო სკოლა – „Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ გაიხნა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, L’institut Agro Montpellier-ის (საფრანგეთი) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და  ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის (UFG) ფინანსური მხარდაჭერით, საშემოდგომო სკოლა -„Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ გაიხნა. 

საშემოდგომო სკოლის თემატიკაა „ღვინო, კლიმატი და ცვლილებები: ქართული მევენახეობის მდგრადობის განვითარება“. მასში აგრონომიის, მევენახეობის, მცენარეთა მეცნიერებების და ტექნოლოგიის, აგრო-სასურსათო მეცნიერებების ან მონათესავე სფეროების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის 20-ზე მეტი ქართველი და ევროპელი სტუდენტია ჩართული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის განცხადებით, „Vinifera/NewClim – საქართველო 2025“ ინტერდისციპლინური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს Vinifera EuroMaster (EMaVE) პროგრამის სამეცნიერო მიგნებებსა და NewClim-ის ტრანსფორმაციულ მიდგომებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის კლიმატის ცვლილების გამოწვევების ღრმად გააზრებას ინოვაციის, კულტურული ტრადიციებისა და ლოკალური ჩართულობის ინტეგრირებული პრიზმიდან. როგორც  პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი საველე ვიზიტები და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პროექტები საფუძველს შექმნის საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების სტრატეგიების შესამუშავებლად და მდგრადი მიდგომების დასანერგად, ასევე ხელს შეუწყობს ეროვნულ სპეციფიკაზე მორგებული მევენახეობა-ენოლოგიის პრაქტიკის შენარჩუნება-განახლებას.

ქავერი-2.png

„Vinifera/NewClim – საქართველო 2025“ საერთაშორისო აკადემიური პლატფორმაა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ისე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. წლევანდელი საშემოდგომო სკოლის თემატიკა – „ღვინო, კლიმატი და ცვლილებები: ქართული მევენახეობის მდგრადობის განვითარება“ – ხაზს უსვამს გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მონაწილეობით, ამ ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტს პარტნიორებთან ერთად მასპინძლობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს EMaVE კონსორციუმის საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, საერთაშორისო მობილობასა და ინოვაციური ცოდნის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. ამავე დროს, ამ პროცესში NewClim პროექტის ჩართულობა წარმოაჩენს უმაღლესი განათლების სისტემაში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევების ინტეგრაციის მზარდ აუცილებლობას და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას მდგრადი განვითარების პრინციპებზე, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ფორმირებაზე. ეს მიდგომა შეესაბამება თანამედროვე გარემოსდაცვითი განათლების პარადიგმას, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურირებას ისე, რომ სტუდენტებმა კლიმატის ცვლილების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, ჩამოაყალიბონ ხედვა და შეიძინონ პრაქტიკული უნარები გარემოსდაცვით გამოწვევებთან რეაგირების, ადაპტაციისა და მდგრადი გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა თამარ წერეთელმა. 

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელის თქმით, გასულ წელს მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის ხუთმა კურსდამთავრებულმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან ერთად, ევროპის ხუთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის – მონპელიე სუპაგრო (საფრანგეთი), უდინეს (იტალია), გეიზენჰაიმის (გერმანია), მადრიდის პოლიტექნიკური (ესპანეთი), ტურინის (იტალია) უნივერსიტეტების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვეს.  როგორც პროფესორი ლიანა თარგამაძე აცხადებს,  მონპელიე სუპაგროს ბაზაზე ფუნქციონირებს ევროკავშირის ერთ-ერთი პრესტიჟული ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ი, რომლის მასპინძელია აგრო-სექტორისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ფრანგული მაღალკვალიფიციური სასწავლო და კვლევითი ცენტრი L’Institute Agro Montpellier.

ქავერი-3.png

მისივე თქმით, საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ახორციელებს მევენახეობა-მეღვინეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ორი დიპლომი – როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან, ასევე Vinifera EuroMaster-ის პარტნიორი უნივერსიტეტებისგან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი Vinifera EuroMaster-ის პროგრამაში სრულუფლებიანი პარტნიორის სტატუსით არის წარმოდგენილი. ინტეგრაცია ქართველი სტუდენტებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მიიღონ ინტერდისციპლინური განათლება მევენახეობა-მეღვინეობის, აგროეკოლოგიისა და კლიმატისადმი მდგრადი მიდგომების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები იღებენ ორ დიპლომს – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან და ევროპის ხუთი პარტნიორი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთისაგან, აქტიურად ერთვებიან საველე კვლევებსა და საერთაშორისო პროექტებში, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს მათ სამეცნიერო და პროფესიულ პოტენციალს. საშემოდგომო სკოლის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები, თემატური სემინარები, საველე ვიზიტები და ინტერდისციპლინური პროექტები მნიშვნელოვანწილად ემსახურება იმგვარი კომპეტენციების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: სისტემური აზროვნება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, ლოკალური ცოდნის ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის უნარი. მნიშვნელოვანია, რომ „Vinifera/NewClim – საქართველო 2025“ იმართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც არა მხოლოდ ჩვენს ინსტიტუციურ მზაობაზე მეტყველებს, არამედ ხაზს უსვამს საქართველოს პოზიციონირებას ღვინის კულტურისა და კლიმატზე მგრძნობიარე აგრარული სისტემების კონტექსტში. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ეს საშემოდგომო სკოლა გახდეს ცოდნის გაცვლის, ინოვაციის გაძლიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის კატალიზატორი“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ. 

საშემოდგომო სკოლა – „Vinifera/Newclim – საქართველო 2025“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: დოქტორი პატრის ლალემანი – EMaVE სამაგისტრო პროგრამის მენეჯერი (საფრანგეთი); დოქტორი, პროფესორი ან პელეგრინო – ეკოფიზიოლოგიის მიმართულება (Institut Agro Montpellier, საფრანგეთი); დოქტორი შარლი რომიე – ფიზიოლოგიის მიმართულების მკვლევარი (Institut National de Recherche pour l’Agriculture, l’Alimentation et l’Environnement – INRAE, მონპელიე, საფრანგეთი); დოქტორი, პროფესორი პასკალ ვეგმანი – ენოლოგიის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი (Weincampus Neustadt, გერმანია); დოქტორი, პროფესორი, დავით მაღრაძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტი; დოქტორი როლანდ ბურდიაშვილი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტი; დოქტორი მანუჩარ მესხიძე – კომპანია GWS-ი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტი.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?