სტუ-ის პროფესორთა, მკვლევართა და სტუდენტთა პეტიცია უნივერსიტეტების შერწყმის შეჩერების მოთხოვნით

სიახლეები

პეტიცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და საგანმანათლებლო პროცესით დაინტერესებული პირები გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების შესახებ.

104 წლის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს ქართული ტექნიკური და საინჟინრო განათლების ფუნდამენტს. მისი ჩამოყალიბება უკავშირდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელებს, როგორებიც არიან ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ანდრია რაზმაძე, ალექსანდრე დიდებულიძე, გიორგი ნიკოლაძე და მრავალი სხვა, რომელთა ხედვით, აუცილებელი იყო ეროვნული ტექნიკური განათლების სისტემის ცალკე ინსტიტუციად განვითარება.

ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსალურ სასწავლო-კვლევით დაწესებულებად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის ინდუსტრიული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული სექტორების განვითარებაში. ასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის ტაძარია საქართველოში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუკუნოვანი დამსახურება მსოფლიოს წინაშე იყო აღიარებული მსოფლიო საზოგადოების მიერ და ჩატარდა UNESCO-ს ეგიდით. დიდი ილია თავის დროზე ამბობდა – „თუ ქვეყანას 12 განათლებული ინჟინერი ეყოლება, ის უფრო სწრაფად და მყარად განვითარდება, ვიდრე, მხოლოდ, სიტყვით მოაზროვნე ადამიანებით”. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არათუ 12, არამედ მისი 104 წლის ისტორიის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი პროფესიონალი ინჟინერი გაუზარდა საქართველოს, შექმნა და ფეხზე დააყენა ეს ქვეყანა და ასეთ დამოკიდებულებას არც ჩვენი ისტორია, არც აწმყო და არც მომავალი არ იმსახურებს. ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელმაც დაუშვა ცოდნის ტაძრის დანგრევა და ქვეყნის დაბრუნება 100 წლით უკან, უფესვებო, უმომავლო საქართველოში.

ყოველგვარი არგუმენტის, მსჯელობისა და დისკუსიის გარეშე, უმსხვილესი უნივერსიტეტების ხელოვნური გაერთიანება არათუ არ გამოიწვევს ერთი რომელიმეს რეიტინგის ამაღლებას და განვითარებას საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, არამედ წარმოქმნის უმართავ ადმინისტრაციულ პროცესებს, ხელს შეუშლის ჯანსაღ კონკურენციას, დასწევს სწავლის ხარისხს და შეზღუდავს სტუდენტების არჩევანის თავისუფლებას.

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის შესაბამისად, დაცულია ინსტიტუციური აკადემიური თავისუფლება და სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ხელი შეუწყოს განათლებისა და მეცნიერების განვითარებას.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-10 ე მუხლები ადგენს უმაღლესი განათლების ძირითად პრინციპებს, მათ შორის აკადემიურ თავისუფლებასა და ინსტიტუციურ ავტონომიას:

მე-16 მუხლი ამკვიდრებს უნივერსიტეტის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარების სტრატეგია და სტრუქტურა. აღნიშნული ნორმების სისტემური განმარტება ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტის იძულებითი შერწყმა სხვა დაწესებულებასთან, მისი აკადემიური საზოგადოების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს ავტონომიის შეზღუდვას და ეწინააღმდეგება კანონის მიზანსა და სულისკვეთებას.

