სტუ-ის სტუდენტის, დიმიტრი კაზაროვის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის, ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში საკურსო თემის ფარგლებში იმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატების 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს (USIPB 2025) გამარჯვებულ ნამუშევართა შორისაა.
დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სერტიფიკატი, რომელსაც ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი კრისტოფერ სკოტი და ვიცე-პრეზიდენტი რაიან სლოუნი, სულ ახლახან მიიღო.
სტუ-ის ბაკალავრის პოსტერებმა გამარჯვება კონკურსზე წარდგენილ 11 845 ნამუშევარს შორის მოიპოვა.
აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს ორგანიზატორთა ინფორმაციით, დიმიტრი კაზაროვის ავტორობით შესრულებული პოსტერები – „გეოთერმული აბსტრაქცია“ და „შერმანი – კეთილი გოლიათი“ – ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით არის გამოფენილი, ასევე წარმოდგენილია USIPB-ის ვებგვერდზე, D კატეგორიაში – „ეროვნული პარკები“, შემდეგ ბმულზე.
როგორც სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი მალხაზ რაზმაძე აღნიშნავს, ფაკულტეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა USIPB 2025-ის აღიარება თანამედროვე პოსტერის შექმნის პროცესში მიღწეული სრულყოფილებისა და კრეატიულობისთვის მიიღო, რაც მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებსა და მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა.
„დიზაინის საერთაშორისო სკოლამ განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი – დიმიტრი კაზაროვი, თავისი ორი ნამუშევრით, ამერიკის 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია. მისი ორივე ნამუშევარი კონკურსის ჟიურიმ შეარჩია სრულყოფილების, კრეატიულობის და თანამედროვე ტენდენციების გონივრულად გააზრებისა და კონცეპტუალურ-ვიზუალური სიცხადის გამო.
სერტიფიკატს, რომელიც ჩვენმა სტუდენტმა სულ ახლახან მიიღო, ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი წარმატებაა“,
– პროფესორი მალხაზ რაზმაძე.
ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, ეს მიღწევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც სტუდენტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის, რომელიც მიზანმიმართულად ზრდის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალებს.
„გულითადად ვულოცავ ჩვენს სტუდენტს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. დიმიტრი კაზაროვის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად რეალიზება. უნდა აღინიშნოს დიზაინის საერთაშორისო სკოლის აკადემიური გუნდის როლი, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ დიზაინ-აზროვნებასა და ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.
თანამედროვე მსოფლიოში პოსტერი აღიქმება, როგორც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას შორის კომუნიკაციის, ზოგადსაკაცობრიო გამოწვევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი. სწორედ ასეთ კონტექსტში, ჩვენი სტუდენტის წარმატება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს – მან საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო, ჩვენი უნივერსიტეტი და მისი დიზაინის საერთაშორისო სკოლა.
ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდას! დარწმუნებული ვარ, დიმიტრი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს და საკუთარი შემოქმედებით მეტად გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას გლობალურ სივრცეში“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი – წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე რწმენის, სულიერი სიმტკიცის, თავდადებისა და სიკეთის მარადიული გამარჯვების სიმბოლოა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წმინდა დიდმოწამე...
სტუ-ის რექტორი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა...
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს ნინო წილოსანი ეწვია
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი...
სტუ-ში ორგანიზაციის „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა – უნივერსიტეტსა და ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საკუთარ მისიას განიხილავს როგორც უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, ასევე, ეროვნული ინტელექტუალური, კულტურული და საზოგადოებრივი ღირებულებების...
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს
„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...
სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...
