სტუ-ში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
„47 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტებმა, პროფესორებმა, საზოგადოებამ ერთხმად აღიმაღლა ხმა და დაიცვა ეროვნული თვითმყოფადობის, აზროვნებისა და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის – ქართული ენის – სახელმწიფო სტატუსი. ეს იყო გამორჩეული სიმამაცის გამოვლენა უზარმაზარი ზეწოლის ფონზე. ქართული ენისთვის კონსტიტუციური სტატუსის გაუქმება არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი, ეს იყო თავდასხმა ენაზე, რომელითაც შეიქმნა უდიდესი ეროვნული და საკაცობრიო საგანძური, თავდასხმა მის ფესვებზე, მის კულტურაზე, მის მომავალზე“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
სტუ-ში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია – „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ, ანუ სტუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზნები, ამოცანები, მნიშვნელობები”, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.
აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს სახელმწიფო ენის დღეს, რადგან პედაგოგებსა და სტუდენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ენა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის, ის კულტურის, აზროვნებისა და სახელმწიფოებრიობის გამომხატველია.
„1978 წლის 14 აპრილს, სტუდენტები და ათასობით ადამიანი შეიკრიბა არა ძალაუფლებისთვის ან ხელისუფლებაში მოსვლისთვის, არამედ ეროვნულობის, ჩვენი მშობლიური ენის, ჩვენი მომავლის დასაცავად, იმისთვის, რომ ჩვენს მიწაზე, სადაც ქართული ენა უხსოვარი დროიდან იშვა, მის სახელმწიფო სტატუსს საფრთხე არ შექმნოდა. იცოდნენ მაშინ, თუ რა რისკის ქვეშ იდგნენ. უბრალო სტუდენტები იყვნენ, რომლებიც ბევრად ძლიერ სისტემას ეწინააღმდეგებოდნენ.
ახალგაზრდებო, გახსოვდეთ – თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მიგვიღია, ის თაობებმა მოიპოვეს, ისეთმა სტუდენტებმა, როგორებიც თქვენ ხართ. ისტორია მხოლოდ წიგნებში არ ცხოვრობს, ის თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებებშია – იმაში, როგორ საუბრობთ, როგორ იქცევით და როგორ იცავთ ფუნდამენტურ ღირებულებებს. არასოდეს დაგვავიწყდეს – „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, დავკარგავთ წარსულს, მომავალს და საკუთარ თავსაც, მაგრამ თუ მას მოვუვლით, განვავითარებთ და გადავცემთ მომავალ თაობებს, ვერცერთი ძალა ვერ მოგვერევა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალ თაობას მოგიწოდებთ, იაზროვნეთ არა მხოლოდ როგორც მეცნიერების და ტექნოლოგიის შემსწავლელებმა, არამედ როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის მცველებმა. ილაპარაკეთ ქართულად, წერეთ ქართულად, იაზროვნეთ ქართულად, დაიცავით ენა და ასწავლეთ მომავალ თაობებს, რომ 14 აპრილი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი – ეს არის ჩვენი დაუმორჩილებლობისა და სიცოცხლის უწყვეტობის დღე“, – განაცხადა რექტორმა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით – „ქართული და აფხაზური ენებით, კულტურებითა და ტრადიციებით მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველოთი ევროპისკენ, ანუ სტუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზნები, ამოცანები, მნიშვნელობები”, წარსდგა სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი, სტუ-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების მისიაზე, ასევე, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გადადგმული იმ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქართული და აფხაზური ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის ეპოქალური მნიშვნელობის მქონე კულტურულ გამოწვევებთან.
როგორც კონსტანტინე ფხაკაძემ აღნიშნა, სამეცნიერო ღონისძიება არსებითად ეხმიანება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენისა და მშვიდობიანი გზებით საქართველოს გაერთიანების მიზნებს.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს და ქართული პოეზიის შედევრები წაიკითხეს.
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფაკულტეტი, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობით, უცხოური ტერმინების განმარტებით ლექსიკონზე დაიწყებს მუშაობას და მას გამოსაცემად მოამზადებს.
დეკანის თქმით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ლექსიკონის ციფრულ ვერსიასაც შეიმუშავებს, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა, სტუ-ის სტუდენტებისა და პედაგოგების გარდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...