სტუ-ის სტუდენტებმა და მკვლევრებმა TAD Week-ში მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და მკვლევრებმა თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულში (TAD Week) მონაწილეობა მიიღეს.
TAD Week-ი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით, ასევე, მთავარი პარტნიორების: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Politecnico di Milano, იტალია), ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+“-ის და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
მიმდინარე წელს, TAD Week-ის ქოლგის ქვეშ გაერთიანდა როგორც თბილისის არქიტექტურული კვირეული (TAW), ასევე, თბილისის დიზაინის კვირეული (TDW). შედეგად, TAD Week-ი ჩამოყალიბდა კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმად, რომლის მიზანი არქიტექტურის, ურბანისტიკის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და ხელოვნების სფეროს წარმოჩენა, ხელშეწყობა და განვითარებაა.
როგორც TAD Week-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი მარიამ ბოჭორიშვილი აღნიშნავს, კვირეულის ყოველწლიური ციკლური ღონისძიებები აერთიანებს შესაბამის სფეროებში მოღვაწე ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს, სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებს, სტუდენტებს, ენთუზიასტებსა და დაინტერესებულ მხარეებს. მისი თქმით, წლევანდელი TAD Week-ის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები: კონფერენციები, ლექციები, პანელური დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები, არქიტექტურული ტურები, რომლებზეც საქართველოს ტექნიკური და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტების მკვლევრებმა სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს პირადი გამოცდილება და სამეცნიერო სიახლეები გაუზიარეს, ასევე, არქიტექტურასა და ურბანისტიკაში უახლესი გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები გააცნეს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, მეცნიერების, არქიტექტურისა და დიზაინის სინერგია ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ხოლო თანამედროვე ურბანისტიკაში არსებული გამოწვევების დაძლევა მეცნიერებასთან მჭიდრო კოლაბორაციითაა შესაძლებელი.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, მკვლევრები წელსაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი TAD Week-ის მუშაობაში იტალიელ კოლეგებთან – მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად. 21-ე საუკუნეში, მეცნიერების, არქიტექტურის და დიზაინის სინერგიის გარეშე ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლა წარმოუდგენელია. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თანამედროვე ურბანისტიკასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები მხოლოდ მეცნიერებასთან მჭიდრო კოლაბორაციით თუ დაიძლევა. დარწმუნებული ვართ, წლევანდელი კვირეული ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი უნივერსიტეტისა და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს და იტალიის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, ორივე ქვეყნის ახალგაზრდებს შორის დიალოგის განვითარებას, კვლევითი და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც ახალი გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, ორივე ქვეყანას დიდად წაადგება“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.
თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA TBILISI) გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე თამარ ლომინაძემ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ხვედელიანმა. კვირეულის მონაწილეებსა და მიწვეულ სტუმრებს მიესალმნენ და მოკლე თემატური პრეზენტაციები წარუდგინეს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა: სტეფანო კაპოლონგომ, ანდრეა რებეკმა, მაურო ატილიო ჩეკონელომ, დავიდე სპალაცომ, ნორა ლომბარდინიმ და ელენა სოლერომ.
TAD Week-ის მუშაობა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე, სამ სექციად წარიმართა: სოციალური არქიტექტურა; დიზაინი კულტურისთვის; ურბანული რეგენერაცია კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით. სექციებზე ქართველმა და იტალიელმა მკვლევრებმა წარმოადგინეს მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის: არქიტექტურა და ჯანმრთელობა; ქალაქები და ჯანმრთელობა; დიზაინი კულტურული მემკვიდრეობისთვის; ურთიერთქმედების დიზაინი: ჰუმანიზაციის ტექნოლოგია; არქიტექტურული მემკვიდრეობის შეცნობა და გაძლიერება; ქალაქების ადაპტაცია ხელახალი გამოყენებისთვის და სხვა. აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით, კვირეულის სექციებში ჩატარდა არაერთი ლექცია, ვორქშოფი, პანელური დისკუსია და საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის და დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები.
TAD Week-ის ფარგლებში, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძემ, ვიზუალური მასალის თანხლებით, წარადგინა კვლევა – „თბილისის კულტურული მემკვიდრეობა არქიტექტურისა და დიზაინის მეშვეობით“. გარდა ამისა, ნინო იმნაძემ და სტუ-ის მკვლევრებმა – მარიკა ფოჩხუამ და ბესო ტატიშვილმა, იტალიელ კოლეგებთან კოლაბორაციით, თემებზე: „ურბანული რეგენერაცია კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით“ და „ურბანული ჯანმრთელობა“, სტუდენტებისთვის ვორქშოფები ჩაატარეს, ხოლო თემაზე – „თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია და მათი განვითარება თანამედროვეობის კონტექსტში“ – პანელური დისკუსია გამართეს.
თბილისის არქიტექტურისა და დიზაინის კვირეულის (TAD Week) სექციების, სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების მონაწილე სტუდენტებს ორგანიზატორებმა სერტიფიკატები გადასცეს.
Related
Rector of GTU Congratulates Colleagues on International Science Day
The Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates scientists, researchers, doctoral students, and colleagues on International Science...
GTU Responds to Articles Published in the Newspaper “Asaval-Dasavali”
The Georgian Technical University addresses a series of articles published in issue 86/87 of the newspaper “Asaval-Dasavali” (dated November 9,...
Rector of the GTU Expresses Condolences on the Passing of Professor Nino (Neli) Chichinadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his condolences to...
The Niko Muskhelishvili Institute of Computational Mathematics at the Georgian Technical University has won another international grant project under the “Horizon Europe” framework
“Participation in the WARIE project – funded through “Horizon Europe” – serves as further confirmation of our university’s scientific potential,...
Announcement of the Council of the Faculty of Law and International Relations on Calling the Election for the Position of Head of the Faculty Quality Assurance Office
In accordance with Article 25 of the Law of Georgia "On Higher Education"; Article 22 of the Charter of the...
Students from the Faculty of Business Technologies at the GTU met with representatives from TBC Concept
Organized by the Career Development Service, the meeting between students from the GTU Faculty of Business Technologies and representatives of...