სტუ-ში პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას საჯარო ლექცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯაბა სამუშიას საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექცია – „თამარის ეპოქა“ – გაიმართა.
საჯარო ლექციათა ციკლს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, ორგანიზებას უწევენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.
საგანმანათლებლო-შექმეცნებით ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები და მოწვეული პირები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორის განცხადებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.
როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ცნობილი ისტორიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ჯაბა სამუშიას ლექცია – „თამარის ეპოქა“ – ახალგაზრდებს შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნისა და ქართველი ხალხის ძირითადი ღირებულებებისა და თვითმყოფადობის ჩამოყალიბების პროცესზე.
„ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც იმართება სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით და ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ღონისძიებათა ციკლში შესულია ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ლექცია – „თამარის ეპოქა“. ბატონი ჯაბა, მისთვის ჩვეული შესანიშნავი თხრობის სტილით, აუდიტორიას, რომლის უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ, გულგრილს არ ტოვებს და შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხანას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ეროვნული ფასეულობების განსაზღვრაში. დღევანდელობის ჭრილში, საჯარო ლექციათა ციკლი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროექტით ახალგაზრდობამდე უნდა მივიტანოთ მთავარი იდეა, რომლის გაცნობიერებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია – საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობის ნაწილია. რაც შეეხება ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს, მათ შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება – უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.
როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელმა ლექციის დაწყებამდე აღნიშნა, საქართველოში გარდამავალმა პერიოდმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინების გარეშე, რაც ეროვნული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეულად გაცნობიერებას მოითხოვს.
ლექციით – „თამარის ეპოქა“ – აუდიტორიის წინაშე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია წარსდგა. მეცნიერმა ისაუბრა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი მონარქის – თამარის შესახებ, რომლის მმართველობის პერიოდში საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თამარის ეპოქის გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ძლიერი სოციალურ-ეკონომიკური ბაზისი იყო. მეცნიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თამარის პერიოდის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებზე, რეფორმებსა და გადახდილ მნიშვნელოვან ბრძოლებზე.
საჯარო ლექციის დასასრულს, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს თამარის ეპოქაში განვითარებულ მოვლენებზე, დამატებით, არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა მიაწოდა.
ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.
პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.
ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...