სტუ-ში სტუდენტური მუსიკალური კონკურსი – „სტუ სტარი 2026“ დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოპულარულმა სტუდენტურმა მუსიკალურმა კონკურსმა – „სტუ სტარი 2026“ სტარტი აიღო. ახალგაზრდული ღონისძიების I ტურში – „მიქსი“, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა, შესარჩევ ტურში გამოვლენილი ცხრა საუკეთესო შემსრულებელი სტუდენტი მონაწილეობდა.
საუნივერსიტეტო პროექტი „სტუ სტარი“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, გასული საუკუნის 90-იან წლებში უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ერთ-ერთი ლიდერის, გოგა გიორგობიანის ხსოვნას ეძღვნება, კულტურულ და შემოქმედებით აქტივობებში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობის, ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენის და მათი მხარდაჭერა-პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად იმართება.
„სტუ სტარი“, რომელმაც მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა სტუდენტთა შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროექტის ავტორია ნათია ივანაშვილი, ხოლო ორგანიზატორი ავტორთან ერთად – სტუ-ის სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. „სტუ სტარი 2026“-ის მუსიკალური ხელმძღვანელია მუსიკოსი ქეთევან ოძელაშვილი, მონაწილეთა შეფასებას ახორციელებს 5-წევრიანი ჟიური, რომლის მეხუთე წევრი თითოეული ტურის მუსიკალური ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით იცვლება.
ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში „სტუ სტარის“ მონაწილე სტუდენტებს მიესალმა და წარმატება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ისეთი ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც უნივერსიტეტის მდიდარ შემოქმედებით და კულტურულ ტრადიციებს აგრძელებს.
„სიხარულითა და სიყვარულით მივესალმებით ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს – კონკურსის მონაწილეებს, რომელთა მონდომებით, შრომით, ნიჭიერებითა და მუსიკისადმი სიყვარულით წლევანდელი „სტუ სტარი“ დაუვიწყარი გახდება სტუდენტებისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. მადლობას ვუხდი კონკურსის ავტორს, ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს, რომელთა ძალისხმევით, დარწმუნებული ვარ, „სტუ სტარი 2026“ წარმატებით განხორციელება. მადლობა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს ვატო ბააკაშვილს, მოწვეულ სტუმრებს, ჩვენი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტურ გუნდებს, რომლებიც მზად არიან კონკურსის სამივე ტურზე დაუღალავად უგულშემატკივრონ ფავორიტ შემსრულებლებს.
ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება და ყოველთვის ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რასაც სტუდენტობის პერიოდში მათ თავიანთი ალმა-მატერი სთავაზობს. დარწმუნებული ვარ, წლევანდელი „სტუ სტარი“ არაერთ ნიჭიერ სტუდენტს გამოავლენს და გაუხსნის გზას.
ეს კონკურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული და შემოქმედებითი ტრადიციების პატივისცემით იმართება და არ არის შემთხვევითი, რომ პროექტიც ჩვენი უნივერსიტეტის 90-იანი წლების ახალგაზრდობის ლიდერისა და კურსდამთავრებულის, ახალგაზრდული იდეებითა თუ პროექტებით გამორჩეული და მშობლიურ უნივერსიტეტზე უზომოდ მზრუნველი ადამიანის – გოგა გიორგობიანის ხსოვნას ეძღვნება – ნიშნად უსასრულო კავშირისა წარსულსა და აწმყოს შორის და სწრაფვისა საუკეთესო მომავლისკენ. კონკურსი ხელს უწყობს სტუდენტებში კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, ავითარებს გუნდურობის პრინციპებს. სწორედ მსგავსი პროექტებით იბადებიან სცენის ახალი ვარსკვლავები, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ საინჟინრო თუ ჰუმანიტარულ დარგებში ხდებიან ლიდერები, არამედ სხვა განსაკუთრებული ნიჭით, მათ შორის შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩევიან“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.
კონკურსის I ტურის დაწყებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, გოგა გიორგობიანის ხსოვნის პატივსაცემად, მისმა მემორიალურმა ფოტომ უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერთა, პედაგოგთა და სახელოვან კურსდამთავრებულთა გალერეაში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა.
ცერემონიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, გოგა გიორგობიანი ოჯახის წევრები და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი ესწრებოდნენ.
კონკურსის I ტურის მონაწილე სტუდენტები – სამშენებლო ფაკულტეტიდან რეზო ჭიპაშვილი, არქიტეტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან ნინი ჯაფარიძე და თემუკა ცინცაძე, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან თაკო ტარუღიშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან რუსა მელიქიძე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ნურანა შიუკაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან მარიამ ნარიმანიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტიდან ნინი იმნაძე და აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან იკაკო ალექსიძე – მაყურებლის წინაშე ცოცხალი ბენდის თანხლებით, ქართული და უცხოური ჰიტებით წარდგნენ და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ სტარის“ II ტურში, თემით „კინომუსიკა“, რომელიც მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართება, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე ცნობილი კინომელოდიების ინტერპრეტაციებით მხოლოდ შვიდი საუკეთესო შემსრულებელი წარდგება.
მიმდინარე წლის 26 მარტს, „სტუ სტარის“ ფინალურ ღონისძიებაში 5 ფინალისტი მიიღებს მონაწილეობას. ჟიური კონკურსის გამარჯვებულ ორ სტუდენტს – 2026 წლის „სტუ სტარს“ და II საპრიზო ადგილზე გასულ შემსრულებელს გამოავლენს; რაც შეეხება „სტუ სტარის“ გალა კონცერტს, მასში მონაწილეობას ყველა კონკურსანტი მიიღებს.
Related
GTU Master’s Student Completes One-Year Internship at the International Atomic Energy Agency (IAEA)
Elene Chikviladze, a second-year student of the Applied Geology Master’s Educational Program at the Faculty of Mining Geology and Sustainable...
GTU Students and Professors Visit the Diocese of Akhalkalaki and Kumurdo
Students and professors of the Architecture Educational Program of the Faculty of Architecture, Urbanism and Design, together with representatives of...
GTU Student Conducts Biostratigraphic Study of Upper Cretaceous Sediments in Racha
A fourth-year student of the Faculty of Mining Geology and Sustainable Mountain Development of the Georgian Technical University conducted a...
Students of the GTU Faculty of Mining Geology and Sustainable Mountain Development participate in the “RMG” Summer School
“Participation in the “RMG” Summer School is a particularly important opportunity for students of the Faculty of Mining Geology and...
Graduation Ceremony Held at the Faculty of Business Technologies
A graduation ceremony was held at the Faculty of Business Technologies of the Georgian Technical University for the Class of...
AI Hackathon – “BrainHack-AI 2026” Held at the Faculty of Informatics and Control Systems
The Faculty of Informatics and Control Systems of the Georgian Technical University hosted the large-scale artificial intelligence hackathon “BrainHack-AI 2026.”...


