საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, სპექტაკლი – „უკანასკნელი თოლია“ მიუძღვნა
„ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულისა და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული დრამატული სპექტაკლის – „უკანასკნელი თოლია“ – საპრემიერო ჩვენებაზე განაცხადა.
სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სტუდენტურმა დასმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მაყურებელს წარუდგინეს ახალგაზრდა რეჟისორისა და მსახიობის, გიორგი ჭანტურიას მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი დრამა, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებს მთელი სიმძაფრით ასახავს.

თეატრ-სტუდია „მოდინახეში“ გამართულ პრემიერას, რომელიც ანშლაგით წარიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები, ასევე, ქართული სამეცნიერო წრეებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ რექტორი საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელს და დასს შეხვდა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ რეჟისორსა და სტუდენტ მსახიობებს მადლობა გადაუხადა, შთაბეჭდილებები გაუზიარა და წარმატებები უსურვა.
„ვერ დავფარავ ემოციას, უდიდეს სინანულს და, ამავდროულად, სიხარულსა და განცვიფრებას – „მოდინახეს“ ახალმა სპექტაკლმა და მასში გადმოცემულმა უკიდურესად მძიმე, დრამატულმა ამბავმა, საქართველოს უახლესი ისტორიიდან გაცოცხლებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენმა თაობამ ასე კარგად უწყის, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სპექტაკლის მსვლელობისას, საშუალება მქონდა პუბლიკის, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდების რეაქციებსაც დავკვირვებოდი – მათ ღრმად განიცადეს და სრულად გაიგეს იმ სათქმელის არსი, რაც დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესაშია და რისი მაყურებლამდე მიტანაც ასე ოსტატურად შეძლო „მოდინახეს“ დასმა.
უკვდავებამდე ამაღლებული ჟიული შარტავა იმ ლეგენდის დასაბამია, რომელიც მუდამ იცოცხლებს ჩვენს მომავალ თაობებში. შეუძლებელია საქართველომ ოდესმე დაივიწყოს ჟიული შარტავას და მასთან ერთად დახვრეტილი გურამ გაბესკირიას, ვახტანგ გეგელაშვილს, რაულ ეშბას, მამია ალასანიას, ალექსანდრე ბერულავას და სხვათა თავგანწირვა. ეს სპექტაკლი ეროვნული გმირის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულის და მისი თანამებრძოლების სამშობლოსადმი თავდადების უკანასკნელ, უმძიმეს საათებს ასახავს. ისინი „უკანასკნელი თოლიები“ აღმოჩნდნენ მტრით გარემოცულ სოხუმში და სიცოცხლის ფასად, ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად რთულია, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ადამიანზე, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლო და შემდეგ, განგების ძალით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული გმირი გახდა. მისი ხსოვნა საუნივერსიტეტო სივრცეში მარავალმხრივ და სამუდამოდ არის უკვდავყოფილი და ეს შესანიშნავი სპექტაკლიც მისი უკვდავყოფის ნათელი დადასტურებაა. ჩვენ არაერთხელ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სპექტაკლი ეროვნული გმირის ცხოვრებაზე, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მთელს დასს, ჩვენს ნიჭიერ სტუდენტებს, ახალგაზრდა და იმედისმომცემ რეჟისორს, გიორგი ჭანტურიას, „მოდინახეს“ ლეგენდარულ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს – ყველას ვინც თავი არ დაზოგა და საუნივერსიტეტო სივრცეში ასეთი შესანიშნავი სპექტაკლი შექმნა.

გვჯერა, ჩვენს თანამემამულეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებს ეს სპექტაკლიც ჩაუსახავს იმედს, რომ ქართული სახელმწიფოს, მისი მთავრობის თავდაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით, განათლებითა და მეცნიერებით, რომელიც მუდამ იქნება ხალხის სამსახურში, ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და მასთან ერთად სამაჩაბლო, მშვიდობიანი გზებით დაუბრუნდება დედა-სამშობლოს.
ვიმედოვნებთ, „უკანასკნელი თოლია“ მთელ საქართველოს შემოივლის და გულგრილს არავის დატოვებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული გმირის ცხოვრება ამ სპექტაკლითაც გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ ემსახურო, უერთგულო მას“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მიერ დრამატურგ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში – „უკანასკნელი თოლია“ – მთავარ როლებს ასრულებენ სტუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები: ლაშა შარაშენიძე (ჟიული შარტავა), მინდია ქიტიაშვილი (ჩინდიკოვი), ნატა მეშველიანი, ქეთა ჯოხაძე (ირმელა შუტცე), ზუკა ბერუაშვილი (გურამ გაბესკირია), შოთა კაჭარავა (რაულ ეშბა), გიორგი ონიანი (ჯუმბერ ბეთაშვილი), ნიკოლოზ მღებრიშვილი (გურამ ჯანიაშვილი), ლუკა აკობია (ვალმერ ბუტბა), გიორგი ანთიძე (ჯოკერი), ნიკოლოზ კალმახელიძე (მულტიკი); მეორეხარისხოვან როლებში მონაწილეობენ: გორგი კუტალია, რომან ნებიერიძე, გუგა ჩარგეიშვილი, მერაბ ზუზაძე, საბა გაგელიძე, საბა ჯოლოხავა, დათი ტატულიშვილი; სპექტაკლის რეჟისურა სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება – გიორგი ჭანტურიას, რეჟისორის თანაშემწე – ქეთა ჯოხაძე, გახმოვანება – ჯეკო დათუაშვილი, განათება: გვანცა ნოზაძე, გიორგი თათულაშვილი, ამირან ჩარგეიშვილი; ტექნიკური ჯგუფი: დავით ჭეიშვილი და კობა სულაძე.
სტუ-ის ადმინისტრაცია და საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუგზარ ბუცხრიკიძე მადლობას უხდის დრამატურგ მიხო მოსულიშვილსა და ყველა იმ პირს, რომელმაც სპექტაკლის შექმნაში წვლილი შეიტანა.
Related
Discussion at the Georgian Technical University – The Conflicts in Abkhazia and Samachablo through the Lens of History, International Law, and Geopolitics
An academic and student initiative has been launched at the Georgian Technical University – organized and supported by the Faculty...
The Scientific Council of the GTU Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support Announces a Competition
The Scientific Council of the Georgian Technical University’s Institute of Structures, Special Systems, and Engineering Support announces an open competition...
Special offer from the GTU “Tonus” swimming pool
GTU's swimming pool "Tonus" offers a 50% discount on subscriptions to university students and employees. The discounted subscription is available...
TUDA Idea Competition for Local and International Students: “A Neighbourhood Tailored to You!”
The Tbilisi Transport and Urban Development Agency (TUDA) announces the idea competition "A Neighbourhood Tailored to You! – Idea Competition...
UNI4VERSE FINEDU Information Session at GTU
GITA’s university competition gives students the chance to create innovative prototypes in financial education and technology and to travel to...
Georgian Technical University has published a collection of international conference theses in Georgian and Abkhazian languages
“For the first time, Georgian Technical University has created an opportunity to conduct scientific communication in Georgian and Abkhazian within...