ამასთან, საქართველო არის ბოლონიის პროცესის მონაწილე სახელმწიფო და აღიარებს მის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა შორის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებს უნივერსიტეტების ინსტიტუციური ავტონომია, აკადემიური თავისუფლება, უმაღლესი განათლების სისტემის უნივერსალურობა და მრავალფეროვნება. სწორედ ბოლონიის პროცესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაცვით ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არაერთგზის გაიარა ავტორიზაცია, პროგრამული აკრედიტაცია და დაიმკვიდრა ღირსეული პარტნიორის ადგილი მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო და კვლევით ცენტრებთან. ჩვენ ჩვენი ხმამაღალი სიტყვა გვეთქმის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში, ისეთებში, როგორიცაა CERN, KEK, FermiLab, Julich და მრავალი სხვა, ჩვენი მეცნიერების შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიებით მიმდინარეობს დღეს ექსპერიმენტები ცენტრებში, რომლებიც სამყაროს წარმოქმნის შეცნობას და მომავლის შექმნას ემსახურებიან, ჩვენმა ინჟინრებმა გაუშვეს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი კოსმოსში და ახლა, NASA-თან ერთად, მის თანამედროვე ვერსიაზე მუშაობენ, ჩვენ ვავითარებთ სამთო მეცნიერებას და გეოლოგიას, მეტალურგიას, ვამაყობთ უნიკალური შახტა-ლაბორატორიით, რომლის ანალოგის ევროპაშიც კი ძნელად მოიძებნება, გვაქვს ულტრა-თანამედროვე სამშენებლო ლაბორატორია, პირველები ვართ სატრანსპორტო და არქიტექტურის მიმართულებით, ჩვენი აგრარული მიმართულების პროგრამები ევროპაშია აღიარებული, ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორდიპლომიან პროგრამებს სასურსათო ტექნოლოგიაში, მევენახეობა მეღვინეობა, დიზაინი, გვაქვს ABET აკრედიტებული პროგრამა ბიოსამედიცინო ინჟინერია, სულ მალე გვექნება სამოქალაქო ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია. ჩვენი მეცნიერები ნომერ პირველია საქართველოში ციტირების ინდექსებით და საერთაშორისო ცნობადობით, მაგრამ, ყველა ამ მიღწევის მექანიკური ჯამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებთან ვერ მოემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგის ზრდას, პირიქით, ეს ორივე ამ უძველესი ინსტიტუციის უკუსვლას გამოიწვევს.

დეკლარაცია (ქარტია), რომელიც განსაზღვრავს უნივერსიტეტების ფუნდამენტურ ღირებულებებს მთელ მსოფლიოში Magna Charta Universitatum (1988) პირდაპირ აცხადებს, რომ უნივერსიტეტი არის ავტონომიური ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებელია პოლიტიკური და ადმინისტრაციული ზეწოლისგან და თავად განსაზღვრავს სწავლებისა და კვლევის სტრატეგიულ მიმართულებებს.

საჯარო მმართველობაში მოქმედებს პროპორციულობისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების პრინციპები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი რეფორმა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ და მკაფიოდ განსაზღვრულ მიზანს, იყოს აუცილებელი და ნაკლებად შემზღუდავი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყმა სხვა უნივერსიტეტთან ვერ ჩაითვლება ნაკლებად შემზღუდველ საშუალებად, როდესაც შესაძლებელია მიზნების მიღწევა უნივერსიტეტის დამოუკიდებელი განვითარების გზით.

ამიტომ მოვითხოვთ:

1. შეჩერდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების პროცესი;

2. ნებისმიერი სტრუქტურული გადაწყვეტილება დაეფუძნოს საჯარო და დასაბუთებულ განხილვას;

3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.

ან, მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების დაცვა და წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის საკითხს და ემსახურება ქვეყნის გრძელვადიან საგანმანათლებლო, სამეცნიერო – ტექნოლოგიურ განვითარებას.

პეტიციის ბმული: https://www.petitions.com/gtu-petition

ქართულენოვანი პეტიციის ბმული: https://ka.petitions.com/gtu-petition


მსგავსი

სიახლეები

სტუ თბილისის მერიის პროგრამის -„ისწავლე და დასაქმდი“ – ფარგლებში ხუთ ინტენსიურ მოკლევადიან პროფესიულ კურსზე მიღებას აცხადებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ - ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „სტუ-ის პროფესიული მომზადების კურსები“...

სიახლეები

დისკუსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები ისტორიის, საერთაშორისო სამართლისა და გეოპოლიტიკის ჭრილში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლის - „აფხაზეთის დაცემის კვირეული“, ფარგლებში აკადემიური და...

სიახლეები

სტუ-ის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი...

სიახლეები

სტუ-ის საცურაო აუზის, „ტონუსის” სპეციალური შეთავაზება

სტუ-ის საცურაო აუზი „ტონუსი“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს აბონიმენტებზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეღავათიანი აბონიმენტით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 07:00 საათიდან...

სიახლეები

იტალიური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა სტუ-ის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „დანტეს კაბინეტი“ სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. რეგისტრაციის ვადა 6...

სიახლეები

TUDA-ს იდეების კონკურსი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის – „თქვენზე მორგებული უბანი!“

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA) აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი! - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“....

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?