სტუ-ის რექტორი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუდენტებს ულოცავს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და თითოეულ მათგანს წარმატებულ სტუდენტურ წლებს, ცოდნისა და პროფესიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან მიღწევებს, წინსვლასა და დასახული მიზნების განხორციელებას უსურვებს.
„ძვირფასო სტუდენტებო!
გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!
17 ნოემბერი განსაკუთრებული თარიღია, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ახალგაზრდობის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე თაობას აკისრია.
სტუდენტთა საერთაშორისო დღე თავისუფლების, ცოდნისკენ სწრაფვის, თანასწორობის, სოლიდარობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის სიმბოლოა. ეს დღე გვახსენებს, რომ განათლება საზოგადოების პროგრესის, დემოკრატიული განვითარების, სოციალური სამართლიანობისა და სახელმწიფოს მდგრადი მომავლის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
განსაკუთრებული სითბოთი მივმართავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს -მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათ, ვინც უკვე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობაში, და მათაც, ვინც უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო სივრცეში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას.
ძვირფასო სტუდენტებო,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისი ასწლოვანი ისტორიული ტრადიციებით, აკადემიური გამოცდილებითა და სამეცნიერო პოტენციალით, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტუდენტობას, როგორც უნივერსიტეტის უმთავრეს ღირებულებასა და მისიის განხორციელების მთავარ საფუძველს. ჩვენი უნივერსიტეტის ისტორია განუყოფელია იმ თაობების ისტორიისგან, რომლებმაც პროფესიონალიზმით, მეცნიერული მიღწევებითა და შრომით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, საინჟინრო, სამრეწველო, კულტურულ და საზოგადოებრივ განვითარებაში.
თანამედროვე მსოფლიო სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ციფრული ტრანსფორმაცია, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ახალი მიღწევები, ეკოლოგიური გამოწვევები და გლობალური ეკონომიკური პროცესები სრულიად ახალ მოთხოვნებს აყენებს განათლების სისტემისა და მომავალი პროფესიონალების წინაშე.
ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ღირსეულად დაიმკვიდრონ ადგილი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში, გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, მკვლევრები, ინჟინრები, ტექნოლოგები, მეწარმეები და ლიდერები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გაცემას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტური ჩართულობა უნივერსიტეტის მართვისა და განვითარების პროცესებში. უნივერსიტეტი ცოცხალი აკადემიური ორგანიზმია, რომლის განვითარებაც წარმოუდგენელია სტუდენტთა მოსაზრებების, საჭიროებების, ინიციატივებისა და პასუხისმგებლიანი თანამონაწილეობის გარეშე. სტუდენტების ხმა, მათი კრიტიკული აზრი და კონსტრუქციული მონაწილეობა ქმნის იმ აკადემიურ გარემოს, რომელშიც ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა, სამართლიანობა და თანამშრომლობა უმთავრეს ღირებულებებად გვევლინება.
ძვირფასო ახალგაზრდებო,
თქვენ ხართ თაობა, რომლის წინაშეც განსაკუთრებული შესაძლებლობები და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას. საქართველოს განვითარება, მისი ეკონომიკური სიძლიერე, ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა, სამეცნიერო პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა დიდწილად სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. ქვეყანას სჭირდება განათლებული, კომპეტენტური, თავისუფალი და ღირსეული ახალგაზრდები, რომლებსაც ექნებათ არა მხოლოდ საკუთარი წარმატების მიღწევის სურვილი, არამედ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებული განცდაც.
გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას, ღირსეულ პროფესიულ მომავალსა და დიდ გამარჯვებებს!“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
მსგავსი
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს
„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია...
სტუ-ის რექტორი პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პოეტ ალექსანდრე (საშა) გველესიანის გარდაცვალების...
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ევროპის სამეცნიერო ქსელ NEMOR-ის წევრი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოფიციალურად შეუერთდა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სამეცნიერო-კვლევით გაერთიანებას - NEMOR (Network for...
სტუ-ის რექტორი სტუდენტ საბა ლაზიშვილს Real American Freestyle-ის სადებიუტო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს, საბა ლაზიშვილს, აბუ-დაბიში...
სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: ვახტანგ გომელაურის...
სტუ-ის რექტორი პროფესორ ლევან ჯაფარიძეს 90 წლის იუბილეს და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილი ქართველი მეცნიერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს საინჟინრო, რუსეთის სამთო მეცნიერებათა...